26 მარტის თამაშების, ასევე ევრო 2020-ის ბედი 17 მარტს გაირკვევა
26 მარტის თამაშების, ასევე ევრო 2020-ის ბედი 17 მარტს გაირკვევა
12.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სამშაბათს, 17 მარტს, თბილისის დროით 16:00 უეფა-ს შტაბ-ბინიდან გაიმართება ვიდეო-კონფერენცია, რომელშიც, უეფა-ს წევრი 55-ვე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში, COVID19-ის გავრცელების გამო, საუბარი იქნება არსებულ მდგომარეობაზე და მთელ რიგი ტურნირების ჩატარების ან გადადების შესაძლო სქემებზე.


ბუნებრივია, საუბარი იქნება ევრო 2020-ის შესახებაც და ასევე მოახლოებულ ფლეი-ოფის მატჩებზეც. მათ შორის, 26 მარტის შეხვედრაზე საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შორის. კონკრეტულ მატჩთან დაკავშირებით სფფ-ს პოზიცია იყო, არის და იქნება უცვლელი - ფედერაცია ზრუნავს ფეხბურთელებზე და მომხრეა აწარმოოს მოლაპარაკებები თამაშის გადატანის თაობაზე.

 

„კორონა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები სპორტზეც აისახა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში ხდება. ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. ფეხბურთის ფედერაციას უეფასთან ჰქონდა კომუნიკაცია, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული მატჩი სწორედ მათი ეგიდით იმართება. ჩვენ თავიდანვე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით იმის, რომ შეხვედრა ჩვენი გულშემატკივრის გარეშე გამართულიყო, რადგან კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი ყველა ქართველისთვის და ქართული ფეხბურთისთვის. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვი ევროპაში თამაშობს.

კლუბებისა და ნაკრების პირველობების სპეციფიკა ძალზე განსხვავებულია. ამერიკაში გვყავს ნაკრების მოთამაშეები, არადა, აკრძალვა შემოვიდა იქ ევროპაში გადაადგილების.

 

გვყავს ისეთი ფეხბურთელები ვინც მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებში ასპარეზობენ და მათი ამ ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოყვანა შეზღუდულია. ჩვენ სწორედ ამ ყველაფრით ვიხელმძღვანელეთ და უეფას დავუფიქისირეთ პოზიცია, რომ მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებას ვეწინააღმდეგებით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაა, რომ მატჩი ჩატარდეს ისეთ პერიოდში, როდესაც ფეხბურთელებისთვისა და გულშემატკივრებისთვისაც მასზე დასწრება სრულიად უსაფრთხო იქნება.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უეფაში მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლებოდა. დღეის მდგომარებით, გაუქმებულია ელიტ-რაუნდის ყველა შეხვედრა 19-წლამდე და 17-წლამდე ბიჭებსა და გოგონებს შორის. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდის მატჩების გასამართად ბელგიაში მიემგზავრებოდა, 19-წლამდე ნაკრები კი, საფრანგეთში. ამ ეტაპზე შეხვედრები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

 

სამშაბათს, კი უეფას ორგანიზებით დაიგეგმა ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყანა მიიღებს. რა თქმა უნდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ შეხვედრის ფარგლებშიც დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. მოგეხსენებათ, რომ ამ ონლაინ კონფერენციის ფარგლებში ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩებთან ერთად, 21-წლამდე ნაკრებთა შეხვედრების საკითხიც განიხილება. უეფა აქტიურად განიხილავს ევრო 2020-ის ჩატარების შესაძლებლობას და ამ ყველაფრის შესახებ გადაწყვეტილება, სწორედ სამშაბათს გასამართი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი", - აღნიშნა დავით მუჯირმა დღეს, საღამოს 19:00 სფფ-ს ოფისში გაკეთებული საგანგებო განცხადების დროს.


თუმცა, დავით მუჯირის ამ განცხადებამდე, რამდენიმე დღეა, ქართული მედიის ნაწილში, გადაუმოწმებელ საერთაშორისო პუბლიკაციებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა არაერთი ინფორმაცია, ევრო 2020-ის პლეი-ოფების მატჩების, მათ შორის საქართველო-ბელარუსის მატჩის მაყურებლის გარეშე ჩატარების შესახებ.

 

„დღეს გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ამ მატჩთან დაკავშირებით, რაც არა მარტო არაპროფესიონალიზმი, არამედ, მავნებლობაცაა. ცრუ ინფორმაციები, სამწუხაროდ, არ გვაკლია არც საქართველოში და არც მსოფლიოში.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია უპირატესობის გამოყენება, რაც ერთა ლიგის D დივიზიონში სპორტული პრინციპიდან გამომდინარე მოვიპოვეთ. პირველ ადგილზე გავედით და მეტოქის სახლში მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ. აქედან გამომდინარე, მაყურებლის თამაშზე მოსვლაზე უარის თქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ფეხბურთი ხალხისაა. მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება პარიზშიც გადაწყვიტეს, მაგრამ ხალხი სტადიონის გარშემო შეიკრიბა და არ მესმის, რა მნიშვნელობა აქვს, ხალხი მასობრივად ტრიბუნაზე იქნება თუ გარეთ. უეფასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მატჩის გადადებას ვთხოვთ. ალბათობა მცირეა, რომ ბელარუსთან მატჩი გაიმართოს", -  ამბობს  დავით მუჯირი.


შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, COVID-19-ის გავცრელების გამო, ევროპის მრავალ ქვეყანაში საფეხბურთო მატჩები თავდაპირველად მაყურებლის გარეშე ჩატარდა ბოლოს კი, ევროპულმა ქვეყნებმა ერთი-მეორეს მიყოლებით საკუთარ ჩემპიონატებზე იძულებითი შესვენება გამოაცხადეს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეებში, სხვადასხვა ევროპულ კლუბებში, ფეხბურთელებს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ, უეფა, რომელიც მყარად იდგა პოზიციაზე და გეგმების შეცვლას არ აპირებდა, დათმობებზე მიდის. სწორედ, ამის დასტურია 17 მარტს დაგეგმილი ვიდეო-კონფერენციაც.


გუშინდლიდან კი ევროპულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, არა თუ 26 მარტის თამაშების, არამედ ევრო 2020-ის გადავადების თაობაზეც.