
თორნიკე შენგელია
იოლი გამარჯვებით დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური ფაზა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ". ვალენსიაში მიმდინარე მინი-ტურნირის პირველ შეხვედრაში ბასკონიელებმა "ბილბაო" 87:64 გაანადგურეს. ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში, 26 წუთი ითამაშა და თავი 7 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა.
შედეგიდან გამომდინარე შენგელია შედარებით მოკრძალბული გახლდათ, თუმცა გუნდური თამაშის ხარჯზე ბასკონიელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. თორნიკემ 7-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი კი ააცილა.
საუკეთესო შედეგი ჰქონდა ბასკონიელ ლუკა ვილდოზას, რომელმაც 20 ქულა და 5-5 მოხსნა-პასი დააგროვა. 12 ქულა ჯეისონ გრეინჯერმა, ხოლო 10 - აჩილ პოლონარამ დააგროვეს. მარგი ქმედების კოეფიციენტით შენგელიამ ბასკონიელთაგან მე-7 საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ფაზაში 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფად არიან გაყოფილნი. 18 ივნისს, მადრიდის "რეალთან" გამართავს თავის პირველ მატჩს "ბ" ჯგუფის წევრი ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია", ხოლო 19-ში ერთმანეთს შერმადინის "ტენერიფე" და შენგელიას "ბასკონია" დაუპირისპირებიან.

ბექა ბურჯანაძე
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ ფაზაში ჩაება ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიაც". კუნძულელებს პირველივე მატჩში ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი მადრიდის რეალი შეხვდა, რომელთანაც 73:91 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ფინალურ ფაზად წოდებული მინი-ტურნირის მასპინძელი ქალაქი ვალენსიაა, სადაც მარტში შეწყვეტილი ჩემპიონატის ცხრილის 12 საუკეთესო გუნდი შეიკრიბა და 2 ჯგუფში განაწილებულნი, 25 ივნისამდე ერთ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც, თითო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა. პლეი ოფში სერიები არ იქნება. ნახევარფინალები და ფინალიც ერთი მატჩისგან შედგება.
რეალთან შეხვედრაში ბურჯანაძე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 13:56 წუთში 6 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. კანარელებს 26 ქული მეტ კოსტელომ ულიდერა, გამარჯვებულ მადრიდელთაგან კი 19-19 ქულით საუკეთესონი იყვნენ სერხიო ლიული და ჯეისი კეროლი.
შემდეგ მატჩს ბურჯანაძე თავის ყოფილ გუნდ "ანდორასთან", 20 ივნისს გამართავს.





ჩვენ








