COVID 19-მა ევროპის საფეხბურთო გეგმებში კორექტივები შეიტანა
COVID 19-მა ევროპის საფეხბურთო გეგმებში კორექტივები შეიტანა
10.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსოფლიოში და  ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით ევროპაში, COVID 19-ის კიდევ უფრო გავრცელებასთან დაკავშირებით, უეფა-მ პრევენცია დაიწყო. ევროპული ფეხბურთის მთავარ ოფისში, ვითარებიდან გამომდინარე და ვირუსის გავრცელების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, უეფა-ში მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღეს. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის თამაშები ჩატარდება დაგეგმილი განრიგის მიხედვით, თუმცა, გულშემატკივრის გარეშე.


მაყურებლის გარეშე ჩატარდა, 10 მარტს, ესპანეთში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შეხვედრა „ვალენსიასა" და იტალიური ბერგამოს „ატალანტას" შორის. ის, რომ ესპანელებმა, კორონავირუსით დასნეულებული მხარიდან ჩასულ ფეხბურთელებს ბრძოლა გაუმართეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით (4 ყვითელი და 2 პენალტი, რომელიც იოსიფ ილიჩიჩმა გაიტანა), ახლა, არ ვისაუბრებთ. გეტყვით მხოლოდ, რომ მატჩი ბერგამოელთა გამარჯვებით 3-4 დასრულდა. „პოკერი" ილიჩიჩის ანგარიშზეა. ორი შეხვედრის ჯამშიც,  მომდევნო ეტაპზე იტალიელები გავიდნენ, რომელთა გუნდის ქომაგებმაც, 10 მარტის მატჩზე დასასწრები ბილეთებიდან დაბრუნებული თანხა, ადგილობრივ კლინიკას, COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაურიცხეს.  




დიდი ალბათობით, აღნიშნული ტურნირის პარიზულ შეხვედრაში, პსჟ-სა და „ბორუსიას" შორის, რომელიც დღეს, 11 მარტს უნდა ჩატარდეს გამოტოვებს კილიან მბაპე. საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს  თავდამსხმელი, რომელიც ორი დღეა გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა, 10 მარტს, COVID 19-ის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს.  ტესტმა, მართალია უარყოფითი პასუხი აჩვენა და ამით სენსაციის მაძიებელ მედიას წყალი გადაასხა, თუმცა ფაქტია, რომ მბაპეს მწვავე სტენოკარდიული კრიზისი აქვს და კარგ ვარიანტში ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც როგორც გითხარით მაყურებლის გარეშე ჩატარდება.




როგორც ჩვენი გვერდი უკვე წერდა, უეფა-მ დროებითი ცვლილება შემოიღო, მატჩისწინა მისალმების ცერემონიაშიც - გუნდებს მოწინააღმდეგესთან და მსაჯებთან ხელის ჩამორთმევა ეკრძალებათ.  


ყოველივე ამის ფონზე კი, დღეს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში, დაანონსებული ვიდეო-კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც მედია არ ესწრებოდა. თემა კორონოვირუსთან დაკავშირებული ვითარება იყო. ვიდეო-კონფერენციის დამთავრების შემდეგ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცის მიმართვა, ფედერაციის ვებ-გვერდმა გაავრცელა. ამ ეტაპზე, ფეხბურთის ფედერაცია მედიასთან პირისპირ შეხვედრებს ზღუდავს.




იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საბჭომ, გაიზიარა მთავრობის მოწოდება და 3 აპრილის ჩათვლით, ყველა ლიგაში, ყველა კალენდარული მატჩი გააუქმა.


შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ გამორიცხა, რომ 2020-21 წლების საფეხბურთო სეზონის რეგისტრაციის ვადამ იტალიაში 22-დან 30 ივნისამდე გადაიწიოს.


გამომდინარე იქიდან, რომ სერია A-ს გარდა, ყველა სხვა იტალურ ლიგას გადატანილი თამაშების გასამართად მანევრირება შეუძლიათ, ძლიერთა ლიგას კი არა, რადგან ის, უეფა-ს კალენდართან არის მიჯაჭვული,  მიცეს უფლება 31 მაისის ჩათვლით, ყველა ხელსაყრელი "ფანჯარა" აითვისოს.


თუკი, COVID 19-ის გამო შექმნილი საგანგებო ვითარება, არ მისცემს იტალიას დაასრულოს ქვეყნის ჩეპიონატი (იგულისხმება ყველა ლიგა და განსაკუთრებით სერია A), გრავინა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, საბჭოს განსახილველად ახალი წინადადებით მიმართავს. კერძოდ, ერთ ვარიანტად განიხილება, რომ 2019-2020 წლების სეზონის გამარჯვებული არ დასახელდება, ხოლო უეფა-ს გადაეგზავნება იმ გუნდების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც გაიარეს კვალიფიკაცია. მეორე საკითხი იქნება, სატურნირო ცხრილის განხილვა და გუნდების შეფასება, ჩემპიონატის შეჩერების მომენტიდან გამომდინარე. მესამე და ბოლო, რაც შეიძლება განსჯის საგანი გახდეს არის იტალიის ჩემპიონის და სერია A-ში გადმომსვლელი გუნდების ვინაობის დადგენა, რომელიც სავარაუდოდ ფლეი-ოფსა და ფლეი-აუტში გაირკვეს.


შეგახსენებთ, რომ სერია A-ს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ გადაწყვეტილებამდე 63 ქულით "იუვენტუსი" ლიდერობდა, 62 ქულით კი, მეორე იყო "ლაციო".