
თბილისში, უელსთან წაგების შემდეგ, ვლადიმერ ვაისმა, ბელგრადის მატჩისთვის ცვლილებები დააანონსა, როგორც შემადგენლობაში, ასევე ტაქტიკაშიც. ანალოგიური გაიმეორა ვაისმა სერბეთშიც, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე. ქართველთა მწვრთნელმა პირობა, მართლაც შეასრულა და სერბეთის წინააღმდეგ, სასტარტო შემადგენლობაში გიორგი აბურჯანია, ჯაბა ჯიღაური და დავით ხოჭოლავა დააყენა. მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელებში, უკმაყოფილების მთელმა ტალღამ სწორედ, ამ 3 ფეხბურთელზე გადაიარა. თუმცა, რეალურად, 9 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებს, მხოლოდ 52-ე წუთიდან გოლამდე ჰქონდა შედარებით სუსტი პერიოდი, თუმცა გოლის მომენტში მთლიანად გუნდი და არა, რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი შეცდა. ამას გარდა, ქართველებმა ვერც ამ თამაშში დაარღვიეს ცუდი ტრადიცია - ითამაშეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს.
უნდა გამოეძახა თუ არა და უნდა, დაეყენებინა თუ არა, კონკრეტულ მატჩში, კონკრეტული ფეხბურთელები, ბუნებრივია, ეს კონკრეტული მწვრთნელის გადასაწყვეტია და გამომდინარე იმ რესურსიდან, რაც კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულად ვაისს გააჩნდა, მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ყოველ შემთხვევაში, მოსახდენი მოხდა და სერბეთი-საქართველოს მატჩის საერთო სურათიდან გამომდინარე, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ითამაშა. ითამაშა, აბსოლუტურად განსხვავებულად, ვიდრე ეს იყო 3 დღით ადრე, თბილისში.
„საკმაოდ რთული თამაში იყო, საპასუხისმგებლო. მოხარული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშში, ვაისი მენდო და ძირთად შემადგენლობაში დამაყენა. საკუთარი თამაშით, არასდროს ვარ კმაყოფილი. გამონაკლისი, არც ეს მატჩი ყოფილა. ", - ამბობს ჯაბა ჯიღაური TSFF.GE-სთან საუბარში.
თამაშის შემდეგ, აღინიშნა, რომ სერბეთთან მატჩი არ იყო ჯიღაურის საუკეთესო თამაში. ფეხბურთელი უფრო შუა ნახევარმცველია და ფლანგზე მისი დაყენება, ოდნავ მიუსადაგოა. შესაძლოა, კრიტიკოსთა აზრიც, რომ სერბებთან ჯიღაური, ბურთს ხშირად კარგავდა და ინერტული იყო, ამის ბრალიც იყო. თუმცა, თავად ფეხბურთელი თვლის, რომ: „ფლანგზე თამაში არანაირ უხერხულობასა და პრობლემას არ წარმოადგენს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ვარდარშიც" ფლანგებზე მიწევს თამაში", - ამბობს ჯაბა.
9 ოქტომბრის მატჩში, შესაძლოა (განსაკუთრებით, უელსთან სუსტი თამაშის შემდეგ), ქართველთა ნაკრების სუსტ თამაშს უფრო მოველოდით, თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად ბელგრადში მოვლენები სხვანაირად განვითარდა. „ამ შესარჩევ ციკლში, ასეთი სენი დაგვჩემდა - ვთამაშობთ კარგად და ვაგებთ თამაშს. ბელგრადში, თუმცა ისევე, როგორც თბილისში სერბეთის ნაკრებს, რიგ მომენტებში ვჯობდით კიდეც. თუმცა, ფეხბურთში მთავარია გოლის შეგდება, რაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ და შედეგად, ისევ დავმარცხდით. შეტევაში მეტი აქტიურობა გვმართებს. მეორე მომენტია - ტრავმები. ამან, ძალიან შეგვიშალა ხელი. ისევე, როგორც ზოგიერთ მატჩში იღბალმა, იყო თამაშები, მოგებას ნამდვილად ვიმსახურებდით, მაგრამ არ გაგვიმართლა. ახლაც, ბელგრადში", - ამბობს ჯაბა.
ახლა, მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი, ჩავლილი თემაა. ბევრი, უკვე მომავალ შესარჩევ ციკლს (ევროპის ჩემპიონატისას) ახალი იმედით უყურებს. „მომავალი შესარჩევი, ნამდვილად საინტერესოდ გამოიყურება, თუმცა ვნახოთ, იქამდე დიდი დროა. ახალა, მხოლოდ „ვარდარზე", ჩემპიონატზე და ევროპის ლიგაზე ვფიქრობ", - ამბობს ჯაბა ჯიღაური.
უახლოესი მატჩები კი ჯაბა ჯიღაურის გუნდს, 14 ოქტომბერს მაკედონიის ჩემპიონატის და 19-ში ევროპა ლიგის - „რეალ სოსიედადთან" ელის.





ჩვენ








