16-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასი მოიგო
16-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასი მოიგო
01.03.2020
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა 2020 წლის უეფას განვითარების თასი პირველ ადგილზე დაასრულა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ტურნირის დასკვნითი შეხვედრა ლიეტუვას 16-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა. პენალტების სერია კი, უფრო ზუსტად ლიეტუველებმა შეასრულეს და საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ანგარიშით - 3:4 დამარცხდა.


საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა 2020 წლის უეფას განვითარების თასის ეგიდით 3 შეხვედრა გამართა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე ტურნირის რეგლამენტის მიხედვით 6 ქულა დააგროვა და გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა.


პირველ შეხვედრაში, ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ალჟირის 16-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე, მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე დავით შიოლაშვილმა გაიტანა.


მომდევნო მატჩში, ჩვენი გუნდი, მასპინძელ ალბანეთს დაუპირისპირდა და მეტოქე პენალტების სერიით, ანგარიშით - 4:3 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შემადგენლობიდან მე-7 წუთზე გატანილი გოლით დიმიტრი ღურწკაია გამოირჩა.


აღნიშნულ ტურნირზე ქართველები შემდეგი შემადგენლობით იყვნენ წასულები - მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (სფფ აკადემია, რუსთავი), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო, თბილისი); ​მცველები: გიორგი აღდგომელაშვილი (დინამო, თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო, თბილისი), თორნიკე მოლაშვილი (დინამო, თბილისი), შაქრო დვალიშვილი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ბართია (საბურთალო, თბილისი), დავით ქართველიშვილი (საბურთალო, თბილისი), ზვიად ხაბურზანია (სფფ აკადემია, რუსთავი);  ნახევარმცველები: გიორგი დავრაშელიძე (საბურთალო, თბილისი), საბა გეგიაძე (დინამო, თბილისი), დავით ბერია (საბურთალო, თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო, თბილისი), ჭაბუკი ლაბაძე (სფფ აკადემია, რუსთავი), დავით შიოლაშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ბერიანიძე (საბურთალო, თბილისი), რატი ხუციაშვილი (დინამო, თბილისი);  ​თავდამსხმელები: ნიკოლოზ დავრაშელიძე (საბურთალო, თბილისი), ლაშა კალანდაძე (ლოკომოტივი, თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (სფფ აკადემია, რუსთავი)


foto: fshf.org