საქართველო-ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება
საქართველო-ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება
17.06.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩი, საქართველო - ბელარუსი 8 ოქტომბერს თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება. ამის შესახებ, ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, დაიშვებიან თუ არა ქომაგები თამაშზე.


„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვახერხებთ, პრაქტიკულად ჩვენი ყველა ტურნირის დასრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ფანების გარეშე დიდხანს არ მოგვიწვეს ყოფნა და ადრე, თუ გვიან, ისინი ტრიბუნებზე დაბრუნდებიან", -აღნიშნა ალექსანდერ ჩეფერინმა, უეფა-ს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე, სადაც ყველაზე მეტი შეკითხვა, სწორედ ტრიბუნებზე ფანების დაშვება-არდაშვების საკითხს დაეთმო.


კორონა ვირუსის გამო გაყინული საფეხბურთო ცხოვრება, ნელ-ნელა არსებულ რეალობაში იწყებს ადაპტირებას.  დღეს, უფეა-ს შტაბ-ბინიდან, მორიგი ინტერნეტ-კონფერენცია გაიმართა, რომელზეც, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ქართული ფეხბურთისთვის საინტერესო საკითხებიც განიხილეს. ერთ-ერთი სწორედ 8 ოქტომბერს ჩანიშნული თამაშია. გამარჯვების შემთხვევაში, ფინალურ მატჩს ჩვენი ნაკრები 12 ნოემბერს გამართავს და წარმატების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდება.


უეფა-ს გადაწყვეტილებით, ორგანიზაციისთვის საიუბილეო ჩემპიონატზე, არ შეცვლილა იმ 12 ქალაქის ჩამონათვალი, სადაც გადავადებული ევრო 2020 გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე, დამტკიცდა  მატჩების განახლებული კალენდარი.


რაც შეეხება ერთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშებას, გადაწყდა, რომ ჯგუფური ეტაპი,  3/4/5 და 6/7/8 სექტემბერს, 10/11 და 13/14 ოქტომბერს, 14/15 და 17/18 ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 3 მარტს გამოქვეყნებული კალენდრის შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს პირველი თამაში 3 სექტემბერს, ესტონეთში, გასვლაზე უნდა ეთამაშა. 8 ოქტომბერს, კი ერევანში, სომხეთის ნაკრებს უნდა დაპირისპირებოდა. თუმცა, უეფა-ს აღმასრულებელი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, სავარაუდოდ, აღნიშნულ თარიღებში მცირედი კორექტივები შევა.


აქვე, უეფა-ს მედია პორტალი იტყობინება რომ თამაშების დაზუსტებული კალენდარი, უახლოეს საათებში გამოქვეყნდება.


ევრო 2020 თამაშების განრიგი