"დინამომ" ბულგარეთში მატჩის წინ ივარჯიშა
"დინამომ" ბულგარეთში მატჩის წინ ივარჯიშა
17.10.2017
ავტორი:

ამ წუთებში, საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო" ბულგარეთში, ქალაქ სოფიას „უნივერსიადა ჰოლში", მატჩისწინა ვარჯიშს ასრულებს. ხვალიდან, 18 ოქტომბრიდან დინამოელები „ფიბას ევროპის თასის" გათამაშების ჯგუფურ ეტაზე აიღებენ სტარტს. სასტარტო შეხვედრაში, „დინამო" „ლუკოილ აკადემიკს" დაუპირისპირდება. თბილისური კლუბი E ჯგუფში ასპარეზობს და ხვალინდელი მეტოქის გარდა, სტამბულის BBSK-თან და რუმინული „გლუჟ-ნაპოჩასთანაც"  მოუწევს დაპირისპირება.

ბულგარეთში, ირაკლი ხოშტარია გუნდი შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: ილია ლონდარიძე, მიხეილ ბერიშვილი, ლევან ფაცაცია, ნიკოლა გაჩეშა, გიორგი რევაზიშვილი, ზურაბ მაჩალაძე, გიორგი შარაბიძე, ლევან გრძელიძე, ნოდარ გოგოძე, კაელ ტურპინი, ლეველ ბოიდი, იოვან ჩრნიჩი.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელი თამაშისთვის საბრძოლო განწყობაზე.

თბილისელები, სოფიაში, დღეს გამთენიისას გაფრინდნენ. "ლუკოილ აკადემიკ"-თან შეხვედრას კი ხვალ თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყებენ.

მომდევნო შეხვედრას „დინამოელები" 25 ოქტომბერს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში რუმინულ კლუბთან გამართავენ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

„8 ნოემბერს, როდესაც უკვე „ლუკოილ აკადემიკთან" გვექნება განმეორებითი შეხვედრა, არაა გამორიცხული თამაში სპორტის სასახლეში ჩატარდეს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, გაიყიდოს ბილეთებიც. თუმცა ეს ყველაფერი „დინამოს" პირველ-თამაშებზე და მაყურებლის მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული" - განაცხადა ჩვენთან საუბარში „დინამოს" პრეზიდენტმა ვატო ნაცვლიშვილმა.

„ფიბას ევროპის თასის" ჯგუფურ ეტაპზე დინამოს 6 შეხვედრის ჩატარება უწევს, აქედან 3 საშინაო თამაში იქნება. ბოლო საშინაო და ჯგუფურ თამაშს, „დინამო" 6 დეკემბერს სტამბულის BBSK-თან გამართვს.