COVID 19-მა სპორტული მსოფლიოს გეგმები შეცვალა
COVID 19-მა სპორტული მსოფლიოს გეგმები შეცვალა
05.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გააგრძელებს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობას და ყველა მათ მითითებას შეასრულებს. თუმცა, ამ ეტაპზე სოკ-ის შტაბ-ბინაში აცხადებენ, რომ ოლიმპიური თამაშები დათქმულ ვადებში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და ამ ეტაპზე, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩაშლას საფრთხე არ ემუქრება.


მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ცოტა უფრო თავდაჭერილი პოზიცია აქვს უეფა-ს. ევრო 2020-ის დაწყებამდე, თითქმის, 98 დღით ადრე ევროპაში, სადაც კორონა ვირუსის 2800-ზე მეტი შემთხვეაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა 56 ადამიანს აღწევს, მათ შორის 53 იტალიაზე მოდის და სადაც, 2020 წლის 12 ივნისს ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი უნდა ჩატარდეს, უეფა-ს მმართველი ორგანოს შეფიქრიანება სრულიად ნორმალურია.


ევრო 2020-ი, რომელმაც სტარტი რომში უნდა აიღოს 12 ქვეყანაში გაიმართება. „ჩვენ ვესაუბრებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, გვაქვს ყველა იმ ქვეყნის მთავრობებთან კომუნიკაცია, სადაც ევროპის ჩემპიონატის მატჩები უნდა გაიმართოს. ვიმოქმედებთ, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე", - აღნიშნა უეფა-ს 44-ე კონგრესზე თეოდორ თეოდორაკისმა, უეფა-ს გენერალურმა დირექტორმა.


„ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების საკითხები, არამდგრადი პოლიტიკური ვითარება და ერთ-ერთი ასეთი საკითხია ეს ვირუსი. ჩვენ გვაქვს მასთან შეხება და ჩვენ მას გავუმკლავდებით. მოდით, ვიყოთ ოპტიმისტები და არ ვიფიქროთ ცუდ სცენარზე. ამისთვის, მერე გვექნება დრო", -აღნიშნა ალესანდერ ჩეფერინმა, უეფას პრეზიდენტმა, რომელსაც შესაძლოა, უახლოეს დღეებში, აღნიშნული ვირუსიდან გამომდინარე, ევრო 2020-ზე არანაკლებ პოპულარულ საფეხბურთო ევრო ტურნირების უკვე კარზე მომდგარ მატჩებთან დაკავშირებით მოუწიოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.


ამასობაში, საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ ლიგაში „დახურული კარების" პრინციპით ჩასატარებელი თამაშების შესახებ დაიწყეს მსჯელობა ბრიტანეთის სპორტულმა ავტორიტეტებმა.


„ეს არ იქნება ხვალ, მაგრამ შესაძლოა იყოს მომდევნო კვირებში", - ამ შინაარსის მესიჯი ვრცელდება Covid-19-ის გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად, ბრიტანეთის ფეხბურთის მმართველი ორგანო მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის ხელისუფლებასთან და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან.  შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს ხანში პრემიერ ლიგის თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. მანამდე, კი ინგლისურ კლუბებს, თამაშის დაწყების წინ ხელის ჩამორთმევა აეკრძალათ. მისალმების ეს ფორმა, ამ ეტაპზე ნაკლებად საშიშად მიჩნეულმა მუშტით მისალმებად ჩაანაცვლა. ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით, ფეხბურთელებს გულშემატკივრებთან ახლო კონტაქტი და სელფების გადაღებაც აეკრძალათ.


ამ მომენტისთვის გადაიდო უემბლიზე ინგლისისა და იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების თამაში. ისევე როგორც 14 მარტს, რომში დაგეგმილი ექვსი ერის სარაგბო მატჩი ამ გუნდებს შორის.


გადადებულია ირლანდიაში, ამ ქვეყნისა და იტალიის ნაკრებების სარაგბო შეხვედრაც. ეს გადაწყვეტილება ირლანდიის მთავრობამ მიიღო.


ბრიტანეთში, ჯერ-ჯერობით ნაადრევად მიიჩნევენ 26 აპრილს დაგეგმილი ლონდონის მარათონის გადადების თემას.


ინგლისის კტიკეტის ფედერაცია კი, საკუთარ თავზე იღებს გუნდის შრი ლანკაზე გამგზავრებას და ადგილობრივ ნაკრებთან დაგეგმილ ტესტ მატჩებში მონაწილეობას.


სელფების გადაღება ქომაგებთან  და ავტოგრაფები... ტრადიციული წინასამატჩო განრიგი შეცვალა მიუნჰენის ბაიერნმაც. ამის შესახებ გერმანულმა კლუბმა ინფორმაციები ოფიციალური სოციალური გვერდით გაავრცელა და გულშემატკივარს სთხოვა, აღნიშნულ ვითარებას გაგებით მოკიდებოდნენ.


გეგმები ნაწილობრივ შეცვალა ფიბა-მაც. კალათბურთის მთავარი მმართველო ორგანოს გადაწყვეტილებით გადაიდო:

  • საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდეგ - ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი 3X3-ზე კალათბურთში
  • აზიის თასის გათამაშება 3X3-ზე კალათბურთში
  • აზიის ჩემპიონატი 16-წლამდე კალათბურთელთა შორის
  • აფრიკის საკალათბურთო ლიგა
  • და ა.შ.

ფიბა-ს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ისინი თვალს ადევნებენ მიმდინარე მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ რადიკალურ ზომებს მიმართავენ.


და ბოლოს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით "ქოვიდ 19" უპროგნოზოდ გავრცელებასთან დაკავშირებით, გადაიდო მარკოში დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირი. რაბათის გრან პრი 6-8 მარტს უნდა გამართულიყო.



სტატია მომზადებულია AIPS-ის ჟურნალის პუბლიკაციების მიხედვით