„დინამო თბილისი“ კვლავ 4 ქულით უსწრებს მეორე ადგილოსანს
„დინამო თბილისი“ კვლავ 4 ქულით უსწრებს მეორე ადგილოსანს
15.10.2017
ავტორი:

სანაკრებო პაუზის შემდეგ კვირას, 29-ე ტურის ბოლო შეხვედრებს თბილისმა უმასპინძლა. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „საბურთალომ", „კოლხეთი-1913" დაამარცხა. „დინამო არენაზე" კი მასპინძლებმა იმარჯვეს. ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, რთულია იმის პროგნოზირება, თუ 26 ნოემბერს ვინ იქნება სატურნირო ცხრილის სათავეში. თუმცა, დინამოელებმა, პრინციპული თამაში, თბილისური დერბი მოიგეს. 29-ე ტურის ბოლო დღეს, საერთო ჯამში 13 გოლი გავიდა, რაც ამ ტურის დანარჩენ 3 მატჩში გასული გოლებზე 5 გოლით მეტია.

„საბურთალო" - „კოლხეთი-1913" 6-3

პეტრიაშვილზე, პირველი ტაიმის მსვლელობისას ვერავინ იფიქრებდა, რომ საერთო ჯამში ამ გუნდების დაპირისპირებაში 9 გოლი გავიდოდა. ერთ მატჩში დაფიქსირებული რეკორდული გოლების ათვლა დაჩი ცნობილაძემ დაიწყო. პირველი ტაიმის 21-ე წუთზე, ლუკა ლაკვეხელიანის კუთხური, სწორედ მან დააგვირგვინა თავური დარტმით. კიდევ 6 წუთში, ფოთელთა საჯარიმოში ქაოსით ისარგებლა და დუბლი გაიფორმა.

 

მეორე ტაიმის სტარტზევე, ფოთელები, ანგარიშის შემცირებას ახერხებენ. ალექსანდრ დერებჩინსკიმ, შორი მანძილიდან, საბურთალოელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. აი, ამ მომენტიდან, კი საფეხბურთო მოედანზე „პინგ-პონგის" თამაში დაიწყო. 50-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ ფოთელი მცველების შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. 57-ე წუთზე კოხრეიძის პასით უკვე, ლაშა შინდაგორიძემ მე-4 გოლი გაიტანა.  64-ე წუთზე დერებჩინსკიმ, ამჯერად, თავური დარტყმით კუპატაძის კარში მეორე გოლი გაიტანა და ანგარიშის შემცირება კიდევ ერთხელ მოახერხა.  7 წუთში, კიდევ ერთი საბურთალოელი ახერხებს დუბლის შესრულებას. 71-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძეს მორიგი გოლი გააქვს. ამ დროისთვის უკვე ანგარიში 5-2 არის მასპინძელთა სასარგებლოდ და შესაძლოა, მატჩის ბოლოც მშვიდ გარემოში დასრულებულიყო. თუმცა, "კოლხეთი-1913", რომელსაც ლიგაში დარჩენისთვის უწევს ბრძოლა, მატჩის გადარჩენას ბოლომდე შეეცადა. ბუნებრივია, დარჩენილ დროში 3 გოლის გატანა ფოთელებს გაუჭირდებოდათ, მაგრამ ქართული ფეხბურთის აკვანის, ფოთის გუნდმა, 86-ე წუთზე კიდევ ერთ გოლის გატანა მოახერხა. გოლი ფოთელთა ლეგიონერის ამოს ნონდის ანგარიშზეა. კიდევ ერთ წუთში „საბურთალომ", მორიგი გოლი გაიტანა და მატჩს საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მე-6 თბილისელთათვის და მატჩის მე-9 გოლი, დავით ვოლკოვის ანგარიშზეა.

 ამ მოგებით, „საბურთალოსა" და „ლოკომოტივს" შორის სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. ახლა, მომდევნო ტურში, სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებაში გაირკვევა, თუნდაც მცირე ხნით, რომელი გუნდი დაწინაურდება სატურნირო ცხრილში. შეგახსენებთ, „საბურთალოც" და „ლოკომოტივიც" ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვიან.

„დინამო თბილისი" - „ლოკომოტივი" 3-1

თბილისური დერბი წუთიერი დუმილით დაიწყო. ეროვნული ნაკრების შემდეგ, „დინამო არენაზე", დედაქალაქის გუნდის ფეხბურთელებმა, განახლებული ეროვნული ლიგის სასტარტო მატჩზე, საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდის" მეკარის შოთა მამინაშვილის ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.  

მატჩი, რომელიც ფაქტიურად ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა, უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა. „დინამოელებმა", თამაშის დებიუტშივე მოახერხეს ანგარიშის გახსნა. ლაშა თოთაძემ, მორიგი სტანდარტიდან უშანსოდ დატოვა ამჯერად, ლოკოს მეკარე. საჯარიმო, დინამოელთა კაპიტნის, ოთარ კიტეიშვილთან უხეში თამაშის გამო დაინიშნა. შეიძლება ითქვას, პირველ ტაიმში, გამოკვეთილი უპირატესობა არც ერთ გუნდს არ ჰქონია. მაგალითად, გაშვებული გოლის შემდეგ გიორგი დევდარიანის ბიჭებმა, სერგი ლიტოვჩენკოს კართან კი შექნმა რამდენიმე სახიფათო მომენტი, თუმცა რეალურად, კარში დარტყმამდე საქმე არ მისულა. სახიფათო იყვნენ დინამოელები, განსაკუთრებით 2-3 მომენტში. 24- ე წუთზე, როდესაც ბექა მიქელთაძე შეიჭრა საჯარიმოში და მცველთან ორთაბრძოლაში წაიქცა (ითხოვდა პენალტს, რაც არ ყოფილა და ეს კარგად დაინახა მატჩის არბიტრმაც), მომდევნო შეტევაში, იმავე მიქელთაძემ ახლო მანძილიდან ააცილა სტუმართა კარს. ტაიმის მიწურულს, დინამოელებს გოლი, ყოფილმა დინამოელმა - გიორგი რეხვიაშვილმა გაუტანა. 44-ე წუთზე, კუთხურის ჩაწოდების დროს „დინამოს" საჯარიმოში „ასულმა" ლოკომოტიველთა მცველმა, ლიტოვჩენკოს კარში, თავურით გადააგზავნა ბურთი. თუმცა, „ლოკომოტივს" „ზეიმი" არ ჰქონდა დამთავრებული, დინამოელმა ბექა ქავთარაძემ ფლანგზე, რომ იაქტიურა, შეიჭრა „ლოკომოტივის" საჯარიმოში და წამების წინ, დინამოელთა კარში გატანილი გოლის ავტორი ცრუ მოძრაობით იოლად ჩამოიცილა და საგოლე პოზიციაზე მყოფ სეხნიას ბურთ გადააწოდა. ბექა მიქელთაძემ კი ამ ტაიმში ბოლო შანსი არ გაუშვა ხელიდან და „დინამომაც" ტაიმი 2-1 მოიგო. დევდარიანის ბიჭებს, კი გოლი და საფიქრალი „გასახდელში გაატანა".

 

მეორე ტაიმი დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა. თითქმის პირველის ანალოგიურად, თოთაძეს, კვლავ ჰქონდა ტაიმის დებიუტში, საჯარიმოდან ანგარიშს გაზრდის საშუალება. თუმცა თევდორაძე, ამჯერად უნაკლო იყო. სახიფათო იყო ბექა ქავთარაძეც, ოთარ კიტეიშვილიც, თუმცა გოლამდე საქმე არ მიდიოდა, ისევე, როგორც მე-80 წუთზე ლოკომოტიველი გიორგი დიასამიძს მცდელობა, გაემწვავებინა თამაში. თუმცა, ტრავმის შემდეგ დარბუნებული ლიტოვჩენკო „დინამოს" სადარაჯოზე მკაცრად იდგა. ამ მატჩში დინამოელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (ვადაჭკორიამ პირველ ტაიმს 3, ხოლო მეორეს 5 წუთი დაუმატა) მიქელთაძე-ქოჩლაძის კომბინაცია, შეცვლაზე შემოსულმა დინამოელმა გოლით დაასრულა. საბოლოოდ ამ შეხვედრაში ანგარიში 3:1 დაფიქსირდა. მომდევნო შეხვედრას „დინამო თბილისი" გორში, ადგილობრივ დილასთან 19 ოქტომბერს გამართავს. „ლოკომოტივი" კი მორიგ თბილისურ დერბს ითამაშებს, ამჯერად „საბურთალოსთან".

ტურის და კონკრეტულად თბილისური დერბის წინ, სატურნირო ცხრილში, დინამოელებს, მდევარ „ტორპედოსთან", მხოლოდ 1 ქულაღა აშორებდათ. ამრიგად, კაჭრავას გუნდისთვის, რომელიც სეზონის მანძილზე მინუმუმ 3-ჯერ ძირეულად გადახალისდა, „ლოკომოტივთან" გამარჯვება ჰაერივით სჭირო იყო. სხვა შემთხვევაში, გუნდის საჩემპიონო ამბიციებსაც საფრთხე ექმნებოდათ. "ლოკომოტივთან აღებული 3 ქულის შემდეგ, კი „დინამო" კველავ 4 ქულით უსწრებს უშუალო მადევარს, „ტორპედოს" და სატურნირო ცხრილში 62 ქულით, პირველ ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო / ფოტო/

ეროვნული ლიგის მომდევნო, 30-ე ტურის მატჩები 18-19 ოქტომბერს გაიმართება.