
უეფა-ს ყველა საკლუბო შეხვედრა, რომელიც მომდევნო კვირაში არის დანიშნული გადატანილია - ევროპული ფეხბურთის მთავარი ოფისი, ევროპაში COVID-19 გავრცელებასთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა ევროპული სახელმწოფოს მთავრობების გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, მსგავს გადაწყვეტილებას იღებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის იმ მატჩებს ეხება, რომლებიც 2020 წლის 17 და 18 მარტს უნდა გამართულიყო. გადადებულია ასევე უეფა-ს ევროპა ლიგის 1/8 ფინალის 19 მარტს დანიშნული შეხვედრები და უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის ¼ ფინალები, რომლებიც ასევე 17 და 18 მარტს იყო დაგეგმილი.
თუ როდის გაიმართება აღნიშნული თამაშები დამოკიდებულია მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.
აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე გადავადდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ¼ ფინალების წილისყრაც, რომელიც 20 მარტს უნდა გამართულიყო.
შეგახსენებთ, რომ უეფა-მ გუშინ მისი წევრი 55-ვე ქვეყნის წარმომადგენლები ECA, ევროპული ლიგებისა და FIFPro-ოს წარმომადგენლებთან ერთად სამშაბათს, 17 მარტს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟა, რომლის დროსაც კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეულ ვითარებაზე და აქედან გამომდინარე სამომავლო სამოქმედო გეგმაზე იქნება საუბარი. ბუნებრივია, შეხვედრაზე ევრო 2020-ის თემებზეც იქნება.
შეგახსენებთ, რომ გუშინვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ:
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია უპირატესობის გამოყენება, რაც ერთა ლიგის D დივიზიონში სპორტული პრინციპიდან გამომდინარე მოვიპოვეთ. პირველ ადგილზე გავედით და მეტოქის სახლში მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ. აქედან გამომდინარე, მაყურებლის თამაშზე მოსვლაზე უარის თქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ფეხბურთი ხალხისაა. მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება პარიზშიც გადაწყვიტეს, მაგრამ ხალხი სტადიონის გარშემო შეიკრიბა და არ მესმის, რა მნიშვნელობა აქვს, ხალხი მასობრივად ტრიბუნაზე იქნება თუ გარეთ. უეფასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მატჩის გადადებას ვთხოვთ. ალბათობა მცირეა, რომ ბელარუსთან მატჩი გაიმართოს", - ამბობს დავით მუჯირი.
ჩვენი გვერდი სისტემატურად ადევნებს თვალს თუ როგორ ვითარდება მოვლენები და ინფორმაციას სისტემატურად მოგაწვდით.
განმარტებები:
ECA - ევროპული კლუბების ასოციაცია
FIFPro- პროფესიონალი ფეხბურთელების საერთაშორისო ფედერაცია
ფოტო:UEFA.COM





ჩვენ








