შეთქმულება არ ყოფილა...
შეთქმულება არ ყოფილა...
14.04.2020
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტის შესავსებად დამატებით საჭიროა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი.  


IOC-ის პრეზიდენტის თქმით, დღესდღეობით რთულია თამაშების გადატანასთან დაკავშირებით ზუსტად განვსაზღვროთ დამატებითი ხარჯები. თომას ბახი ასევე ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება IOC-ის დადანაშაულება იმაში, რომ ის ჭოჭმანობდა თამაშების გადატანაზე გადაწყვეტილების მიღებისას: „ასეთ დაძაბულ ვითარებაში, როგორც პასუხისმგებელ პირს, ინტუიციით გადაწყვეტილების მიღება არ შემეძლო. ნამდვილად არ შეიძლება ჩვენი დადანაშაულება იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ვმერყეობდით. იმისთვის, რომ შეთქმულების თეორიები უკუვაგდოთ, უნდა ითქვას, რომ IOC დაზღვეული იყო ოლიმპიური თამაშების გაუქმების და არა გადავადების შემთხვევაში. გადატანისთვის საორგანიზაციო კომიტეტის თანხმობაა საჭირო, რომელსაც კიდევ ერთი წლით მუშაობა მოუწევს, იაპონიის მთავრობას კი მზადების გასაგრძელებლად მხარდაჭერა უნდა გამოეხატა.


თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თამაშების გადატანას ყველა 206 ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ზაფხულის სპორტის ყველა ფედერაციამ, IOC-ის ყველა წევრმა და ათლეტთა წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი, ვითარება ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. თამაშების გადასატანად შეთნხმებისთვის სამი დღე დაგვჭირდა,  კიდევ ექვსი  - ახალი თარიღის გამოსაცხადებლად, ეს კი ყველაფერზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ათლეტთა და თამაშებში ჩართული ყველა ადამიანის ჯანმრთელობა,  ვირუსის შეკავება," - განაცხადა თომას ბახმა.