
ვადაზე ადრე დასრულდა საქართველოს თასის 2019-2020 წლების გათამაშება სამთო სათხილამურო სპორტში. მიზეზი, კორონა ვირუსის გავრცელებისგან პრევენციის მიზეზით დახურული საქართველოს სამთო კურორტებია.
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 17 მარტიდან გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტები დროზე ადრე დაასრულებს სეზონს - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, ოფიციალურად გამოაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
შესაბამისად, აღნიშნულ სამთო კურორტებზე დაგეგმილი პროფესიონალური თუ სამოყვარულო, როგორც ადილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურნირები გაუქმდა. მათ შორის სამთო-სათხილამურო სპორტში საქართველოს თასის 2019-2020 წლების გათამაშება.
TSFF.GE დაუკავშირდა საქართველოს სამთო სათხილამურო სპორტის ფედერაციას, საიდანაც აცნობეს, რომ: „საქართველოს თასის გათამაშების 4 ეტაპის ნაცვლად, ჩატარდა მხოლოდ 2 ეტაპი. გამართული შეჯიბრების დროს ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაითვლება ქულები და გამოვლინდებიან გამარჯვებულები და პრიზიორები. ასევე, გამოვლინდება, საუკეთესო ქულების მქონე რეგიონი. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება ჩაწყნარდება, ჩვენ 2019-2020 წლების სეზონის გამარჯვებულებს და პრიზიორებს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, თბილისში დავაჯილდოვებთ. მიმდინარე სეზონზე აღნიშნული პირველობის გარდა, წელს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. მათ შორის ევროპის თასის ეტაპი სნოუბორდში", აღნიშნა ჩვენთან საუბარში ეკა გაბაშვილმა, საქართველოს სათხილამურო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამთო კურორტებზე ვადაზე ადრე დასრულებულ სეზონამდე, სათხილამურო სეზონი დაასრულეს ევროპისა და მსოფლიოს ცნობილმა კურორტებმა, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, ესპანეთის პირინეებში, იტალიაში. COVID 19-ის გავრცელების საშიშროების გამო, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ მისი ეგიდით დაგეგმილი მრავალი ტურნირი გადადო.
ნიკოლოზ მჭედლიძის ფოტო / წყარო - საქართველოს სათხილამურო ფედერაცია





ჩვენ








