ფეხბურთის ფედერაციის მორიგი დახმარება
ფეხბურთის ფედერაციის მორიგი დახმარება
15.04.2020
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში აგრძელებს ხანდაზმული და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარებას. სფფ-ს სპეციალური სასაჩუქრე ყუთები მთელი საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ, 70 წელს გადაცილებულ ვეტერან ფეხბურთელებს გადაეცემათ. სხვადასხვა სოფლებში აღნიშნული ყუთების მიწოდებას ფეხბურთის რეგიონული ფედერაციები უზრუნველყოფენ.


ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ინიციატივით დედაქალაქის მერიას რამდენიმე ასეული ოჯახისთვის არამალფუჭებადი პროდუქტის სასაჩუქრე ნაკრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.


პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძესთან ერთდ გაეცნო. პროდუქტების 600 სასაჩუქრე ნაკრები, სხვა კომპანიების მიერ მიწოდებულ სპეციალურ პაკეტებთან ერთად გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების დახმარებით თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს ოპერატიულად გადაეცემათ.


ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქის მერიას დავეხმაროთ ამ არაჩვეულებრივ წამოწყებაში. ჯამში, გადავეცით 600 ყუთი, ანუ ის პროდუქტები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეს ადამიანებს. სულ გამოვყავით 1 000 ყუთი, საიდანაც 600 დედაქალაქის მერიას გადავეცით, ხოლო დანარჩენს გადავცემთ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში ჩვენს ყველაზე საპატივცემულო ადამიანებს, ვეტერან ფეხბურთელებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ვისაც აქვს გადაადგილების პრობლემა და რასაკვირველია, ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით."


კახა კალაძე - თბილისის მერი: „ეს საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. მასში ჩართულია სრულიად ბიზნესსექტორი, ასევე რიგითი მოქალაქეები. მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. როდესაც გროვდება ეს საკვები, არამალფუჭებადი პროდუქტი, მაშინვე გამგეობები, მოხალისეები მობილიზებულები არიან და ხდება მათი დარიგება იმ ოჯახებში, იმ ადამიანებისთვის ვისაც ამის საჭიროება აქვს."


სპეციალური სასაჩუქრე ყუთები მთელი საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ, 70 წელს გადაცილებულ ვეტერან ფეხბურთელებს გადაეცემათ. სხვადასხვა სოფლებში აღნიშნული ყუთების მიწოდებას ფეხბურთის რეგიონული ფედერაციები უზრუნველყოფენ.1000 სასაჩუქრე ყუთის დარიგება, რომელიც საკვები და ჰიგიენური პროდუქციით, ასევე სააღდგომო პასკითა და ტკბილეულით არის დაკომპლექტებული უკვე დაწყებულია.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კორონა ვირუსთან საბრძოლველად თანხა 100 ათასი ლარის ოდენობით გადარიცხა #StopCov ფონდში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა და ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფინანსური რესურსის გარდა მზადყოფნა გამოთქვა ფედერაციის ბალანსზე არსებული სასტუმროსა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის საკარანტინო ზონად მოსაწყობად.




სფფ-ს ფოტო