
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დღეს სუპერლიგის I ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. „კაკტუსმა" და „სოხუმმა" ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. ამიტომ, ახლადდაწყებულ სუპერლიგაზე პირველი ოვერტაიმი გახდა საჭირო.
სოხუმელები, თამაშის მანძილზე, დროის უდიდეს ნაწილში ლიდერობდნენ. მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 22-:13 მოიგო და დაახლოებით ამ სხვაობას, მატჩის ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. ბოლო პერიოდის წინ სოხუმელები 12 ქულით იგებდნენ, ხოლო ბოლოსწინა წუთზე კი 6 ქულით , 69-63 ლიდერობდნენ.
კაკტუსელებმა ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრეს და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. „სოხუმი" ისევ დაწინაურდა, ამჯერად 5 ქულით, თუმცა კრის უორდმა ისევ ჩააგდო სამქულიანი. ბოლო წამებზე არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი „კაკტუსი" 3 ქულას იგებდა, თუმცა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე უკრაინელმა ბოგდან ბაიდამ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა - 80:80. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მეორე დამატებითი 5-წუთეული უნდა დანიშნულიყო, თუმცა სოხუმელებს დაცვაში კრისტიან ჯონსონი გამოეპარათ, რომელმაც ბურთი გვერდით ხაზთან მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და ძალიან ეფექტურად ჩატენა - 82:80 „კაკტუსის" პირველი გამარჯვება ახალდაწყებულ სუპერლიგაში.
„კაკტუსში" 24 ქულით საუკეთესო იყო კრის ჯონსონი. 16 ქულა დააგროვა დეანდრე პარკსმა, ხოლო 14 ქულა კრის უორდის ანგარიშზეა. დავით ლომიძემ კაკტუსელებს 13 ქულა შემატა. „სოხუმში" 22 ქულითა და 10 მოხსნით ანატოლი ჩელოვანი გამოირჩა. 15 ქულა მოაგროვა მაქსიმ ლუცენკომ, ხოლო ბოგდან ბაიდას ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მეორე ტური 19 ოქტომბერს, „რუსთავისა" და „მარნეულის" მატჩით გაიხსნება. მეორე ტურში თბილისის „დინამო" დაისვენებს. სამაგიეროდ, პირველ შეხვედრას ჩაატარებს „ბათუმი"





ჩვენ








