
ჯერ-ჯერობით, კვლავ უცნობია, როდის განახლდება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატები. თუმცა, ცნობილია, რომ ეროვნული ლიგის გათამაშება 36 ტურად ვეღარ ჩატარდება.
„ეროვნული ჩემპიონატის აღდგენა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფიზიკურად შეუძლებელია სეზონის 36 ტურად ჩატარება. ამიტომ როდესაც ცნობილი გახდება ჩემპიონატის დაწყების სავარაუდო თარიღი, კლუბებთან ერთად, სამუშაო ჯგუფი და ჩვენი საშეჯიბრო განყოფილება მაქსიმალურად შეეცდება, რომ 2020 წლის სეზონის ფორმატი რეალობას მოარგოს" - ამბობს დავით მუჯირი, დღეს, 3 აპრილს გამართული ვიდეო-კონფერენციის შემდგე, რომლის დროსაც სფფ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
დღევანდელ ვიდეო-კონფერენციაზე სფფ-მ კლუბებს, სრული ინფორმაცია მიაწოდა იმ სიახლეების შესახებ, რომელზეც 1 აპრილს უეფა-სთან გამართულ ვიდეო-კონფერენციის დროს განიხილეს. აღნიშნულმა სიახლეებმა კი, შესაძლოა ფორმატის ცვლილებაც გამოიწვიოს.
„მომავალი ევროტურნირების სეზონი უეფამ ერთი თვით გადადო და ის ივლისის მაგივრად აგვისტოში დაიწყება, თუმცა ეს მხოლოდ სავარაუდო სცენარია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როდის დაადასტურებს უეფა საევროტურნირო და სანაკრებო კალენდარს. ამასთან ერთად რა თქმა უნდა, ჩვენ საშუალება უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით განვაახლოთ ჩემპიონატი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რაიმე კონკრეტულ სცენარზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. მითუმეტეს, რომ ის გუნდები, რომლებიც საქართველოს მომავალ ევროტურნირებზე წარმოადგენენ უკვე გამოვლენილი არიან. იმედს ვიტოვებ, უეფას პოზიტიურ გათვლებზე დაფუძნებული სცენარი გამართლდება და ის კიდევ ერთხელ არ შეიცვლება", - ამბობს დავით მუჯირი.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო-კონფერენციაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის და კლუბების წარმომადგენლების გარდა, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, შალვა გოგოლაძეც ესწრებოდა. გოგოლაძის ინფორმაციით, კლუბებს საბაზისო დაფინანსება, რომელსაც ფონდისგან იღებენ, სრულად შეუნარჩუნდებათ და 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხას სრულად მიიღებენ.





ჩვენ








