წყალბურთელთა ნაკრები გერმანიიდან თბილისში დააბრუნეს
წყალბურთელთა ნაკრები გერმანიიდან თბილისში დააბრუნეს
12.03.2020
ავტორი: თ.ჯ.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წყალბურთის სალიცენზიო ტურნირი, რომელიც 22-29 მარტის ჩათვლით როტერდამში უნდა გამართულიყო გადაიდო. ამ ეტაპისთვის ცნობილია ტურნირის ჩატარების სავარაუდო თარიღი, 2020 წლის 31 მაისი -7 ივნისი. თუმცა, ეს თარიღიც ბუნებრივია, მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში COVID 19-ის გავრცელების საშიშროებასთან არის დაკავშირებული.


საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები კი, რომელიც როტერდამის ტურნირისთვის გერმანიაში ემზადებოდა, დღეს თბილისის დროით 17:20 საათზე სამშობლოში დაბრუნდა.


„გაცნობებთ, რომ მსოფლიოსა და საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ, შესაბამისი სამინისტროების მითითებითა და მათთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება და გერმანიიდან დაბრუნებული წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები მომდევნო 2 კვირის მანძილზე მოექცევიან თვითიზოლაციაში.


როგორც მოგეხსენებათ, ნაკრები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპს გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში გადიოდა. ნაკრები სამშობლოში დღეს, 17:20 საათზე დაბრუნდა და გუნდის ყველა წევრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესაბამისი შემოწმება გაიარა. ყველა სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს, ისინი თვითიზოლაციის პერიოდს ერთად გაატარებენ სპეციალურად მათთვის შერჩეულ ადგილზე, რომელზეც ფედერაციამ წინასწარ იზრუნა", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს საღამოს საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ გაავრცელა.