ქართული საკალათბურთო ლეგიონი
ქართული საკალათბურთო ლეგიონი
09.03.2020
ავტორი: ი.პ.

თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი


ესპანეთში ქართული დერბი შედგა. თორნიკე შენგელიას ბასკონიამ გიორგი შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლა და იოლი გამარჯვებაც მოიპოვა. ვიტორიელებმა მხოლოდ პირველი პერიოდი დათმეს - 20:21, რის შემდეგაც მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და საბოლოოდ 17 ქულით - 75:58 გაიმარჯვეს. 


შენგელიამ 24:45 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულას, 5 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო სროლა ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.


გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 16 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 11-დან 7 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. გიორგი შედეგიანობით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.


ამ გამარჯვებით თორნიკე შენგელიას გუნდმა პლეი ოფის ზონაში შესვლა მოახერხა და ახლა, უკვე მაღალი პოზიციების დაკავებასაც ეცდება. რაც შეეხება შერმადინის ტენერიფეს, ეს გუნდი 28 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.


ბასკონია მომდევნო ტურში ვალენსიას ესტუმრება. 24-ე ტურში კიდევ ერთ ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ. ბექა ბურჯანაძის გრან კანარია შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლებს.




ბექა ბურჯანაძე


ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელებმა ევროლიგის წარმომადგენელ ვალენსიას უმასპინძლეს და 10 ქულის სხვაობით - 87:77 სძლიეს.


ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11:52 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.


სავარაუდოა, რომ ბურჯანაძეს მეტი სათამაშო დროც ექნებოდა, პირველივე ტაიმში 3 პერსონალური ფოლი რომ არ მიეღო. სათქმელია ისიც, რომ ბექას მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 14 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც გუნდში მე-2 მაჩვენებელი გახლდათ.


გრან კანარიამ 11 მოგება და 11 მარცხი მოაგროვა და მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 14 მარტს, შინ, გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფესთან ჩაატარებს.




დუდა სანაძე


პორტუგალიის ჩემპიონატში ქართველი ლეგიონერის დახმარებით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ოლივეირენშემ. ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფმა დუდა სანაის გუნდმა სტუმრად მესამეადგილოსანი პორტო 90:78 დაამარცხა. მართალია, ამ მოგების შემდეგ ამ გუნდებს შორის სხვაობა კვლავ დიდია და 4 ქულას შეადგენს, თუმცა მოახლოვებული პლეი ოფის წინ სახელიანი გუნდის სტუმრად დამარცხებას დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს.


სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 33:37 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი და 9-დან 5 სამიანი ჩააგდო. დუდამ მთლიანობაში 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. ოლივეირენშელთაგან საუკეთესო შონ მილერი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.


22 მატჩიდან 14 მოგებით სანაძის გუნდი მე-4 ადგილზე რჩება და ამ ადგილისთვის მდევარ ვიტორიასთან იბრძვის. მომდევნო ტურში ოლივეირენშეს მეტოქე კიდევ ერთი ფავორიტი სპორტინგი იქნება, რომელსაც დუდას გუნდი 14 მარტს უმასპინძლებს.




სანდრო მამუკელაშვილი


სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა ვერ გაუძლო NCAA-ის ერთ-ერთი წამყვანი - Big East-ის კონფერენციის ლიდერის სტატუსს და ბოლო 2 ტურში განცდილი წაგებების შემდეგ რეგულარული ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა. "მეკობრეები" მიმდინარე სეზონში თითქმის სულ ლიდერობდნენ, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ჯერ ვილანოვასთან (77:79) წააგეს, შემდეგ კი კრეიტონთანაც დათმეს (60:77) და საბოლოოდ სწორედ ამ გუნდების ზურგსუკან აღმოჩდნენ.


სამივე ამ გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი ერთნაირი შედეგით - 13 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა, თუმცა ურთიერთშეხვედრებით პირველი ადგილი კრეიტონს ერგო, მეორე - ვილანოვას, ხოლო მესამეზე სეტონ ჰოლი აღმოჩნდა. რაც მოხდა, ამით ბევრი არაფერი დაუკარგავს საჩემპიონო ამბიციის სეტონ ჰოლს. მთავარი ხომ პლეი ოფია, რომელიც კონფერენციის 8 საუკეთესო გუნდს თავს ნიუ იორკში მოუყრის და მედისონ სკვერ გარდენში 1 კვირის თავზე ჩემპიონი გამოვლინდება. 


სეტონ ჰოლმა ის დაკარგა, რომ პლეი ოფში მე-3 განთესილის სტატუსით შევა და პირველ წრეში (მეოთხედფინალში) არა აუტსაიდერ სენტ ჯონსს, არამედ მებრძოლ და საკმაოდ საშიშიშ მარკეტს შეხვდება. პირველობის პლუსი კიდევ ის იყო, რომ მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ოპონენტებს ფინალამდე არ შეხვდებოდა. რაც შეეხება მამუკელაშვილის ბოლო 2 წაგებულ მატჩში ნაჩვენებ სტატისტიკას, საკმაოდ შთამბეჭდავია. ვილანოვასთან სანდრომ 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო კრეიტონთან 7 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი. 


ახლა მთავარი პლეი ოფია. მამუკელაშვილისა და მაილს პოუელის იმედით სეტონჰოლელები ჩემპიონობას უმიზნებენ. ვნახოთ, ყველაფერი ნიუ იორკში გაირკვევა, სადაც 13 მარტს Big East-ის საჩემპიონო ტურნირი მეოთხედფინალიდან დაიწყება. სეტონ ჰოლის პირველი მეტოქე მარკეტი იქნება.