
თორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელიას ფანტასტიკური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. ბასკონიას ქართველმა ფორვარდმა მადრიდში დიდებულად ითამაშა და თავის გუნდს "ფუენლაბრადა" 98:82 (სტატისტიკა) დაამარცხებინა. საქმე ისაა, რომ შენგელიას მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა მიმდინარე სეზონში საუკეთესოა. ეს გახლდათ 21 ტურის მატჩი და აქამდე ჩატარებულ არც ერთ შეხვედრაში მარგი ქმედების ასეთი მაღალი (44) ინდექსი არავის დაუფიქსირებია.
აქამდელი რეკორდი 43 გახლდათ და ის ბარსელონას ვარსკვლავმა - ნიკოლა მიროტიჩმა მე-4 ტურში დააფიქსირა, რითაც, რა თქმა უნდა, ტურის MVP გახდა. ალბათ არც იმას გაუვა წყალი, რომ შენგელია მიმდინარე ტურის (1 მარტს 5 მატჩია) საუკეთესო მოთამაშე გახდება. სხვათა შორის, მიმდინარე ჩემპიონატში მიროტიჩის შემდეგ გიორგი შერმადინის შედეგი მოდის, რომელიც 42-ის ტოლია.
გამარჯვებულის ვინაობის გარკვევას ოვერტაიმი დასჭირდა. შენგელიამ 42 წუთი დაჰყო მოედანზე, რა დროშიც 32 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 14-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ ბურთი საკუთარ ფარზე 9-ჯერ მოხსნა, ხოლო 4-ჯერ მეტოქის ფარზე ითამაშა კარგად. ქართველი კალათბურთელი ულაპარაკოდ გახდა მატჩის MVP და უდიდესი ალბათობით, ტურის საუკეთესოდაც აღიარებენ.
13 მოგებითა და 8 წაგებით ბასკონია მე-5 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 8 მარტს, გიორგი შერმმადინის ტენერიფეს დაუპირისპირდება.

გიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ნაკრებში შედეგიანი თამაში შერმადინმა კლუბშიც განაგრძო და ტენერიფელთა გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ.
შერმადინის გუნდმა "ხუვენტუდს" უმასპინძლა და 6 ქულის სხვაობით - 96:90 დაამარცხა. შერმადინი ბოლო პერიოდამდე შედარებით ინერტული იყო და მხოლოდ 7 ქულა ჰქონდა მოგროვებული, თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში იმდენად კარგად ითამაშა, რომ მატჩი კი 19 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა. ამ ყველაფრის მოსაგროვებლად გიორგის 27 წუთი დასჭირდა. "ტენერიფეს" ბომბარდირი 25 ქულითა და 16 პასით მარსელინიო უერტასი გახდა. მატჩის სნაიპერი კი "ხუვენტუდის" სლოვენიელი მსროლელი კლემენ პრეპელიჩი გახდა.
14 მოგებითა და 7 მარცხით ტენერიფე 18-გუნდიან ლიგაში მე-4 ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას კი 8 მარტს, ვიტორიაში, შენგელიას "ბასკონიასთან" გამართავს.

ბექა ბურჯანაძე
ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ". კუნძულელების მეტოქე ცხრილში გვარიანად მაღლა მყოფი "ანდორა" გახლდათ, რომლის ღირსებასაც ბურჯანაძე 2 წლის წინ იცავდა. შეხვედრა ანდორაში გაიმართა და ის კანარელთა გამარჯვებით - 70:60 დასრულდა.
გამარჯვებაში თავისი, არცთუ მოკრძალებული წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო. ბურჯანაძემ 16:47 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულას მოუყარა თავი. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
გრან კანარიას ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატში 20 ქულა დაუგროვდა და მე-11 ადგილზეა. გუნდი პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის. ბურჯანაძის კლუბს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და მომდევნო ტურში ვალენსიას მასპინძლობს.

დუდა სანაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებულმა დუდა სანაძემ თავის კლუბში პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩი გამართა და საუკეთესოც იყო. ქართველი უკანახაზელის მონაგარს ეშხს მხოლოდ "ოლივეირენშეს" წაგება უკარგავს, რომელიც სანაძის გუნდმა კუნძულ მადეირაზე, ამავე სახელწოდების გუნდთან ბოლო წამებზე განიცადა - 82:84.
სანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26:19 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. დუდამ 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და ზუსტად ასეთი შედეგიანობით ისროლა ორიანებიც. საბოლოო ჯამში ქართველი ლეგიონერი თავის კლუბში საუკეთესო იყო. 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა შონ მილერმა, ხოლო შარშან ქართულ "მეგა ბასკეტში" მოთამაშე კორი სანდერსმა "ოლივეირენშეს" 13 ქულა შესძინა.
13 მოგებითა და 8 მარცხით სანაძის გუნდი მე-4 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 8 მარტს, მე-3-ზე მყოფ "პორტოსთან" სტუმრად გამართავს.

სანდრო მამუკელაშვილი
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კონფერენციის ჩემპიონობისკენ მიიწევს. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "მეკობრეები" პირველ ადგილზე არიან. სეტონჰოლელებმა გასულ მატჩში სტუმრად "მარკეტი" 88:79 (სტატისტიკა) დაამარცხეს, ქართველმა ფორვარდმა კი 26 ქულით მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დააფიქსირა. აქამდე მისი მაქსიმუმი 17 ქულა იყო, რომელიც ქართველ ფორვარდს ვილანოვასთან ჰქონდა მოგროვებული.
სანდრო საოცარი სიზუსტით ისროდა - თამაშიდან განხორციელებული 13 სროლიდან 10 ჩააგდო, მათ შორის სამივე სამქულიანი ზუსტი იყო. ქართველმა ფორვარდმა სამივე საჯარიმოც ზუსტად შეასრულა. ორმაგ დუბლამდე მას მხოლოდ მოხსნა დააკლდა, რადგან საკუთარ ფარზე ბურთი 8-ჯერ მოხსნა, შეტევაში კი - ერთხელ. მის ანგარიშზე 3 პასიც გახლდათ. მამუკელაშვილმა ორჯერ ბურთი დაკარგა და ის ორჯერ დაჯარიმდა.
მაილს პაუელმა სეტონ ჰოლს 28 ქულა მოუტანა, რასაც 5 პასი დაუმატა. სანდრომ და მაილსმა ერთად სეტონ ჰოლის 88 ქულიდან 54 ჩააგდეს: "ერთად თამაში გვიყვარს და გამოგვდის და ამისგან სიამოვნებას ვიღებთ", - განაცხადა სანდრომ თამაშის შემდეგ მისი და მაილს პაუელის დუეტზე.
app.com მამუკელაშვილზე: "როგორ უნდა დაიცვა თავი 211 სმ. სიმაღლის ფორვარდისგან, რომელსაც შესანიშნავი ხელები აქვს და მოედნის ხედვა, რომელსაც შეუძლია შორიდან სროლაც და ფარქვეშ შეჭრაც? დიახ, ვერანაირად! როცა სანდრო საუკეთესოდ თამაშობს, მაილს პაუელს სიმძიმე ეხსნება მხრებიდან. ნახეთ მამუკელაშვილის ციფრები: 26 ქულა, 13-დან 10 ზუსტი სროლა, მათ შორის 3 სამქულიანი, 9 მოხსნა, 3 პასი - ეს ხომ თითქმის უნაკლო შედეგია".
კონფერენციაში სეტონ ჰოლს მხოლოდ ორი მატჩი დარჩა - შინ ვილანოვასთან და სტუმრად კრეიტონთან. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილის გუნდი ამერიკის სტუდენტური ლიგის ოფიციალურ რეიტინგში მე-13 ადგილზეა, რაც იმის კვალობაზე, რომ NCAA-ში მთლიანობაში 480-ამდე გუნდია, ძალიან მაღალი შედეგია.





ჩვენ








