
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში (IOC) ტოკიოს ზაფხულის 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გაუქმების შესახებ დაიწყეს ფიქრი. თუმცა, პარალელურად, ზაფხულის სახეობების ფედერაციებმა იმ შეჯიბრებების თარიღების განსაზღვრა დაიწყეს, რომლებმაც 1 წლით გადავადებული თამაშების მონაწილეებს, სალიცენზიო ქულები უნდა მოუტანოს.
„შეუძლებელია მუდმივად გადაავადო ასპარეზობები. შეუძლებელია მუდმივად დაქირავებული გყავდეს საორგანიზაციო კომიტეტში 3 ათასი ან 5 ათასი ადამიანი. ასევე შეუძლებელია, რომ ყოველ წელს მნიშვნელოვან ფედერაციათა სპორტული კალენდარი სრულიად შეცვალო მთელ მსოფლიოში. არ შეიძლება, რომ ათლეტები გაურკვევლობაში გყავდეს", - ამბობს სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი, რომელიც თვლის, რომ თუკი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარება 2021 წლის ზაფხულში ვერ მოხერხდება, ის უნდა გაუქმდეს.
სოკ-ში კორონა ვირუსის პანდემიისგან შექმნილი პრობლემების და შეჩერებული სპორტული ცხოვრების სხვადასხვა სცენარით განვითარებისთვის ემზადებიან. თუმცა, სოკ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სოციალური დისტანცირების დაცვით ან დახურულ კარს მიღმა ჩატარების სცენარი სპეკულაციებს იწვევს და მას არ სურს, თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.
განსხვავებული სცენარით ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე ალაპარაკდნენ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული სხვა მოხელეებიც. მაგალითად, თამაშების საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელი ჯონ კოუტსი, რომელიც ასევე, ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიცაა მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიით გადავადებული ოლიმპიური თამაშების გამო, ორგანიზატორები „რეალურ პრობლემებს" შეეჯახნენ.
„რეალური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით, რადგან საქმე გვაქვს 206 ქვეყნის ათლეტებთან. ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელიც ავსტრალიის მსგავსად უმკლავდება ვირუსს. ტოკიოში უნდა მივიღოთ 11 ათასი ათლეტი, 5 ათასი ოფიციალური პირი და მწვრთნელი, მედიის 20 ათასი წარმომადგენელი, პლუს საორგანიზაციო კომიტეტში მომუშავე 4 ათასი ადამიანი და ასევე 60 ათასი მოხალისე. ერთი სიტყვით, უამრავ ადამიანზეა საუბარი", - ამბობს, ჯონ კოუტსი.
ამასობაში, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს, რომ იაპონია არ განიხილავს 2021 წლამდე გადავადებული ოლიმპიური თამაშების გაუქმებას. ტოკიო-2020 ერთგულია თამაშები ვალდებულებისამებრ გემის მიხედვით ჩატარდეს.
„ახალი ვადები უკვე განსაზღვრულია. დღეს ჩვენი ამოცანაა მომავალ ზაფხულს თამაშების გასამართად უკეთესი პირობების შექმნა. ძალ-ღონეს არ ვიშურებთ 2021 წელს თამაშების უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში ჩასატარებლად," - აღნიშნულია ტოკიო-2020-ის განცხადებაში.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშები, რომელიც 2020 წლის 24 ივლისი - 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო, COVID-19-ის გამო 2021 წლამდე გადავადდა.
„ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ოლიმპიური თამაშები გადავადდა. ჩვენ ექვს წელიწადზე მეტი დაგვჭირდა იმისთვის, რომ თამაშები წლევანდელი ზაფხულისთვის მოგვემზადებინა. მაგრამ ახლა ჩვენ იგივე უნდა გავაგრძელოთ კიდევ ერთი წლის განმავლობაში," - ამბობს, ტოშირო მუტო, ტოკიო-2020-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
პარალელურად, მთელი რიგი ფედერაციები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ შეჯიბრების თარიღებს ასახელებენ, რომლებზეც ტოკიოს თამაშების ლიცენზიები განაწილდება.
ძალოსნობა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) მხარი დაუჭირა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გეგმას ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო პერიოდის 2021 წლის აპრილის ბოლომდე გახანგრძლივების თაობაზე. ყველა ძალოსანს, მათ შორის მათ, ვისაც საკვალიფიკაციოდ საკმარისი ქულები აქვთ, მოუწევთ 2020 წლის 1 ოქტომბრიდან მომავალი წლის 30 აპრილამდე სულ ცოტა ერთხელ მაინც წარსდგნენ შეჯიბრებაზე.
ძიუდო
ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს, რომელიც 2020 წლის -3 მაისს ასევე პრაღაში უნდა ჩატარებულიყო, ამავე წლის 8-10 ნოემბერს გაიმართება და მას კვლავ პრაღის O2 Arena უმასპინძლებს. გადავადებული ჩემპიონატის წინასწარი თარიღი აპრილში გამოცხადდა, ახლა კი EJU-ს და მასპინძლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, თარიღი საბოლოოდ შეთანხმებულია. ამასთან, კონტინენტის პირველობა ინარჩუნებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო სტატუსს
ტყვიით სროლა
ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირის სტატუსი ექნება 2021 წლის ევროპის ზამთრის ჩემპიონატს 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში, რომელსაც ფინეთის ქალაქი ლოხა უმასპინძლებს 2021 წლის 26 თებერვალიდან 8 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს. ხორვატიის ოსიეკეში კი, 2021 წლის 23 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლაში, 50 მეტრზე შაშხანით სროლაში და სასტენდო სროლაში დაგეგმილ ევროპის ჩემპინატზე ასევე გათამაშდება ოლიმპიური ლიცენზიები. საერთო ჯამში, ლოხაში 6 ოლიმპიური ლიცენზია გაიცემა, ოსიეკეში - 10.
აღსანიშნავია, რომ ქართველ მსროლელთაგან ტოკიოს ოლიმპიადის საგზური უკვე მოპოვებული აქვს ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს, რომელისთვისაც ეს იქნება მეცხრე თამაშები.
ფარიკაობა
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) დააზუსტა ოლიმპიური კვალიფიკაციის ახალი თარიღები, თუმცა ძალაში დარჩა ლიცენზიების განაწილების ძირითადი პრინციპები. კონტინენტური სალიცენზიო ტურნირები გაიმართება 2021 წლის 15-30 აპრილს.
ტოკიოში მედლების 12 კომპლექტი (დაშნით, რაპირითა და ხმლით, პირად და გუნდურ შეჯიბრებაში, ქალთა და ვაჟთა შორის) გათამაშდება. მიმდინარე სარეიტინგო ვითარების გათვალისწინებით, ქართველ მოფარიკავეთაგან ტოკიოს საგზური განაღდებული აქვს ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს, რომელიც 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. გარდა ამისა, მომავალი ოლიმპიადის გუნდურ ტურნირში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ ჩვენი ხმლით მოფარიკავე ვაჟები.
სტატია მომზადებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით





ჩვენ








