გიორგი მერებაშვილი ექსტრაკლასას გაგრძელებას პოლონეთში ელოდება
გიორგი მერებაშვილი ექსტრაკლასას გაგრძელებას პოლონეთში ელოდება
16.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კორონა ვირუსის გამო, კალენდარი პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატშიც აირია. ქართველი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი, ესქტრაკლასას გაგრძელებას პოლონეთში, პლოცკიში ელოდება.


ინდივიდუალური ვარჯიშებიდან თავისუფალ დროის ნაწილს კი, წიგნებს უთმობს და ამჟამად, არუკი მურაკამის რომანის „კაფკა პლაჟზე", „ბოლოში" გადის.


„ჩემს მსგავსად სახლებში, ინდივიდუალური გრაფიკით ვარჯიშობს აქ მყოფი, ყველა ქართველის სპორტსმენი. მათთან, მაქვს კონტაქტიც და სოციალურ ქსელშიც, ვხედავ, როგორ მოუწოდებენ ყველას, რომ დაიცვან წესრიგი და ის მოთხოვნები, რაც არის: ხშირად დავიბანოთ ხელები. თუ გარეთ გავალთ, ვთქვათ, პროდუქტის საყიდლად, დავიცვათ დისტანცია სხვა ადამიანებთან და ა.შ. ვცდილობთ, არა მარტო ჩვენ, მთელი მოსახლეობა და თვალში საცემია, მართლა ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ მაღაზიაშიც, რომ გავდივარ პროდუქტების საყიდლად, აშკარად შეიმჩნევა, რომ ადამიანები ამ ყველაფერს იცავენ და"-, ამბობს გიორგი მერებაშვილი TSFF.GE-სთან საუბარში.


ჩვენმა გვერდმა, ქართველ ლეგიონერს რამდენიმე შეკითხვით მიმართა და ახლა, გთავაზობთ „მერებას" თვალით დანახულ ვითარებას, რაც COVID 19 -ის გამო პოლონეთშია შექმნილი.


„თავიდან, იყო ცოტა პანიკა. ხალხი მიეყარა და ყიდულობდა და ყიდულობდა რაღაც პროდუქტებს. ახლა, უკვე ჩვეულებრივად იქცევიან. პირბადეებიც კი არ უკეთიათ, ისე მოძრაობენ, ქალაქში. თუმცა, დაკეტილია ყველაფერი, მუშაობს მხოლოდ ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები და სუპერმარკეტები. ქუჩები, პრაქტიკულად ცარიელია", - ამბობს გიორგი მერებაშვილი.  


დაახლოებით ერთი კვირაა გაჩერდა ყველა საფეხბურთო ტურნირი, რომელიც პოლონეთში ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება.


„გასულ შაბათ-კვირას უნდა გამართულიყო ტური მაყურებლის გარეშე. თუმცა, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ საერთოდ გაეჩერებინათ და ასე, რომ არ მოგვიწია თამაში. ბოლო თამაშები, სანამ ამ კორონა ვირუსის გამო განგაში ატყდებოდა, მატჩები ჩვეულებრივ, მაყურებლის თანდასწრებით ტარდებოდა. ბოლო შეხვედრა მოვიგეთ კიდევაც გასვლა „არკასთან" და მერე დაიწყო ეს ყველაფერი და უკვე მომდევნო თამაში აღარ გვითამაშია.


ჯერ არ იციან, საერთოდ, როდის განახლდება ჩემპიონატი. ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ექსტრაკლასას დარჩენილი თამაშები ჩაიშალოს. ივლისიდან კი, როგორც იწყება ხოლმე ახალი ჩემპიონატი, ისე განახლდეს. ერთ-ერთი გეგმა ეს არის, რომელსაც აქტიურად განიხილავენ.


აპირებენ, რომ ექსტრაკლასადან არავინ „გავარდეს", მარტო ერთმა გუნდმა, მესამე გუნდმა ითამაშოს პლეი-ოფი, მეორე ლიგის მესამეადგილოსანთან და მომავალი სეზონიდან, ნაცვლად 16 გუნდისა, იყოს 18 გუნდი.   


ვარჯიშები, უკვე  5 დღეა, როგორც ასეთი აღარ გვაქვს. პროგრამებს გვიგზავნიან ინდივიდუალურად და ვისაც სად გავქვს სურვილი, იქ ვვარჯიშობთ. უბრალოდ, კატეგორიულად გაგვაფრთხილეს, რომ პლოცკიდან არ გავსულიყავით. აქ ვართ და ვვარჯიშობთ ინდივიდუალურად.


წესით, დღეს უნდა გვქონოდა ვარჯიში, თუმცა, კიდევ გადაგვიწიეს და გვითხრეს, რომ პარასკევამდე, არაფერი შეიცვლება", - ამბობს გიორგი მერებაშვილი.


ქართველი ლეგიონერის გუნდი ამ მომენტისთვის, ექსტრაკლასას  სატურნირო ცხრილში, 36 ქულით მე-10 საფეხურზეა. გოირგი მერებაშვილი, თავს ჯანმრთელად გრძნობს და მოვლენების განვითარებას პოლონეთში ელოდება.


აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „რეისით, რომელიც ცარიელი მოფრინავდა ვარშავიდან პოლონელი მოქალაქეების გასაყვანად, წამოიყვანეს ჩვენი მოქალაქეები. კიდევ ერთი რეისი განხორციელდება 17 მარტს, ვარშავიდან პოლონეთის ავიაკომპანიაზეა საუბარი". ვრცლად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იხილეთ შემდეგ ბმულზე (განცხადება).