
ირანიდან დაბრუნებული ქართველი ფეხბურთელი მაქსიმე ქვილითაია ყველას მოუწოდებს მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ. მაქსიმე და მისი თანაგუნდელი, ლუკა გადრანი ამ წუთას თვითიზოლაციაში, იმყოფებიან და იმედოვნებენ, რომ იძულებითი „კარანტინი", რომელიც საკუთარი ჯანმრთელობის და უპირველესად გარშემომყოფთა დასაცავად კეთდება, მალე დასრულდება და ისინი, საქართველოში ყოფნის დარჩენილ დღეებს, ოჯახებთან ერთად გაატარებენ. ამის შემდეგ, კი იმედოვნებს, რომ ირანში საფეხბურთო პირველობა განახლდება და მაქსიმეც და ლუკაც ბუშირში დაბრუნდებიან და „შაჰინ ბუშირში" ასპარეზობას გააგრძელებენ.
„მას შემდეგ რაც ჩვენთან თამაშები გადაიდო და ვისვენებდით, 3-4 დღით ადრე, სანამ ჩვენს ქალაში კორონოვირუსის შემთხვევა დაფიქსირდებოდა, ლუკა, ჩვენი მეგობარი და მე მთაში ვიყავით გასულები. სწორედ, იქ გავიგეთ, რომ ბუშირში 3 შემთხვევა დაფიქსირდა. შევეხმიანეთ ირანში საქართველოს ხელისუფლებას, ანუ კონსულს ირანში, რომელმაც ჩვენი საქართველოში გადმოყვანის საკითხი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოაგვარა. ამ ერთობლივი მცდელობით ირანი-სომხეთის საზღვარი გადმოვკვეთეთ. საზღვრის გადმოკვეთამდე, ყველა პროვინციაში, რომელსაც გზად გავდიოდით, გვამოწმებდნენ გვქონდა თუ არა ტემპერატურა. შეგვამოწმებს სომხებმაც, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ.
საზღვარზე, დაგვხდა ადგილობრივი ქვეყნის სამედიცინო პერსონალი, შესაბამისად ეკიპირებული რეანიმობილით. სომხეთის საპატრულო პოლიცია იყო ჩართული და მე და ლუკას დაგვხდა მინივენი, რომელშიც საზღვარზე გავლილი შემოწმების შემდეგ ჩაგვაჯინეს და ესკორტით მოგვიყვანეს საქართველოს საზღვრამდე. სომხეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას 12 საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეიცვალა და დაახლოებით 8 საათი მოვდიოდით. გზაში არსად გავჩერებულვართ.
სომხეთი-საქართველოს საზღვარზეც დაგვხდა რეანიმობილი. შეგვამოწმეს, არ გვქონდა არანაირი ჩივილი, თუმცა, ამ მანქანით მიგვიყვანეს ინფექციურში. ღამის 12 საათი იყო, დილით აგვიღეს ტესტი, სისხლის ანალიზი, ნაცხი.. საღამოს მოვიდა პასუხები, რომლებიც იყო უარყოფითი. ექიმის გადაწყვეტილებით მე და ლუკა ორკვირიან თვითიზოლაციაში ვიქნებით. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხიმგებლობა. ეს უნდა ყველამ გაითავისოს, გაითვალისწინოს და მოიქცეს ისე, როგორც ამას წესი ითვალისწინებს. ამით ყველას ოჯახი და ყველა მოქალაქე დაცული იქნება.
ლუკა და მე ახლა ვართ ერთად. ჩემი ოჯახი, ჩემს საქართველოში ჩამოსვლამდე წავიდა რაიონში. ასე, რომ ჩვენ ვართ ჩვენთვის და კულინარიული საქმიანობით ვიქცევთ თავს", - ამბობს მაქსიმე ქვილითაია, TSFF.GE-სთან საუბარში.
ირანიდან დაბრუნებულ ქართველ ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ თუ ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს, მაშინ ვირუსი ნაკლებად გავრცელდება და მალე, ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
ირანში კორონავირუსის გამო სპორტული ღონისძიებები მარტის ბოლომდე გადაიდო. ირანის ფეხბურთის ფედერაცია კი, ჩემპიონატის განახლების თარიღად 5 აპრილს ასახელებს.





ჩვენ








