
დევისის თასის დაწყებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს ნომერმა პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც თბილისში გუნდთან ერთად იმყოფება გულშემატკივარს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ჩემი აზრით, მეტოქეზე გაცილებით კარგად ვთამაშობთ და რა თქმა უნდა უდაო ფავორიტები ვართ. აღნიშნული ტურნირი, ოლიმპიადის სალიცენზიო ქულების დაგროვებაში მომეხმარება. ამ ეტაპზე, 100 პროცენტით მზად არ ვარ, მაგრამ უკეთესად ვარ და ხელიც თამაშიდან თამაშამდე უკეთესად მაქვს. საერთო ჯამში, ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული. ჩაწოდებაზე მიშლის ოდნავ ხელს", - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც იმედი აქვს, რომ ტრავმის მიუხედავად, რამდენიმე თვეში მისთვის ჩვეულ ფორმაში იქნება.
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პლეი-ოფის მატჩში ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ტურნირზე ბასილაშვილის გარდა, რომელიც საქართველოში დუბაიდან ჩამოვიდა, ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსში "მზიური", ჩვენი გუნდის ღირსებას ალექსანდრე მეტრეველი, ნიკოლოზ დავლიანიძე, გიორგი ცივაძე და ზუკა ტყემალაძე დაიცავენ.
„ვთვლით, რომ ამ წყვილში ფავორიტები ვართ, რადგან ნიკოლოზი, ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა. როგორც ყოველთვის, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, რადგან დავრჩეთ მეორე ლიგაში", - ამბობს ალექსანდრე მეტრეველი.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი, ზუკა ტყემალაძე თვლის, რომ დევისის თასის გათამაშება ის ტურნირია, სადაც ნებისმიერ გუნდს აქვს მოგების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა მიაჩნია, რომ ფავორიტი, „ნამდვილად" საქართველოს ნაკრებია. თუმცა, ამბობს, რომ ეს მოშვების საბაბს არ აძლევს.
ესტონელებს, ტრავმის გამო თბილისის მატჩი გუნდის ლიდერი მოთამაშე, კრისტიან ტამი დააკლდებათ. არ ეყოლება საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ბაქში. მიუხედავად ამის, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დავით კვერნაძემ აღნიშნა, რომ ესტონეთი, საკმაოდ კარგი გუნდია. ესტონელთა შორის, ყველაზე რეიტინგული, ასაკოვანი მოთამაშეა, რომელსაც, შეიძლება ითქვას, 10 წლის წინ ჰქონდა საუკეთესო შედეგი. ქართველ ჩოგბურთელებს სჯერათ, რომ კონკრეტულ მატჩში რეიტინგს არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.
დღეს, მომავალი ასპარეზობის ადგილას გამართულ პრესკონფერენციაზე, ესტონელებმა ხაზი გაუსვეს, რომ იციან საქართველოს ნაკრების სიძლიერეზე, იმ ჩოგბურთელთა შესახებ, რომლებითაც საქართველოს ნაკრებია დაკომპლექტებული: „მეტრეველი, ბაქში, ბასილაშვილი ძლიერი მოთამაშეები არიან, თუმცა, ვფიქრობთ რომ ჩვენ შანსი გვაქვს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ", -აღნიშნეს ესტონელებმა.

5 მარტს, 11:30 საათზე ტურნირის წილისყრა გაიმართება.
6 მარტს მატჩები 10:45 საათიდან დაიწყება. 7 მარტს კი, დილის 10:00 საათიდან. ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექს "მზიურში", გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








