
განახლებული ჩემპიონატიდან „დინამო თბილისის" ღირსებას გიორგი გაბედავა დაიცავს. ეროვნული ლიგის 2018 წლის საუკეთესო ბომბარდირი (სხვათა შორის დინამოელ ბუდუ ზივზივაძესთან ერთად) და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
აღნიშნული ინფორმაცია დღეს, საქართველოს 17-გზის ჩემპიონმა ოფიციალურად დაადასტურა. გიორგი გაბედავამ „დინამო თბილისთან" წელიწადნახევრით გააფორმა კონტრაქტი და გუნდთან ერთად ვარჯიშს უახლოეს დღეებში დაიწყებს.
მანამდე კი, გაბედავა სფფ-ს დადგენილების შესაბამისად კარანტინში იმყოფებოდა და დიღმის ბაზაზე რეკომენდაციების სრული დაცვით, გუნდისგან იზოლირებულად ცხოვრობს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ კი განმეორებით ჩაუტარდება ტესტირება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდება გუნდს.
„დინამო თბილისში" თამაში, ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნებაა. წელს გუნდს, მნიშვნელოვანი გამოცდა ელის ევროტურნირებზე. ევროტურნირებს, თუ საკუთარ სტადიონზე ვითამაშებთ, ერთსაფეხურიანი ეტაპების შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შანსი გვაქვს გადავლახოთ ეს ბარიერი. ბუნებრივია, ფეხბურთი მაყურებლისთვის არის და გულშემატკივრის არ ყოფნა თამაშებზე, ევროპულ ტოპ-ჩემპიონატებსაც ეტყობა. თუმცა, ამ მხრივ საქართველოში მეტ-ნაკლებად შეჩვეულები ვართ ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშს. აქედან გამომდინარე, ამ შეზღუდვას, დიდად ვერ ვიგრძნობთ, მაგრამ, როდესაც მაყურებელი არის ტრიბუნებზე და გამხნევებს ეს, ძალიან დიდი სტიმულია. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ფეხბურთელისთვის", - ამბობს გიორგი გაბედავა TSFF.GE-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფორვარდი სხვადასხვა დროს „გაგრას", „მარიუპოლის", „ბაიას", „სამტრედიის", ბათუმის „დინამოს", „ჩიხურასა" და სოსნოვიეცის „ზაგლებიეს" ღირსებას იცავდა. ბოლო სეზონი კი, „დინამო თბილისის" ახალმა თავდამსხმელმა საბურთალოს რიგებში გაატარა.





ჩვენ








