უეფა-ს სამედიცინო პროტოკოლი და გულშემატკივრისთვის დახურული მატჩები
უეფა-ს სამედიცინო პროტოკოლი და გულშემატკივრისთვის დახურული მატჩები
17.06.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს გამართულ უეფა-ს აღმასკომის ონლაინ-კონფერენციის დროს, უეფა-მ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ე.წ. სამედიცინო პროტოკოლი დაამტკიცა. დეტალურ სახელმძღვანელოზე (ე.წ. გაიდლაინები) მუშაობა უახლოეს კვირებში დასრულდება. აღნიშნული დოკუმენტით, უეფა  თვლის, რომ მოთამაშეთათვის ყველა სანიტარულ ნორმას უზრუნველყოფს, მას შემდეგ რაც შეჯიბრები განახლდება.


ამ ეტაპზე, გადაწყვეტილია, რომ მატჩებზე გულშემატკივარი არ დაიშვება, თუმცა, უეფა-ს პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის განმარტებით, ევროპული ფეხბურთის მთავარი მმართველი ორგანო, მთელი კონტინენტის მასშტაბით, მის წევრ ორგანიზაციების ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირზე იქნება, რათა სიტუაციიდან გამომდინარე, დროულად მოხერხდეს გულშემატკივრის ტრიბუნებზე დაბრუნება.


„ცოტათი უცნაურია, რომ ახლა ვართ პრესკონფერენციაზე მედიისთვის, რომელსაც მედია, დარბაზში არ ესწრება. იმედი მაქვს, რომ ყველა ჯანმრთელად ხართ", - განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა, დღევანდელი დღის შეჯამებისას.


ჩემპიონთა ლიგა


სამედიცინო პროტოკოლის, დაუსრულებელ სეზონში, ახალი სატრანსფერო ფანჯრის გამო მოსალოდნელი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომებისა და სხვა რიგი მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვის შემდეგ, მედიასთან შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება, არა ტრადიციული ფორმატით ჩატარდება.


2019-2020 წლების სეზონის დარჩენილი ¼, ½ და ფინალური მატჩი, ერთის შეხედვით ფინალური ტურნირის ე.წ. 8-მატჩიანი ფორმატით ჩატარდება, გამოდგებით 13-დან 23 აგვისტოს ჩათვლით ლისაბონში,  Estádio do Sport Lisboa e Benfica-სა და Estádio José Alvalade-ზე გაიმართება.


¼ ფინალები 12/13/14/15 აგვისტოს, ½ ფინალი 18/19 აგვისტოს, ფინალი კი 23 აგვისტოს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ½ ფინალების წილისყრა, ნიონში 10 ივლისს შედგება.


აღსანიშნავია, რომ ყველა მატჩის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი თამაში ფრედ დასრულდება დაინიშნება დამატებითი დრო და პენალტების სერია. მსგავსი ცვლილებები შევიდა სხვა საკლუბო ტურნირებზეც.


მანამდე, 7/8 აგვისტოს, 1/8 ფინალის დარჩენილი მატჩები გაიმართება. თუმცა, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, თამაშები მასპინძელი გუნდების სტადიონებზე ჩატარდება თუ, პორტუგალიაში. თუკი, გადაწყდება რომ ეს მატჩებიც პორტუგალიაში ჩატარდება, აღნიშნულ სტადიონებს Estádio do Dragão in Porto და Estádio Dom Afonso Henriques-იც დაემატებიან. ყველა მატჩი, 21:00 CET დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც სტამბოლში უნდა გამართულიყო, მომავალი სეზონისთვის გადაიდო და შესაბამისად, სტამბოლი აღნიშნული ტურნირის ფინალის მასპინძელი 2020-2021 წლების ფინალის დროს იქნება. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე  გადაიწია უკვე მომდევნო წლებში დაანონსებულმა ფინალის მასპინძელმა ქალაქებმაც.

 2022 - სანქტ-პეტერბურგი

2023 - მიუნჰენი

2024  - ლონდონი, უებმლი.


ევროპა ლიგა


ანალოგიური სცენარით ჩატარდება უეფა-ს ევროპა ლიგის დარჩენილი თამაშებიც. ¼ (10-11 აგვისტო), ½ (16-17 აგვიტსო) და ფინალურ (21 აგვისტო, კიოლნი) მატჩებს გერმანიის რამდენიმე ქალაქი - კიოლნი, დუისბურგი, დიუსელდორფი და გელზენკირხენი 10-21 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებენ.


აღნიშნული ტურნირის 1/8 ფინალის შეხვედრები 5 და 6 აგვისტოს გაიმართება და თამაშები 18.55CET და 21.00CET დაიწყება, იმის გათვალისწინებით, თუ ამ გუნდებს უკვე ჰქონდათ პირველი შეხვედრები ჩატარებული.


„ინტერი" - „ხეტაფესა"  და „სევილი" - „რომას" შორის გადადებული დაპირისპირება 1 რაუნდად ჩატარდება. თამაშები იმ პრინციპით გაიმართება, რის შესახებაც, ოდნავ ზევით, ჩემპიონთა ლიგის ნაწილში ვისაუბრეთ.


ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის მასპინძელი ქალაქების შემთხვევაში აქაც, გდანსკი, რომელსაც წელს უნდა ემასპინძლა ევროპა ლიგის ფინალისთვის, ამ მისიას 2021 წელს იკისრებს. შესაბამისად, სევილია 2022, ხოლო ბუდაპეშტი 2023 წელს.


***


30 აგვისტოს, ბასკეთის სან სებასტიანი უმასპინძლებს ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალს. მანამდე კი დარჩენილი ტურები, მამაკაცთა ტურნირების ფორმატის მსგავსად ესპანეთში ჩატარდება.


და ბოლოს, უეფა-ს 2019-2020 წლების სეზონის სუპერ თასი, რომელიც წელს პორტოში უნდა გამართულიყო, 24 სექტემბერს, 21.00CET ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე" გაიმართება.


დასასრულს გეტყვით იმასაც, რომ დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ჟურნალისტებმა, ისიც იკითხეს, კორონა ვირუსის მეორე ტალღის შემოტევის შემთხვევაში, რომლის მოლოდინიც მთელს მსოფლიოში არის, აქვს თუ არა უეფა-ს გეგმა  „B", რის შესახებაც ალექსანდერ ჩეფერინმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე უეფას აქვს მხოლოდ ერთი გეგმა და იმედოვნებს, რომ მისი შეცვლა, ან სათადარიგო გეგმებზე ფიქრი, არ გახდება საჭირო.