
თბილისში, ე.წ. სპორტის უნივერსიტეტის ყოფილი საფეხბურთო მოედანი, რომელიც 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადმოეცა, 2020 წლის ბოლოს ფეხბურთის მოყვარულთა თავშეყრის ახალი ცენტრი იქნება დედაქალაქში. აღნიშნულმა სტადიონმა საუკუნეების მიჯნაზე თავისი უშუალო ფუნქცია დაკარგა, თუმცა, ახალი საფეხბურთო ცენტრი მალე სპორტის ჯანსაღი წესის მოყვარულთა განკარგულებში იქნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით აღნიშნული მშენებლობა, ისევე როგორც კიდევ 5 სხვა მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით, იმ სანიტარული ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს, რომლებიც ქვეყანაში COVID 19-ის გამო დამატებით მოქმედებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. კორონა ვირუსის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, ჭავჭავაძის 49 ნომერში მიმდინარე მშენებლობა, პროექტების ნუსხაშია, რომელიც სტრატეგიული ხასიათისაა და არ ჩერდება. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი ადმინისტრაციული შენობით, ტრიბუნებით, განათებითა და სარბენი ბილიკით. საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. აღსანიშნავია, რომ სარბენი ბილიკით სარგებლობას, რიგითი მოქალაქეებიც მოახერხებენ.
აღნიშნული მშენებლობის გარდა, სფფ თბილისში, კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრს აშენებს გლდანში. პროექტი მოიცავს ხელოვნურსაფარიან სტანდარტულ და მინი მოედანს განათებით, ტრიბუნითა და ადმინისტრაციული შენობით. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც უეფასა და ფიფასგან მიღებული თანხებით მიმდინარეობს, 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა ასევე მიმდინარეობს ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში, რომელიც სფფ-ისა და უეფას დაფინანსებით ხორციელდება, ადგილზე მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულება 2020 წლის ზაფხულში იგეგმება.
სფფ-ის კიდევ ერთი ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ახალ კომპლექსს ექნება ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედნები, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება ფეხბურთელთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები. მშენებლობის 2020 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.
სფფ-ის გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, პროექტის ფარგლებში, რომელიც სფფ-ისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და ერთი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








