ბრეიკდანსი, სკეიტბორდინგი, სერფინგი და მეკლდეურობა - ახალი სახეობები 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის
ბრეიკდანსი, სკეიტბორდინგი, სერფინგი და მეკლდეურობა - ახალი სახეობები 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის
13.04.2020
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტთან და საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან ერთად ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დამატებითი დისციპლინების ჩართვის საბოლოო ვადებს განიხილავს.


საუბარია ბრეიკდანსზე, სკეიტბორდინგზე, სერფინგზე და მეკლდეურობაზე (სპორტული ცოცვა), რომლებიც შარშან IOC-ის 134-ე სესიაზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების წინასწარ პროგრამაში ჩართეს.

საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო წლეულს, დეკემბერში საკვალიფიკაციო შეჯიბრებებზე, ჩემპიონატებზე და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ახალ დისციპლინებზე დაკვირვებების შემდეგ.


საგულისხმოა, რომ სკეიტბორდინგი, მეკლდეურობა და სერფინგი პირველად სწორედ ტოკიოს ოლიმპიურ სარბიელზე იქნება წარმოდგენილი.


ახლა, როდესაც ტოკიოს თამაშები 2021 წლამდე გადავადდა, დიდი ალბათობით, პარიზის თამაშების საშეჯიბრო პროგრამის ჩამოყალიბებაც გადავადდება.


„ტოკიო-2020-ის ვადების განსაზღვრის შემდეგ, მეტი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ეს საკითხი ყველა დაინტერესებულ მხარესთან განვიხილოთ. იმედია, ყოველივე უახლოეს ხანებში მოხდება," - განმარტა IOC-ის სპორტულმა დირექტორმა კიტ მაკონელმა.


ამასთან, მაკონელი დასძენს, რომ IOC-ს ჯერჯერობით არ აქვს ზუსტი პასუხი იმაზე, პარიზის თამაშების საბოლოო პროგრამა დეკემბერში დამტკიცდება, თუ საკითხის განხილვა გადავადდება ტოკიოს თამაშების დასრულების შემდეგ.


Photo: AP/François Mori