
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტურის მორიგი დღე ქუთაისში გაგრძელდა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩემპიონობისთვის მებრძოლი, მოტივირებული „ტორპედო", აბსოლუტურად უმოტივაციო და „ხავს მოკიდებულ", „ელიგაში" ადგილის შენარჩუნებისთვის მოთამაშე „შუქურას" შეხვდა. აქედან გამომდინარე კახა ჩხეტიანისა და გიორგი შაშიაშვილის გუნდების ამოცანაც, თითქოს სხვადასხვა იყო, თუმცა რეალურად ორივე გუნდს, მოგება ესაჭიროებოდა.
მატჩის დასაწყისში, „ტორპედომ", რომელიც პირველ ნომრად თამაშობდა, ოდნავ გადააფასა საკუთარი ძალები და კინაღამ გოლიც კი გაუშვა. მე-15 წუთზე, მარსელიონიმ, რომელმაც მოახერხა ქუთათურთა დაცვის მიტყუება და მეკარესთან თითქმის პირისპირ გავიდა, კარში დარტყმა გადაწყვიტა, რაც კვასხვაძისთვის სულაც არ წარმოადგენდა რთულ ბურთს. თუმცა „შუქურას" ლეგიონერს, რომელსაც კარგად ეხსნებოდა თანაგუნდელი, ეს რომ შეემჩნია, „ტორპედოს" მეკარე, ვერაფერს გახდებოდა.
ეს იყო და ეს, ამის შემდეგ „შუქურას" რეალურად მომენტი თითქმის, აღარ შეუქმნია. სამაგიეროდ, ქუთათურებმა ნელ-ნელა სათამაშო სადავეები ხელთ იგდეს. მხოლოდ პირველ ტაიმში, ჯერ მე-19 წუთზე კუხიანიძე-ქიმაძე- კუტალიას სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ კარგად ითამაშა ქობულეთელთა მეკარემ. მომდევნო მომენტშიც გიორგი სომხიშვილის დამსახურებით, „შუქურას" კარი ვაჟა ტაბიძის შორეულ დარტყმას გადაურჩა. 29-ე წუთზე, კვლავ სომხიშვილმა კაპანაძის ახლოდან დარტმული მოიგერია, თუმცა დამატებაზე, ყოფილ თანაგუნდელთან, ლავან კუტალიასთან ვერაფერი გააწყო და ანგარიშიც ამ მატჩში გაიხსნა. კიდევ, ერთ წუთში, სტანდარტის შემდეგ, ქუთაისელებს, ანგარიშის გაზრდის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ კვლავ სიმაღლეზე იყო ქობულეთელთა მეკარე. ეს ტაიმი, მასპინძელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა. თუმცა, ტაიმის მიწურულს, სანდრო გურულსაც ჰქონდა ანგარიშის გაქვითვის შანსი, რაც ვერ გამოიყენა.
ვერ გამოიყენეს შაშიაშვილის ბიჭებმა მომენტი, ვერც მეორე ტაიმის დასაწყისში. 50-ე წუთზე, როინ კვასხვაძესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ტიანლინ ჰანიმ ვერ აჯობა ქუთაისელთა მეკარეს. სამაგიეროდ, „შუქურას" ამ გამოუყენებელ შანსს, „ტორპედომ" ეფექტური კომბინაციითა და გოლით უპასუხა. დოლიძის პასით, ამ შეხვედრაში კუტალიამ დუბლი გაიფორმა. კიდევ, 8 წუთში ქუთაისელებმა მორიგი გოლი გაიტანეს. 59-ე წუთზე, თავი გიორგი ქიმაძემ გამოიჩინა. ამ მომენტისთვის ქუთაისში წვიმა გაძლიერდა, თუმცა მინდორზე ვითარება გახურდა და მატჩის არბიტრი ჯენერი ხორავა, იძულებული გახდა სამჯერ ყვითელი ბარათი ეჩვენებინა. ამ შეხვედრაში კი ბოლო გოლი სტუმრებმა გაიტანეს. 88-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა კობა შალამბერიძემ, თითქმის „ტორპედოს" მთელი გუნდი მოატყუა და საგოლე პოზიციაზე დავით ჩაგელიშვილი გაიყვანა, რომლის დარტმულიც ზუსტი აღმოჩნდა.
ახლა, 29-ე ტურის ჩემდეგ, „ტორპედომ" 58 ქულა დააგროვა და ხვალინდელ დღემდე, სატურნირო ცხრილში, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერს „დინამო თბილისს". თბილსელები კი ხვალ 20:00 საათზე, „დინამო არენაზე" , „ლოკომოტივს" ეთამაშებიან. თბილისური დერბის გარდა, ხვალ დედაქალაქში, ეროვნული ლიგის 29-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „საბურთალო", ფოთის „კოლხეთი 1913"-ს მიიღებს. ეს მატჩი 17:30 არის დანიშნული.





ჩვენ








