
საკლუბო ტურნირების ფორმატში, ცვლილებები იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. კორონა ვირუსის პანდემიის გამო არეულ-დარეული საფეხბურთო სამზარეულო, ახლა ისე ცდილობს ყოველდღიური რიტმი აღადგინოს, სადამდეც „საბანი" წვდება. შესაბამისად, უეფა-ს გადაწყვეტილებით ჩემპიონთა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაპირისპირებები ორ-რაუნდიანი, საშინაო და საგარეო მატჩების ნაცვლად ერთი თამაშით განისაზღვრა. ორ მატჩს, მხოლოდ ფლეი-ოფში გასული გუნდები ითამაშებენ.
მსგავსი გადაწყვეტილება, უეფა-მ იმის გამოც მიიღო, რომ დასასრულებელი და ახალი ტურნირები ერთმანეთში არ აზელილიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020-2021 წლების სეზონის ევროტურნირებზე მონაწილე გუნდებმა, უეფა-ში განაცხადები 2020 წლის 3 აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის #CL თამაშები ამ დროისთვის შემდეგი განრიგითაა ჩანიშნული:
წინასწარი რაუნდი: 8 და 11 აგვისტო
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 18/19 აგვისტო
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 25/26 აგვისტო
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: 15/16 სექტემბერი
ფლეი-ოფი: 22/23 და 29/30 სექტემბერი
ჯგუფური ეტაპი: 20/21 და 27/28 ოქტომბერი, 3/4 და 24/25 ნოემბერი, 1/2 და 8/9 დეკემბერი
უეფა-ს 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, „დინამო თბილისი" იასპარეზებს. აღნიშნულ ტურნირზე დინამოელები სავარაუდოდ განთესილის სტატუსით გამოვლენ.

უეფას ევროპა ლიგის #EL თამაშები ამ დროისთვის შემდეგი განრიგითაა ჩანიშნული:
წინასწარი რაუნდი: 20 აგვისტო
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 27 აგვისტო
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 17 სექტემბერი
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: 24 სექტემბერი
ფლეი-ოფი: 1 ოქტომბერი

ჯგუფური ეტაპი: 22 და 29 ოქტომბერი, 5 და 26 ნოემბერი, 3 და 10 დეკემბერი
აღნიშნულ ტურნირში სტარტს 3 ქართული გუნდი, ბათუმის „დინამო" და თბილისური „საბურთალო" და „ლოკომოტივი" აიღებენ.
უეფა-ს 2020/21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა, 2020 წლის 1 და 2 ოქტომბერს, ათენში, სტავროს ნიარხოს ფონდის კულტურის ცენტრში გაიმართება.

რაც შეეხება ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის #WCL გათამაშებას, რომელშიც წელს პირველად, საქართველოს ქალთა შორის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი" იასპარეზებს, განაცხადების შეტანის ვადა 10 აგვისტომდეა. ამის შემდეგ, შესარჩევი ეტაპის მინი ტურნირები 7-13 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება.
1/32 ფინალის - 11/12 და 18/19 ნოემბერი, 2020
1/16 ფინალის - 3/4 და 10/11 მარტი, 2021
1/4 ფინალის - 23/24 მარტი და 31 მარტი/ 1 აპრილი, 2021
1/2 ფინალის - 24/25 აპრილი და 1 / 2 მაისი, 2021
ფინალი / გიოტებორგი, 2021 წლის 16 მაისი
ქალთა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა ნიონში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს გადაწყვეტილებით, რომელიც დღეს, აღმასრულებელი საბჭოს ონლაინ-კონფერენციის შემდეგ გასაჯაროვდა, ამ ეტაპზე, აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ თამაშებზე, მაყურებელი არ დაიშვება. თუმცა, ევროპული ფეხბურთის მთავარ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ COVID 19-თან დაკავშირებული მოვლენები სწრაფად იცვლება და სტადიონებზეც, გულშემატკივრის დაშვება, პანდემიის სტატისტიკურ მაჩვენებლებთან იქნება დაკავშირებული.





ჩვენ








