
დღეს, 7 მარტს დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პლეი ოფის გადამწყვეტი თამაშები გაიმართა. ალექსანდრე მეტრეველის სახელობის „მზიურის" კორტებზე წყვილთა თანრიგში გიორგი ცივაძე და ალექსანდრე მეტრეველი მარიას სიიმარსა და ვლადიმერ ივანოვს დაუპირისპირდნენ. პირველ სეტში ქართველების უპირატესობა ძალიან საგრძნობი იყო, თუმცა მომდევნო ორი სეტი ცივაძემ და მეტრეველმა დათმეს. საბოლოო ანგარიშით 6-3, 3-6, 3-6 შეჯიბრის მეორე დღეს ესტონელები საერთო ანგარიშში დაწინაურდნენ.
მეორე თამაში ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილსა და კრისტიან ტიმს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოს პირველმა ჩოგანმა კორტზე გასვლა ვერ შეძლო. როგორც ვიცით, ბასილაშვილმა ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც მას ჯერ კიდევ სრულად არ გაუვლია რეაბილიტაცია. ამიტომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ზურაბ ტყემალაძემ შეცვალა, რომელმაც დღეს თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

პირველი სეტი 19 წლის ტყემალაძემ დათმო, თუმცა მეორე სეტში შემტევი თამაშით მან სერიოზული უპირატესობა მოიპოვა და მატჩი გადამწყვეტ სეტამდე მიიყვანა. მესამე სეტშიც ქართველი ჩოგბურთელის სტრატეგია ისევ შეტევაზე იყო აგებული, რითიც მაყურებლის ოვაციებიც დაიმსახურა, თუმცა საბოლოოდ ის დამარცხდა ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებულ ესტონელ კრისტიან ტამთან 3-6, 6-2, 5-7.
ტყემალაძე-ტიმის დაპირისპირება გადამწყვეტი აღმოჩნდა და ესტონეთის ნაკრებმა გაიმარჯვა 3-1. საქართველოს ნაკრები კი შემოდგომაზე მეორე ჯგუფში დასაბრუნებელ პლეი ოფში იასპარეზებს.
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








