
დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში "ბათუმს" თბილისურმა "ვერამ" მოუგო, რითაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სანამ ტურის სხვა მატჩები გაიმართებოდეს, ცხრილში მე-2 ადგილზე განთავსდა.
ვერა - ბათუმი 84-82
რუსთავში გუშინ დაწყებული მე-15 ტური დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველში ლიდერი და სამეულთან ახლოს მყოფი "ვერა" შეხვდნენ. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი "ბათუმი" გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წუთებზე დაშვებული შეცდომებისა და რაც მთავარია, ვერელების შედეგიანობის გამო შეხვედრა 82:84 (სტატისტიკა) წააგო.
ძალიან საინტერესო გამოდგა ბოლო პერიოდი, რომელიც რამდენიმე წამის დაწყებული იყო, ვერელები პირველად რომ დაწინაურდნენ. მანამდე კი, 3 პერიოდის განმავლობაში, "ბათუმი" ლიდერობდა - ხან 5, ხან - 10 ქულით, ყველაზე დიდი სხვაობით კი მეორე მეოთხედის ახალდაწყებულზე დაფიქსირდა - 36:20. "ვერა" ის გუნდია, რომელიც ნებისმიერი სხვაობით ჩამორჩენისას იბრძვის და დიდი დეფიციტის აღმოფხვრაც ეხერხება.
ასე იყო ამჯერადაც: ძირითადად უკანახაზელთა ხარჯზე - ბრენდონ სლაისა და გივი ბაქრაძის შედეგიანობით, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა ვერელებმა ჩამორჩენის გაბათილება იწყეს. დიდი შესვენებისთვის ზღვისპირელები 6 ქულასღა იგებდნენ, ხოლო მესამე ათწუთეულის 20:16 მოგებით ვერელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. როგორც მოგახსენეთ, ბოლო პერიოდის დასაწყისში ვერელები პირველად გავიდნენ წინ - სლაის სამქულიანის შემდეგ ანგარიში 67:66 გახდა, თუმცა ბათუმელებმა მყისვე საპასუხო გაქცევა მოაწყვეს და ნიკოლა ვუიოვიჩის, კოლინ მალკოლმისა და ლევან ელიაძის ქულებით 74:67 დაწინაურდნენ.
გადამწყვეტი გამოდგა მატჩის დასკვნითი 5 წუთი, რომლის განმავლობაშიც გამოსარჩევია გივი ბაქრაძის ჩინებული გარჯა. ვერელთა გამთამაშებელმა ბურთებიც ჩაჭრა, სამქულიან-ორიანებიც ჩააგდო და თავისი გუნდის გამარჯვებაშიც უდიდესი წილი დაიდო. ბოლო წუთი რომ დაიწყო, ანგარიში 80:80 იყო. ცხადი გახდა, რომ მატჩის ბედს 1 შეცდომა გადაწყვეტდა, თუმცა ბათუმელებმა ზედიზედ ორ შეტევაში ბურთი დაკარგეს, რითაც ჯერ ბაქრაძემ ზუსტი გარღვევით, შემდეგ კი სლაიმ (საჯარიმოებით) ისარგებლეს და საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე"ვერას" გასამარჯვებლად საკმარისი ლიდერობა დაუბევეს - 84:80.
28 ქულით ვერელებს ბრენდონ სლაიმ ულიდერა. გივი ბაქრაძის ანგარიშზე 22 ქულა, 4 პასი და 3 ჩაჭრა დაგროვდა. 16 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა თბილისელთა ცენტრმა, ვენდელ ლუისმა, რომელიც მეორე ტაიმში თავისი გუნდის საიმედო დასაყრდენი იყო ბათუმელი მაღლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ზღვისპირელთაგან 22 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო ნიკოლა ვუიოვიჩი გახლდათ, ხოლო კოლინ მალკოლმმა შეხვედრა 20 ქულითა და 5 პასით დაასრულა.

კაკტუსი - თსუ 81-73
თსუ-მ ვერ ისარგებლა ლიდერი "ბათუმის" წაფორხილებით და მორიგი მარცხის შემდეგ კვლავ მეორე ადგილზე დარჩა. 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს მთავარი მწვრთნელი, ლექსო ლაფანაშვილი დაუბრუნდა, თუმცა ეს ბონუსი თსუ-სთვის წარმატების მომტანი ვერ აღმოჩნდა. "კაკტუსმა", რომელიც პირველი წრის შემდეგ ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო, სიჩქარე აკრიფა, დღეს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ თსუ-საც სძლია და ცხრილის შუაში მყარად დამკვიდრდა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა დიდებულად ითამაშა, ტოლი არ დაუდო ცხრილში ბევრად მაღლა მყოფ მეტოქეს და გადამწყვეტ ეპიზოდში გამოჩენილი შესაშური შედეგიანობის დახმარებით ჩემპიონატში მე-7 გამარჯვება იზეიმა - 81:73 (სტატისტიკა).
"კაკტუსის" გამარჯვება თუკი ვინმეს დამსახურებაა, ეს უპირველესად მაიკ დევისია. ამერიკელი უკანახაზელი კაკტუსელებმა პირველი წრის შემდეგ დაიმატეს და მას შემდეგ ჟღენტის გუნდმა შედეგები ერთიორად გააუმჯობესა. დღევანდელი მატჩი კი დევისის სასუპერლიგო პიკი იყო. მაიკმა შეხვედრაში ყველაზე მეტი - 32 ქულა ჩააგდო, საიდანაც 11 - მატჩის ბოლო 5 წუთზე მოდის. აღნიშნულ პერიოდში დევისმა 3 სამქულიანი ჩააგდო და თანაბრად მიმდინარე შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე "კაკტუსი" 13 ქულით დააწინაურა - 81:68. მატჩის ბედიც აქ გაირკვა. თსუ-მ ბოლო 5 თამაშიდან მეოთხედ წააგო და პირველი წრის შემდეგ 3 ქულით მოლიდერემ პირველობა "ბათუმს" დაუთმო.
დევისს 32 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 6 პასი და 6 ჩაჭრა ჰქონდა. 20 ქულით გამოირჩა ჯასტინ ევერეტი, 9 ქულა და 6 მოხსნა კი ირაკლი ბეშქენაძის ანგარიშზე დაგროვდა. თსუ-ში 15 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ზაქრაძე. 14 ქულა ერთბაშად 3 კალათბურთელს დაუგროვდა - გიორგი კორსანტიას, სანდრო სანაძეს და ჯიბრილ ფოლკნერს.

რუსთავი - მგზავრები 80-85
სუპერლიგის მე-15 ტური კი გუშინ, რუსთავში დაიწყო. ქვემო ქართლში სათამაშოდ ჩავიდა ერთ-ერთი აუტსაიდერი, ბოლო ადგილზე "ცხუმ-აფხაზეთთან" ერთად მყოფი "მგზავრები", რომელმაც "რუსთავი" დაძაბულ ბრძოლაში - 85:80 (სტატისტიკა) დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ მგზავრებს 2 ტურის წინ მხოლოდ 3 მოგება ჰქონდათ და ბოლო ადგილზე მოზიარის გარეშე იყვნენ, თუმცა ბოლო 2 შეხვედრა მოიგეს და 15 მატჩიდან 5 მოგებით მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს. რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ მატჩებში (22 ტური) კიდევ ბევრი რამ მოხდება, თუმცა ფაქტია, რომ სუპერლიგაში დასარჩენად ბრძოლა უაღრესად დაძაბული იქნება. შეგახსენებთ, რომ ბოლო ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ "ა" ლიგაში ჩაინაცვლებს, ხოლო ბოლოსწინა დასარჩენად გადათამაშებას გამართავს.
რაც შეეხება რუსთავში გამართულ მატჩს, მას გულშემატკივრები არ დასწრებიან. შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების რეკომენდაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სუპერლიგისა და "ა" ლიგის მატჩები დროებით მაყურებელთა გარეშე ტარდება. შესაბამისად, რუსთავს მოაკლდა ერთგული ქომაგი, რომელიც აქამდე ყველა მატჩზე ტრიბუნებს ბოლომდე ავსებდა.
სათქმელია, რომ რუსთავის გუნდი შეხვედრას დანაკლისით შეხვდა. განაცხადში არ იყო ეროვნული ნაკრების ტრავმირებული წევრი საბა ლობჯანიძე, გეგი ბაქრაძე და ავსტრალიელი გამთამაშებელი, ნელსონ როლინსი. მიუხედავად დანაკლისისა, რუსთაველებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველი პერიოდი 22:18 მოიგეს.
მეორე ათწუთეულიდან ამოქმედდა მგზავრების ნომინალური ცენტრი სოსო გოგნაძე, რომელსაც ფარქვეშ ხელს ტაჯ სპენსერი აშველებდა. თბილისელთა უკანა ხაზი კი ტრადიციულად მობილური და სწრაფი იყო, რის ხარჯზეც მგზავრებმა მეტოქე ჩამოიტოვეს და ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეუფლნენ. მეორე პერიოდის ბოლო წამზე დარელ ქომსბის სამქულიანმა თბილისელებს დიდი შესვენებისთვის 10-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.
მესამე ათწუთეულიდან რუსთაველებმა ანგარიშის გასათანაბრებლად არაერთ გზას მიმართეს, რაც ეპიზოდებში ამართლებდა და სხვაობა მცირდებოდა, თუმცა მგზავრები არ ტყდებოდნენ და დაცვისა და სწრაფი შეტევების, ასევე პერიოდული ზუსტი სამქულიანების ხარჯზე ბოლო პერიოდამდე ლიდერობა არ დაუთმიათ.
მეოთხე მეოთხედი 2 წუთის დაწყებული იყო, როცა მგზავრების მთავარი მწვრთნელი, ბუბა ბერიშვილი მე-2 ტექნიკური ჯარიმის გამო თამაშიდან გავარდა. სწორედ ამ ტექნიკური ჯარიმის ზუსტი შესრულებით ნიკოლა ტადიჩმა ანგარიში გაათანაბრა - 68:68, ხოლო ოდნავ მოგვიანებით, აკაკი დვალიშვილის ზუსტი საჯარიმოების შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 74:72 დაწინაურებულ რუსთაველებს გამარჯვების რეალური იმედი ჩაესახათ.
აქ გათამაშდა საკვანძო ეპიზოდი, რომლის მთავარი გმირები მგზავრების წევრები - ტაჯ სპენსერი, ლოველ ქაბბილი და სოსო გოგნაძე გახდნენ. ამ მოთამაშეებმა მიყოლებით ჩააგდეს 8 ქულა და საფინალო სირენამდე 2.20 წუთით ადრე სტუმრები 80:74 დააწინაურეს. რუსთაველები არ დანებდნენ და დენზელ ლივინგსტონისა და ილია ლონდარიძის ძალისხმევით, დასრულებამდე 40 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს - 80:80. გადამწყვეტი აღმოჩნდა სოსო გოგნაძის მიერ ჯარიმის თანხლებით ჩაგდებული 2-ქულიანი და პლუს საჯარიმო, რის შემდეგაც სტუმრები 83:80 დაწინაურდნენ და როცა მგზავრებმა რუსთაველთა შეტევაც მოიგერიეს, გამარჯვებულის ვინაობა სათავისოდ გადაწყვიტეს.
მგზავრებში 22 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე. 20 ქულა ჰქონდა ტაჯ სპენსერს, ხოლო ლოველ ქაბბილმა შეხვედრა 12 ქულითა და 10 პასით დაასრულა. რუსთაველთა გუნდში 17 ქულით, 6 მოხსნითა და 6 ჩაჭრით დენზელ ლივინგსტონი გამოირჩა. 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ილია ლონდარიძემ, ხოლო ნიკოლა ტადიჩის ანგარიშზე 12 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა.
***
სუპერლიგის მე-15 ტური კვირას, 8 მარტს, 2 მატჩით დასრულდება. ოლიმპიური სასახლეში "ცხუმ-აფხაზეთი" "ქუთაისს" დაუპირისპირდება, "ტიტები" კი - "დინამოს".





ჩვენ








