14 ტურის შემდეგ, სუპერლიგას ბათუმი ლიდერობს
14 ტურის შემდეგ, სუპერლიგას ბათუმი ლიდერობს
29.02.2020
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

სანაკრებო შესვენების შემდეგ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა განახლდა. 


დინამო - ვერა 74-66


სუპერლიგის დღევანდელი მატჩები დინამოსა და ვერას დაპირისპირებით დასრულდა. პირველი წრის შემდეგ მეორეზე მყოფი დინამოელები 2 წაგებით ცხრილში გვარიანად დაქვეითდნენ და დღევანდელი მატჩი მათთვის რეაბილიტაციის საშუალება იყო. ვერელებს კი მეორე წრის სამივე მატჩი ჰქონდათ მოგებული და დინამოელთა დამარცხებით მეორე ადგილზე მყოფ თსუ-ს უთანაბრდებოდნენ.


ყველაფერი ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ამ შეხვედრას საკმაოდ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მატჩიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, რომელიც ბოლო წუთამდე დაძაბული იყო და დინამოელთა გამარჯვებით - 74:66 (სტატისტიკა) დასრულდა. ვერელები მესამე პერიოდში 19 ქულით ჩამორჩნენ, თუმცა გუნდის მწვრთნელი - ირაკლი ხოშტარია მკაცრად მიჰყვებოდა არჩეულ ტაქტიკას და ბოლო მეოთხედში თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა.


ვერელები უფრო სწრაფ გარღვევებზე და საშუალო სროლებზე იყვნენ ორიენტირებულნი, დინამომ კი თავიდანვე შეტევის იარაღად შორი სროლები აირჩია და საბოლოოდ ამ კომპონენტის მაღალშედეგიანობით გამოყენების გამო იმარჯვა. საბოლოოდ დინამოელებმა 15 სამქულიანი ჩააგდეს, რაც მეტოქეზე 6-ით მეტი აღმოჩნდა და ეს საკმარისი იყო ამ შეხვედრის მოსაგებად. ვერელებმა 19-ქულიანი ჩამორჩენა ბოლო პერიოდში 3-ამდე შეამცირეს, თუმცა ეს გამოდგა მაქსიმუმი. ისევ სამქულიანების გამოყენებით დინამოელებმა ლიდერობა 8-10 ქულამდე გაზარდეს და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს.


დინამოში 15 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ტაილერ უილიამსი. 14-14 ქულა ლუკა ბულაშვილმა და კევინ ობრაიანმა მიითვალეს. ვერაში 23 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო მაიკ ჰიუზი. ბრენდონ სლაიმ 16 ქულა მიითვალა.


მგზავრები - ტიტები 78-74


მე-14 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები - მგზავრები და ტიტები შეხვდნენ. შესაბამისად, მოგებას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს განსაკუთრებით ბოლო ადგილზე მყოფ მგზავრებზე ითქმის, რომელსაც მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე ნაკრები - 3 მოგება ჰქონდა და დღევანდელ შეხვედრის წაგება "ა" ლიგაში დაქვეითების მთავარ კანდიდატად აქცევდა. 


ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა მგზავრებმა ბოლომდე იბრძოლეს და მეტოქეს მოგება ხელიდან გამოჰგლიჯა. ლაშა გამყრელიძის გაწვრთილმა ტიტებმა კი დასანანი მარცხი იგემა. ბოლოსწინა წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა დასკვნით ეპიზოდში ქებული დაცვისა და ზუსტი შეტევის ხარჯზე მგზავრებმა გამარჯვებისთვის საჭირო უპირატესობა მოიპოვეს. 


ეს მგზავრებმა ძირითადად საჯარიმოებით მოახერხეს. ბოლო წუთებზე სოსო გოგნაძემ, ლოველ ქაბილმა და ჯოზეფ როკამ აუღელვებლად შეასრულეს სროლები და როცა საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე სხვაობა 4 ქულამდე გაიზარდა, გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა. საბოლოოდ მგზავრებმა 78:72 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს, რაშიც ლომის წილი 27 ქულისა და 12 მოხსნის მიმთვლელ ტაჯ სპენსერს მიუძღვის. 15 ქულა დააგროვა დარელ ქომბსიმ, ხოლო ჯოზეფ როკამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. ტიტებში 20 ქულით ლუკ მეიერი გამოირჩა, 11-11 ქულა კი კორი სპენსმა და ტრისტინ უოლემ მოაგროვეს. 


ამ გამარჯვებით მგზავრები ცხრილში გაუთანაბრდა 4 მოგების მქონე "ცხუმ-აფხაზეთს", ხოლო ტიტები ამ გუნდებს მხოლოდ 1 ქულითღა უსწრებს.


ამ მატჩის წინ საინტერესო და განსხვავებული სოლიდარობის აქცია იხილა გულშემატკივარმა. ტიტების ახალგაზრდა მოთამაშემ, 20-წლამდელთა ნაკრების წევრმა ივა მეგენეიშვილმა ცოტა ხნის წინ მძიმე ტრავმა მიიღო და ჯვარედინ მყესებზე ოპერაცია გაიკეთა. თანაგუნდელისა და მეგობრის სოლიდარობის ნიშნად, ტიტების ყველა მოთამაშეს მატჩისწინა მოთელვაზე გუნდის ხელმძღვანელობის მიერ სპეციალურად დამზადებული მაისურები ეცვათ წარწერით #getwellsoon IVA 


სუპერლიგა უერთდება აქციას და  გამოჯანმრთელებას უსურვებს ტიტებისა და ახალგაზრდული ნაკრების  წევრს


თსუ - ოლიმპი 74 -79


ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა. ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და "ოლიმპი" შეხვდნენ. უშუალო კონკურენტების მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთზე გადაწყდა. 


თამაში უნივერსიტეტელთა უპირატესობით წარიმართა და თითქოს გამარჯვებაც მათ უნდა დარჩენოდათ, მაგრამ "ოლიმპმა" ბოლო პერიოდი 26:16 მოიგო და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც ჩაიწერა - 79:74 (სტატისტიკა). მთლიანობაში "ოლიმპის" გამარჯვება დიდად განაპირობა გუნდის შემტევი უკანახაზელის, კახაბერ ჯინჭარაძის საუცხოო თამაშმა, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ამასთან ბოლო წამებზე მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო და დაცვაშიც საიმედოდ გაისარჯა.  ოლიმპში 15 ქულით ჰოლდენი გამოირჩა, ხოლო რევაზ როგავამ თავი 13 ქულას მოუყარა.


თსუ-ს საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა კალათბუთელებმა - გიორგი კორსანტიამ და ცენტრმა გიორგი ტურძილაძემ ულიდერეს. კორსანტიამ 19 ქულა და 11 მოხსნა, ხოლო ტურძილაძემ 16 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. 15 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ კანდიდატს სანდრო სანაძეს. 


ამ გამარჯვებით ოლიმპმა თსუ-სთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა და მე-3 ადგილზე განთავსდა. თსუ-ს წაფორხილებით კი "ბათუმმა" ისარგებლა, რომელიც სუპერლიგის ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.


ბათუმი - კაკტუსი 96-93


სუპერლიგის ლიდერმა ბათუმელებმა დაძაბულ ბრძოლაში - 96:93 (სტატისტიკა) დაამარცხეს კაკტუსელები და ტურის დარჩენილ მატჩებში მეტოქეებმა რა შედეგიც არ უნდა აჩვენონ, პირველ ადგილს შეინარჩუნებენ.


გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმელებმა შეხვედრა ბოლო წამებზე მოიგეს. გამარჯვების ბურთი აჭარელთა ბერძენმა ლეგიონერმა - ნიკოლაოს დიპლაროსმა ჩააგდო. შეხვედრის ბოლო წამებზე ანგარიში თანაბარი - 93:93 იყო, როცა ბათუმელებმა შეტევა დიპლაროსს მიანდვეს. ამ უკანასკნელმა კი კაკტუსის კალათში გამარჯვების სამქულიანი მოათავსა და ბათუმის დარბაზში შეკრებილი გულშემატკივრები გაახარა.


ბათუმელთა გუნდში საუკეთესო შედეგი კოლინ მალკოლმმა დააფიქსირა, რომელმაც 18 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 20 ქულითა და 10 მოხსნით ალექსანდრე ფევაძე გამოირჩა და ასევე ორმაგი დუბლი - 16 ქულა, 13 მოხსნა სერბმა ნიკოლა ვუიოვიჩმა მოაგროვა. კაკტუსში 29 ქულით, 7 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ბრაიან უილიამსი. 18 ქულა მაიკ დევისმა მიითვალა, ხოლო მიხეილ ჭოჭუამ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.