
თბილისის „მერანისა" და ქუთაისის „ტორპედოს" მატჩით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტური დასრულდა. ქუთაისელებმა 5 ივლისს მოგებული თამაშით სატურნირო ცხრილშიც გაიუმჯობესეს მდგომარეობა და გუნდის წინაშე მდგომი, რამდენიმე ისეთი საკითხიც გადაჭრეს, რომელზეც ტორპედოელები ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, გასაკვირი და სიახლე არ უნდა იყოს.
ასეა თუ ისე, „ტორპედომ" დღეს, თბილისში, მიხეილ მესხზე „მერანთან" საჭირო გამარჯვება მოიპოვა, 0-2. ამ ორი გოლიდან ერთი გიორგი ფანცულაიას გადაცემის შემდეგ გავიდა, ერთი კი თავადა „ფანცომ" გაიტანა და 3 გოლით, ბომბარდირთა დავაში ჩაერთო.
ტური კი ბათუმში, ანგისაზე, საკმაოდ უღიმღამო თამაშით დაიწყო. გია გეგუჩაძის ბათუმის „დინამომ" კაცნაკლულ „საბურთალოსთან" არა თუ მოუგო, არამედ, იღბალი თბილისელების მხარეს რომ ყოფილიყო, სხვა შედეგი დაფიქსირდებოდა. ფაქტია, რომ COVID 19-ით გამოწვეული შესვენების შემდეგ, ორივე გუნდს გაუმართაობა ემჩნევა. შესაძლოა ამიტომაც საფეხბურთო წრეებში, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელების ცვლილებაზე ალაპარაკდნენ. რამდენად გამართლებული იქნება, თუკი, ევროთასებზე მოასპარეზე გუნდებს, უეფა-ს ტურნირამდე თავკაცები შეეცვლება, რთული სათქმელია. თუმცა, ის, რომ ორივე გუნდს ბევრი სამუშაო აქვს - ფაქტია. შეხვედრა კი, ბათუმში ფრედ 1-1 დასრულდა.
უეფა-ს ევროტურნირებზე მოასპარეზე კიდევ ორი ქართული კლუბის დუელი შედგა ამ ტურში თბილისში. „დინამო არენაზე" თბილისურ დერბიში, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერს, „ლოკომოტივს" უმასპინძლა და სატურნირო ცხრილში, ადგილი გაუცვალა. განახლებული ჩემპიონატის შემდეგ, რეალურად „დინამო თბილისი" ის ქართული კლუბი აღმოჩნდა, რომელსაც პანდემიით გამოწვეული შესვენება „წაადგა". ელიგის 2020 წლის პირველი ორი ტურისგან განსხვავებით, დინამოელები გააზრებულ ფეხბურთს თამაშობენ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს, რამდენიმე მოთამაშე კვლავ აკლია. თუმცა, კახა ჩხეტიანს, აგვისტომდე, სამუშაო კიდევ ბევრია აქვს და ამის თქმის საბაბს, მხოლოდ პირველ ტაიმში, დინამოელთა მიერ გამოუყენებელი საგოლე მომენტებია. ბუნებრივია, „ლოკოს" დაკნინებას არ შევეცდები, თუმცა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშებში, მასზე ძლიერი კლუბი, ამდენ შეცდომას არ გაპატიებს. თავის მხრივ, სამუშაო აქვს სოსო ფრუიძესაც, რომლის გუნდმაც კაცნაკლული შემადგენლობით, 62-ე წუთამდე კარის მშრალად შენახვა მოახერხა. თუმცა, შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო და თამაშიდანაც ჩანდა, დინამოელთა მასირებულ შეტევებს ვეღარ გაუშვა და 4 გოლი გაუშვა. ამ დერბიში, „დინამო თბილისმა" 4-0 გაიმარჯვა და როგორც უკვე გითხარით, სატურნირო ცხრილის სათავეში გადაინაცვლა.
4 ტურის შემდეგ, კი 8 ქულით მეორე საფეხურზე გორის „დილაა". გიორგი ნემსაძის შეგირდებს ამ ტურში, არ გასჭირვებიათ, ბოლო ადგილზე მყოფი „ჩიხურას" დამარცხება, 0-2.
„თელავმა" კი, საკუთარ კედლებში, 3-1 სძლია „სამტრედიას".
სატურნირო ცხრილი
მომდევნო ტურების კალენდარი





ჩვენ








