
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღეს, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების თარიღი დააანონსა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2020 წლის 25 ივნისს განახლდება.
„ქართველი გულშემატკივარი მონატრებულია ფეხბურთს, ზოგადად სპორტს. დღეს, პროფესიული სპორტისთვის შესაბამისი დადგენილება გამოაქვეყნა მთავრობამ. ჩვენ, ამ დრომდე, გვგქონდა მჭიდრო კომუნიკაცია მათთან. სპეციალურად ფეხბურთისთვის გვქონდა რამდენიმე მოთხოვნა-ვალდებულება და შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის, ის სცენარი, რომელიც დაგეგმილი გვგქონდა, რომელიც აღმასკომთან ერთად გავიარეთ, რომელიც შეთავაზებული იყო ქართულ კლუბებზე და ოთხშაბათს გვგქონდა მათთან ბოლო ვიდეო-კონფერენცია", - ამბობს სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი.
ელიგის განახლებამდე, მასში მონაწილე ათივე გუნდის ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება (იხ. დადგენილება #13). მატჩების განახლებამდე კი, მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან.
„სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ხანგრძლოვი პაუზა იყო, ჩემპიონატს, ყველა ლიგებში მოუწევს ფორმატის შეცვლა. ამის შესახებ, აღმასკომის წევრებს შორის, შიდა-კომუნიკაციის დროს გვაქვს ნაფიქრი, მიწოდებულია სცენარები, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ლიგა ერთის, ასევე ლიგა 2 და ლიგა 3-ის წარმომადგენელი გუნდებისთვის. შესაბამისად, დღეს ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ და დავსახოთ მიზნად, კონკრეტული თარიღი. შესაბამის სამინისტროებთან გვგქონდა კომუნიკაცია, რათა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, 25 ივნისს, ხუთშაბათს განახლდეს", - ამბობს დავით მუჯირი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელმაც სტარტი 29 თებერვალს აიღო და შესაბამისად, გუნდებმა 2 ტურის თამაში მოასწრეს, შედეგები არ განულდება. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილის სათავეში 6 ქულით, თბილისის „ლოკომოტივია". შესაბამისად, გუნდები 2020 წლის სეზონზე დარჩენილ 16 ტურს ითამაშებენ.
დღევანდელი გეგმით ეროვნული ჩემპიონატი 2020 წლის 5 დეკემბერს დასრულდება. თუმცა, თასის ფინალი და ე.წ. ფლეი-ოფის მატჩები, ამ თარიღის შემდეგ ჩატარდება. მანამდე კი, ჩემპიონატის განახლებასთან დაკავშირებით, ფედერაციის გენერალური მდივანი განმარტავს, რომ:
„არის რამდენიმე პირობა შესასრულებელი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის ასევე, კლუბების მხრიდან. როგორც გითხარით, დამატებითი ვალდებულებები გვაქვს აღებული. მომდევნო კვირაში, 1-დან 7 ივნისამდე ჩატარდება ტესტირება ათივე გუნდში. შესაბამისად, შემდეგ 2-კვირიანი სავარჯიშო პროცესი იქნება და 22, 23, 24-ში, უშუალოდ ჩემპიონატის განახლებამდე, ხელმეორე ტესტები ჩატარდება".
ტესტირებას, ქართული კლუბებისთვის ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. 25 ივნისიდან განახლებული ეროვნული ლიგის მესამე ტური, რამდენიმე დღეზე, უფრო ზუსტად კი, ოთხ დღეზე იქნება გადანაწილებული. ამას ფედერაცია, გულშემატკივართა ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, თუმცა, მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება. დავით მუჯირის ინფორმაციით, ასე, რამდენიმე დღეზე იქნება გადანაწილებული მომდევნო ტურებიც, ვიდრე, ფეხბურთს, ტრიბუნებზე გულშემატკივარიც დაუბრუნდება. სეზონის განახლებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, ეცნობა ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბებს.
როგორც ჩვენი ვებ-გვერდი იტყობინებოდა, ელიგა, ნაცვლად 4 წრისა, 2 წრედ ჩატარდება. ასე იქნება, სხვა ლიგებშიც. ლიგა 4-ის შემთხვევაში კი, გამომდინარე იქიდან, რომ იქ 16 გუნდი ასპარეზობს, 2 წრის ნაცვლად 1 წრე ჩატარდება.
თამაშების კალენდარის შედგენისას, სფფ, სრულად უეფა-ს კალენდრის შესაბამისად ხელმძრვანელობს, რომელიც თავის მხრივ სანაკრებო თამაშებს და უეფა-ს საკლუბო ტურნირებში ქართული გუნდების მონაწილეობასაც ითვალისწინებს.
„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ პარალელურ რეჟიმში აღდგეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1 და ლიგა 2 და ლიგა 3-ის გათამაშებაც. ჩვენი მხრიდან, კლუბები ინფორმირებული არიან, რომ ამ მძიმე პერიოდში, ისინი განთავისუფლებულები იქნებიან საწევრო გადასახადებისგან და თანხა, შესაძლებელი იქნება მოახმარონ იმ საჭიროებებს, რომელიც ამ ვირუსის შედეგად არის გამოწვეული, რათა ყველა იმ ადგილებზე, სადაც უნდა გაიმართოს თამაშები, შეიქმნას შესაბამისი პირობები. კლუბებს, ამ რეგულაციების შესაბამისობაში შეუძლიათ აღნიშნული თანხა გამოიყენონ", - ამბობს დავით მუჯირი.
ამ ეტაპზე არ სახელდება კონკრეტული თარიღი, თუმცა, სფფ-ს გენერალური მდივანი, დღეს, ფედერაციაში, მედიასთან შეხვედრისას აცხადებს, რომ 2020 წლის სეზონზე გაიმართება დ. ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაც. განსხვავება იქნება ის, რომ სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან, სხვადსხვა ლიგის გუნდები. ხოლო, 1/8 ფინალიდან გათამაშებაში ევრო ტურნირებზე მოასპარეზე ოთხი ქართული კლუბი, „დინამო თბილისი" ბათუმის „დინამო", „საბურთალო" და „ლოკომოტივი" ჩაებმებიან. რაც შეეხება დანარჩენ გუნდებს, ისინი ასპარეზობას 1/32 ფინალიდან დაიწყებენ და 1/8 ფინალამდე შესაბამისად, გამოავლენენ იმ 12 გუნდი, რომელსაც სექტემბრიდან, დაემატებიან ევრო-ტურნირებზე მოასპარეზე კლუბებიც.





ჩვენ








