
ქართველი მოჭადრაკე ქალი, ნანა ძაგნიძე, მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში, მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა და სამშობლოში დაბრუნდა თვითიზოლაციაშია. ნანა ძაგნიძე, საკუთარ გვერდზე, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეო-ინტერვიუს, რომელსაც ჩვენი გვერდიც გთავაზობთ.
„ტურნირის განმავლობაში, შვეიცარიაში, ლოზანაში, მაქსიმალურად ვცდილობდი, კონცენტრირებული ვყოფილიყავი ტურნირზე. არ მიმექცია ყურადღება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, იმიტომ, რომ მე ვერაფერს შევცვლიდი დიდა და ვცდილობდი, მაქსიმალურად ჩემი საქმისთვის მიმეხედა და გამეკეთებინა ის, რაც ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, შიგადაშიგ ვეცნობოდი სიახლეებს.
ტურნირის განმავლობაში, ჩვენ მოჭადრაკეები იზოლირებულნი ვიყავით სასტუმროში და ხალხთან დიდად შეხება არ გვქონია. ტურნირმა ნორმალურად ჩაიარა. შეჯიბრის დასრულების შემდეგ, გავიგეთ რა ხდებოდა რეალურად იტალიაში. ტურნირის მოგების შემდეგ ვიყავი ძალიან გახარებული და კმაყოფილი.

ტურნირის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე გამეგო მაქსიმალურად რა ხდებოდა, რა სიტუაცია იყო. ჩემებმაც გამაფრთხილეს, რომ გერმანიიდან ჩამოსულები, ესპანეთიდან მიჰყავთ კარანტინში. ვიცოდი, რომ შვეიცარიიდან დაბრუნებულები კარანტინში არ მიჰყავდათ და მხოლოდ თვითიზოლაციაში შეეძლოთ ყოფნა სახლში. სასტუმროდან გამოსვლისას, გავიგე, რომ სიას, შვეიცარიაც დაემატა. სავარაუდოდ კარანტინში ყოფნა მომიწევდა. ეს პერსპექტივა, დიდად არ გამიხარდა, მაგრამ თუ საჭიროა, რას ვიზამთ. 2 კვირა, ბავშვები არ მყავდა ნანახი. ძალიან მენატრებოდნენ და ვფიქრობდი, რომ კიდევ 2 კვირა ვერ ვნახავდი, განვიცდიდი, მაგრამ რაც საჭიროა, ისე უნდა იყოს.
ლოზანადან ჟენევაში მანქანით ჩამოგვიყვანეს. აეროპორტში არც ისე ბევრი ხალხი იყო. იმასთან შედარებით, იქ რაც არის ხოლმე, აშკარად ნაკლები ხალხი იყო. ჟენევიდან სტამბოლში ჩამოვედი. იქ ძალიან ცოტა დრო მქონდა, სადღაც 20-25 წუთი ვირბინე, რომ სტამბოლი-თბილისის რეისისთვის მიმესწრო. სტამბოლის აეროპორტშიც ძალიან ცოტა ხალხია. სტამბოლის აეროპორტი ასეთი მე მანამდე არ მინახავს... ჩამოვედი თბილისში.
თბილისში, განცდა მაქვს, რომ სავარაუდოდ კარანტინში წამიყვანენ. პირველი, როგორც კი თვითმფრინავიდან გადმოვედით, იყო სკანერ-კონტროლი. დაგვაყენეს, სკანერმა გადაიარა, არ ვიცი, რა ინფორმაციას აძლევთ ეს. შემდეგ მივედით პასპორტ კონტროლზე. სხვათა შორის, ხალხი იყო ძალია ცოტა თვითმფრინავში, ალბათ, სადღაც 40-45 კაცი მაქსიმუმ. მივედით პასპორტ კონტროლზე. ჩემდა გასაოცრად, რაც ძალიან მესიამოვნა, ძალიან ორგანიზებული იყო ჩვენს საბაჟოზე საპატრულო პოლიცია
იქ, რომ ცალკე არის ქართველების პასპორტ-კონტროლი და უცხოელების. ქართველების პასპორტ-კონტროლზე გამოგვიცხადეს, რომ ვინც ჩამოთვლილი ქვეყნებიდან შვეიცარია, დანია, გერმანია, იტალია, ესპანეთი ვინც მოვდიოდით, ტრანზიტს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მიგვითითეს, რომ უნდა მიბრძანდეთ, დერეფნის ბოლოში. იქ, იჯდნენ პირბადეებიანი და სამედიცინო აღჭურვილობით ეს ქალბატონები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
მე მაქვს განცდა, რომ სავარაუდოდ კარანტინში წამიყვანენ. მოვიდა ჩემი რიგი. დავჯექი და მეკითხება ქალბატონი, საიდან ჩამობრძანდითო. ვუპასუხე, შვეიცარიიდან, ორი კვირით ვიყავი შეჯიბრზე, ვიყავით განცალკევებით, იზოლირებულად და დიდად, არავისთან შეხება რა გვქონია. გასაგებია ყველაფერიო, სიცხე გამისინჯა. შემდეგ მკითხა, თვითიზოლაციაში რამდენად შეგიძლია ყოფნაო. ვუპასუხე, რომ შემეძლო, რადგან მანამდე ჩემებმა მომიმზადეს ცალკე ყველაფერი.
მოვიდა პატრულის თანამშრომელი და ამიხსნა, რომ ორი კვირის განმავლობაში, თუ მე, თვითიზოლაციის წესებს დავარღვევ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვიქნები მიცემული. ჩაიწერეს ჩემი მისამართი, ტელეფონის ნომრები და რამდენჯერმე შემამოწმებენ და უნდა ვიყო სახლში. შეიძლება მოვიდნენ კიდეც და აუცილებლად დაგირეკავენ და ა.შ. შესაძლოა, ფულადი ჯარიმა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, თუ ამ 2 კვირის განმავლობაში დატოვებთ მითითებულ მისამართს, რაც ჩვენ ჩავინიშნეთო.
ეს ყველაფერი ისე ორგანიზებულად მოხდა, რომ გავოცდი. თურმე, ჩვენც შეგვიძლია ასეთი ორგანიზებულები, სასიამოვნო და თავაზიანები ვიყოთ „დასტრესილი" ადამიანების მიმართ, რომლებიც ამხელა გზას, ერთი ფრენა, მეორე ფრენა, გზაში აეროპორტები, გადიან და ჩამოდიან. ეს მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა.
თბილისში ჩამოსვლამდე, კიდევ მქონდა ინფორმაცია, რომ ტაქსებს, ხალხი აეროპორტიდან არ მოჰყავთ, ეშინიათო. პატრულს ვკითხე, რომ ჩემებს ავუკრძალე დახვედრა აეროპორტში, იმიტომ, რომ მეშინოდა და არავინ მხვდება და პატრული წამიყვანს თუ... არ არის პრობლემაო - არის აეროპორტის ტაქსი, რომელიც მომზადებულია და ისინი მოგემსახურებიანო.
მოკლედ, უპრობლემოდ ჩამოვედი, დისტანციურად მოხდა ყველა ეს მომსახურება და აეროპორტის ტაქსი, რომელიც ძლიან კომფორტულია. ტაქსის საფასურიც კი აეროპორტში ბარათით გადავიხადე. მოვედი სახლში. ვარ ცალკე ჩემთვის. ამას ვურჩევ ყველას. თუ გვინდა, რომ მშვიდობით გადავიტანოთ ეს პერიოდი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში, ამინდი მაინც გვიშველის სხვა თუ არაფერი, აუცილებლად უნდა მივყვეთ იმ რეგულაციებს და იმ რჩევებს რაც არის პროფესიონალებისგან და დავემორჩილოთ ამ ყველაფერს და დავიცვათ, რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი თავი და შემდეგ, ოჯახები, ყველაზე ძვირფასი რაც არის ჩვენთვის და შემდეგ, მთელი საზოგადოება".

აქვე გეტყვით, რომ ქართული ჭადრაკის ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ შვეიცარიაში გამართულ ქალთა შორის მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა. ლოზანაში გამართულ ტურნირზე, ქართველმა მოჭადრაკე ქალმა 11 შესაძლებლიდან 7 ქულა დააგროვა და პირველობა რუსეთის წარმომადგენელ ალექსანდრა გორიაჩკინასთან ერთად გაინაწილა. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლის ხარჯზე, მეტოქე დაჯაბნა და ამ მომენტისთვის გრან-პრის სატურნირო მგდომარეობა შემდეგია:
1. ნანა ძაგნიძე (საქართველო) - 7 ქულა;
2. ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) - 7 ქულა;
3. ჟანსაია აბდუმალიკი (ყაზახეთი) - 6,5 ქულა
4. ალინა კაშლინსკაია (რუსეთი) - 6 ქულა;
5. ანა მუზიჩუკი (უკრაინა) - 6 ქულა;
6. ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) -5,5 ქულა
7. მარია მუზიჩუკი (უკრაინა) - 5,5 ქულა;
8. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) - 5,5 ქულა;
9. პია კრამლინგი (შვედეთი) - 4,5 ქულა;
10. ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი) - 4,5 ქულა;
11. მარი სება (საფრანგეთი) - 4 ქულა;
12. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) - 4 ქულა.

შეგახსენებთ, რომ ქალთა საჭადრაკო გრან პრი, 4 ეტაპისგან შედგება და მასში მსოფლიოს 16 საუკეთესო მოჭადრაკე მონაწილეობს. ოთხი ეტაპიდან, სავალდებულოა, რომ თითო მოჭადრაკემ სამი ითამაშოს. აღნიშულ ეტაპებზე, დაჯამდება ქულები, რომლის შემდეგაც გამოვლინდება 2 მოთამაშე. ნანა ძაგნიძემ, ჯერ მხოლოდ 2 ტურნირი ითამაშა და საერთო მეოთხე ადგილზეა.
მასალაში გამოყენებულია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








