თბილისში, ამიერიდან დუდუ დადიანის ქუჩაც არის
თბილისში, ამიერიდან დუდუ დადიანის ქუჩაც არის
14.10.2017
ავტორი:

თბილისში, ქუჩას პირველად დააქრვეს კალათბურთელის სახელი. ამიერიდან, ვაკე-საბურთალოს რაიონში, მამია გურიელიძის ქუჩას (ნუცუბიძის ქუჩის პარალელური), იქ სადაც დუდუ დადიანის სახლი იყო, ამიერიდან კალათბურთელისა და კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დუდუ დადიანის სახელი ჰქვია.

„უზომოდ გახარებულები და ბედნიერები ვართ. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ერს, თბილისის მერიას, საკრებულოსა და კალათბურთის ფედერაციას დუდუს ასეთი დაფასებისთვის. თბილისში, დუდუს სახელობის ქუჩის არსებობა, მისი სახელისა და სულის უკვდავყოფას ნიშნავს", - განაცხადა TSFF.GE-სთან საუბარში მაკა დადიანმა, დუდუს დამ.

შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო სამყარო, დუდუ დადიანის, ადამიანის, რომელმაც ქართული კალათბურთის გადასარჩენ-შესანარჩუნებლად დიდი სამუშაო გასწია, 16 წელია მისი სახელობის ტურნირს ატარებს. სწორედ ამ ტურნირით, წლებია ახალი საკალათბურთო სეზონი იწყება ხოლმე. ამიერიდან, კი თბილისში მისი სახელობის ქუჩაც იქნება. ეს გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ,  მიმდინარე წლის 29 სექტემბერს მიიღო. განკარგულებას, ხელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი აწერს. აღსანიშნავია, რომ დღემდე, საქართველოში, მხოლოდ ორი კალათბურთელის - ოთარ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ქუჩებია და ისიც ფოთსა და ქუთასში.

შეგახსენებთ, დავით (დუდუ) დადიანი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და საკალათბურთო კლუბ „ვითას" კაპიტანი იყო.  სწორედ, „ვითას" შემადგენლობაში დუდუ 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. კალათბურთისთვის თავის დანებება მას, 30 წლის ასაკში მოუხდა. თუმცა, კალათბურთიდან არ წასულა და ფედერაციაში, ვიცე-პრეზიდენტად განაგრძო მუშობა. დუდუს დამსახურებით, საუკუნეების მიჯნაზე, მოხერხდა ეროვნული საკალათბურთო ნაკრების იმ ფორმით შენება, რომელმაც პროგრესირება უკვე მოგვიანებით დაიწყო. დუდუს უშუალო ჩარევის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში თამაში დაიწყო ზაზა ფაჩულიამაც.

კალათბურთს ფედერაციის ახლგაზრდა ვიცე-პრეზიდენტს, დიდი მიზნები და ბევრი გეგმა ჰქონდა ქართული კალათბურთის სასიკეთოდ. თუმცა, 2002 წლის 22 იანვარს, სამსახურის კიბეებზე (მაშინდელი სპორტის დეპარტამენტის შენობა), სამი გასროლით მოკლეს.