
კორონავირუსმა 2020 წლის მსოფლიო სპორტულ კალენდარს უკვე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა- სპორტული ღონისძიებების გაუქმება, გადადება თუ, დახურულ კარს მიღმა ჩატარება, უკვე, მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის ბუნებრივ მოვლენად იქცა.
როგორია სხვადასხვა ქვეყნებში სიტუაცია სპორტული ღონისძიებების ჩატარების კუთხით:
იტალია
დღეს „რომამ" ტვიტერის გვერდის საშუალებით გულშემატკივრებს აცნობა რომ „სევილიას" წინააღმდეგ ხვალისთვის დაგეგმილი თამაში არ ჩატარდება, რადგან მოგეხსენებათ, ესპანეთის მთავრობამ იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამ საკითხზე უეფამაც მიიღო გადაწყვეტილება და მოცემული თამაში გაურკვეველი ვადით გადადო.
იტალიური „ატალანტას" ფანებმა კი, გაუქმებული თამაშების ბილეთების კომპენსაციის ქალაქ ბერგამოს საავადმყოფოს გადასცეს. ცნობისთვის 1200-მა ფანმა ჯამში 60, 000 ევრო აჩუქა საავადმყოფოს, COVID 19-თან საბრძოლველად.
რაც შეეხებათ თვითონ „ატალანტას" ფეხბურთელებს, ცარიელ მესტალიაზე ჩატარებული სენსაციური გამარჯვების შემდეგ, თავიანთი წილი სოლიდარობა „Bergamo, è per te" („ბერგამო შენთვისაა") სლოგანით გამოხატეს.
მოგეხსენებათ, მთელი იტალია აპრილამდე, საფეხბურთო სამყარო კი 3 აპრილამდე რჩება კარანტინში. ქვეყანაში ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის საფეხბურთო ჩემპიონატებიც შეწყვეტილია. ეს გადაწყვეტილება, იტალიის სპორტის მმართველი ორგანიზაციების თათბირის შემდეგ მიიღეს. იტალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, სხვა ფედერაციებთან ერთად მოსთხოვა მთავრობას მიეღოთ კონკრეტული ბრძანებულება, რომელიც ყველა სპორტული ღონისძიების გადადება-არგადადების საკითხს წერტილს დაუსვამდა.
ესპანეთი
კორონავირუსით დაინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო, ესპანეთში 10 მარტიდან მოყოლებული, სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში ყველა პროფესიონალური თუ, სამოყვარულო სპორტული ღონისძიება დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. არც ჩემპიონთა ლიგის თამაში „ბარსელონასა" და „ნაპოლის" შორის იქნება გამონაკლისი. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს ბილბაოს „ატლეტიკსა" და „რეალ სოსიედადს", 25 მარტს დაგეგმილი ესპანეთის სამეფო თასის (კოპა დელ რეი) ფინალის გადადება შესთავაზოს იმ დრომდე, სანამ გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნებზე თამაშის საშუალება არ ექნებათ.
მადრიდში, ბასკეთსა და რიოხაში ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება გაუქმდა, რომელსაც 1000-ზე მეტი დამსწრე მაინც შეიძლება ყოლოდა. ლა ლიგის შემდეგი 2 კვირის თამაშები ბოლო მონაცემებით დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.
გერმანია
სიტუაცია ბევრად რთულია გერმანიაში, რასაც ამძაფრებს გერმანიის ფედერალური მოწყობა, რადგან ამ სისტემიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება კონკრეტული რეგიონალური და ადგილობრივი მთავრობის და არა ცენტრალური მთავრობის მიერ ხდება. გერმანიის ჯანმრთელობის მინისტრმა, იენს შპანმა ქვეყნის მასშტაბით ყველა სპორტული ღონისძიების, რომლის მაყურებელი 1000 კაცს აღემატება, გაუქმების რეკომენდაცია გასცა. თუმცა, მხოლოდ რეგიონალურ და ადგილობრივ მთავრობებზე და მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ახლა, კონკრეტული რეგიონები გაითვალისწინებენ თუ არა მინისტრის რჩევას.
გერმანია გახდა იმის მაგალითი, თუ როგორი არათანმიმდევრული შედეგები შეიძლება მოიტანოს ქვეყანაში დეცენტრალიზაციამ - ღონისძიება, რომელიც მიუნხენში უნდა გამართულიყო გაუქმდა, თუმცა მის მეზობელ შტუტგარტში (200 კმ-ით დაშორებული) უფრო დიდი მასშტაბის ღონისძიების ჩატარებას კვლავ გეგმავენ.
გერმანული ბუნდესლიგის თამაშები აქამდე არსებული განრიგით უცვლელად გაიმართება. მომდევნო 3 თამაში, დანამდვილებით ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის. ზოგმა კლუბმა ბილეთების გაყიდვაც შეწყვიტა, რაც იმის ნიშანია, რომ მომავალ კვირებში გამართული ყველა თამაში დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.
შეზღუდვები შეეხო ჰოკეის მატჩებსაც, რომლებიც მარტში უნდა გამართულიყო. ამის მიზეზი კი, სტუმარი გუნდების (ავსტრალია და ახალი ზელანდია) მგზავრობაზე უარი გახდა.
ასევე გაურკვეველია, მედია აკრედიტაციების საკითხიც. მაგალითად, მიუნხენგლადბახის თამაშის აკრედიტაციები ვალიდურია, თუმცა შეზღუდვები შეეხება ჩემპიონთა ლიგის თამაშებს. მაგალითად, "პსჟ"-„დორტმუნდის" თამაშზე ფოტოგრაფები და წერილობითი პრესის წარმომადგენლები არ დაუშვეს. ყველა აკრედიტირებულ წარმომადგენელს კი ჯანდაცვის სამინისტრო დაარეგისტრირებს და სამედიცინო შემოწმებასაც ჩაუტარეს თამაშის წინ. ამასთან, თამაშის შემდეგ არ იმუშავებს შერეული ზონა. გაიმართება მხოლოდ ოფიციალური პრეს კონფერენცია. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, მსგავს რეჟიმში ჩატარდება თუ არა ჩემპიონთა ლიგის სხვა თამაშებიც.
დიდი ბრიტანეთი
კორონავირუსის პირველი „მსხვერპლი" პრემიერ ლიგის მატჩი გახდა „მანჩესტერ სიტისა" და „არსენალს" შორის. ამას მოყვა ევანგელოს მარინაკის, „ოლიმპიაკოსისა" და „ნოტინგემ ფორესტის" მფლობელის ვირუსით დაინფიცირების დასტურიც. მარინაკი არსენალის სტაფსა და ფეხბურთელებს 27 თებერვალს ევროპა ლიგის თამაშის დროს შეხვდა. შესაბამისად გადაწყდა ამ კონკრეტული ზემოთნახსენები მატჩის გადადება. თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით პრემიერ ლიგის სხვა მატჩების გადადება არ იგეგმება.
„არსენალის" განცხადებით, მისი სტაფის წევრებსა და ფეხბურთელებს ვისაც მარინაკისთან ჰქონდა კონტაქტი, ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ. თუმცა, კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი 14 დღიან კარანტინშია და შესაბამისად, ამ დროის მანძილზე კლუბს ვერ დაეხმარებიან.
ასევე არანაირი შეზღუდვები არ არსებობს სხვა სპორტის სახეობებთან მიმართებაშიც. მეტიც, ამ კვირაში გაიმართება „ჩელტენჰამის ფესტივალი", რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საცხენოსნო ღონისძიებაა და რომელზეც 250,000-ზე მეტ მაყურებელს ელიან.
პატრიკ ვალანსმა, რომელიც ქვეყნის მთავარი სამეცნიერო მრჩეველია განაცხადა, რომ 70,000 კაციან სტადიონზე მყოფი ერთი ადამიანი მთელ სტადიონს არ დააინფიცირებს. თუ ასეთი გულშემატკივარი მოხდა ტრიბუნაზე, ის მხოლოდ მათი დაინფიცირებაას შეძლებს, ვისთანაც ახლო კონტაქტი ექნება.
ასევე იგეგმება ექვსი ერის რაგბის მატჩი უელსსა და შოტლანდიას შორის, რომელიც კარდიფში შაბათს, 14 მარტს გაიმართება.
აშშ
ქვეყნის მთავარი 4 ლიგის MLB, NBA, NHL და MLS ოფიციალური პირების განცხადებით გასახდელი ოთახებსა და მედია ზონებში ჟურნალისტების დაშვება შეიზღუდება.
სპორტსმენების ჩაწერა, შესაძლებელ იქნება, მხოლოდ გასახდელი ოთახების გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან, მედიის წარმომადგენლები, რესპოდენტებთან 6 ფუტი მანძილით მოშორებით უნდა იდგნენ.
8 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, ინდიან ველსის ტურნირიც გაუქმდა კორონავირუსის საფრხისგან გამომდინარე. „ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ტურნირი არ ჩატარდება, მაგრამ ადგილობრივი საზოგადოების, გულშემატკივრები, მოთამაშეები, მოხალისეები, სპონსორები, თანამშრომლები, მოვაჭრეები და ყველას ვინც მონაწილეობს ამ ღონისძიებაში ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - ნათქვამია ტურნირის დირექტორის ტომი ჰაასის განცხადებაში. "ჩვენ მზად ვართ ტურნირი სხვა თარიღებში ჩავატაროთ და ვიკვლევთ სავარაუდო ვარიანტებს."
სტატია მომზადებულია AIPS-ის ჟურნალის მიხედვით





ჩვენ








