სუპერლიგის მიმდინარე სეზონის გაუქმებამდე, ფედერაციამ ყველა საბიუჯეტო დავალიანება გაისტუმრა
სუპერლიგის მიმდინარე სეზონის გაუქმებამდე, ფედერაციამ ყველა საბიუჯეტო დავალიანება გაისტუმრა
01.06.2020
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ:


„26 მაისს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობამ, საკალათბურთო სუპერლიგისა და ყველა მიმდინარე ჩემპიონატის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, 2019-2020 წლების სეზონში მიმდინარე ყველა ჩემპიონატი და საკალათბურთო ღონისძიება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის დასაწყისიდან შეჩერებული იყო, გაუქმდა. კალათბურთის ფედერაციამ ჩემპიონატების გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკალათბურთო კლუბების დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა. ზემოთ ხსენებულ საკითხებში, აქტიურად ჩართული იყო საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაცია. ლაშა გამყრელიძე, ფედერაციის წევრებთან ერთად, ძალზედ მოტივირებული იყო მაქსიმალურად გატარებულიყო მოთამაშეთა ინტერესები და ანაზღაურებულიყო საკონტრაქტო პირობები. ყველა საბიუჯეტო დავალიანება, რომელიც სუპერლიგისა და "ა" ლიგის გუნდებს მიმდინარე სეზონში ეკუთვნოდათ, დაფარულია.საქართველოს მოთამაშეთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს ყველა იმ მოთამაშეს, რომელთა საკონტრაქტო პირობები დაირღვა. სამართლებრივ ფარგლებში".


კორონა ვირუსის პანდემიის გამო, საქართვლოს საკალათბურთო სეზონის დროზე ადრე დასრულების შესახებ, კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ განცხადება მაისის ბოლოს გააკეთა. ფედერაციის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ყველა საბიუჯეტო დავალიანება, რომელიც სუპერლიგისა და "ა" ლიგის გუნდებს მიმდინარე სეზონში ეკუთვნოდათ, დაფარული და ის მოქმედებდა პრინციპით, რომ კალათბურთელებმა და საკალათბურთო სამყაროს წევრებმა ეპიდემიის გამო შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა დანაკარგის გარეშე გადაიტანონ.


კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად გააგრძელებს მუშაობას მიმდინარე სიტუაციის შეფასებისა და სამომავლოდ კალათბურთის განვითარებისათვის გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, რათა ივლისის თვეში დაგეგმილ მომავალ გამგეობის სხდომაზე მის წევრებს ნათელი სურათი შეექმნათ მომავალი სეზონის ჩემპიონატების დაწყების თარიღების განსაზღვრისათვის.


შეგახსენებთ, რომ 2019/2020 წლების საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას, COVID 19 - ის გამო შეჩერებულ გათამაშებას 25 ქულით „ბათუმი" ლიდერობდა. მომდევნო ადგილებზე კი, 24-24 ქულით თსუ, „ვერა" და „ქუთაისი" იყვნენ.


ფოტო: კალათბურთის ფედერაციის