
ის, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ბოლო შეხვედრას, „დინამო არენაზე" საქართველოს ჩემპიონი ვერ მოიგებდა, მცირედი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, მატჩის პირველი წუთებიდანაც იგრძნობოდა. ფაქტია, რომ მოქმედმა ჩემპიონმა, კორონა ვირუსის პანდემიის „არდადეგების" შემდეგ, მხოლოდ ორ თამაშზე „გაქაჩა" და გათამაშების სტარტის მსგავსად, მე-5 და მე-6 ტურები საკმაოდ მძიმედ ჩაატარა. ფაქტია, ისიც, რომ დინამოელთა სამწვრთნელო შტაბმა, წინა ტურში ქუთაისში ჩატარებული უფხო თამაშის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობის შეცვლა გადაწყვიტა, თუმცა, ვერ გამოიცნო. ბუნებრივია, ისიც, რომ იმავე წინა ტურში დაშვებული შეცდომები კარგად შეისწავლა გორის „დილას" ყოფილმა დინამოელმა მთავრმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ და მისთვის მშობლიურ სტადიონზე, პირველი წუთებიდან „დინამო თბილისს" საფიქრალი შეუქმნა, რომელიც მოგვიანებით პრობლემებში გადაიზარდა.
ნემსაძემ კარგად გათვალა, რომ „დინამო თბილისს" მიმდინარე სეზონში, განსაკუთრებით დაცვის ხაზში უჭირს და შესაბამისად, გათვლები ზუსტად, ამ რგოლის შეცდომების სწორად გამოყენებაზე გააკეთა. 37-ე წუთზე, დინამოელთა კარში პირველი გოლი გავიდა. მიმდინარე სეზონში მეორედ (ბათუმის „დინამოსთან" თამაშის შემდეგ), კახა ჩხეტიანის გუნდს, „მინუსიდან ამოსვლა" დასჭირდა და საკმაოდ გაუჭირდა. დინამოელებმა ანგარიში, 68-ე წუთზე გაქვითეს, 11-მეტრიანით და ისიც, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სტუმრები 10-ნი დარჩნენ და გორელები, ვიდრე გადაეწყობოდნენ, მცირედით მოდუნდნენ. სწორედ, ამ მომენტში ჰქონდა ჩხეტიანის გუნდს, ანგარიშის გაზრდის კარგი შანსიც, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ კაცმეტი მასპინძელი, უფრო ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა, ვიდრე მოგებაზე.
„დინამო თბილისმა" მატჩამდე იცოდა, თამაშის მსვლელობისასაც დარწმუნდა რომ:
- ნემსაძის გუნდი უკან ჩაჯდებოდა;
- ჩაკეტავდა სივრცეებს;
- ყოფილი დინამოელის და გორის ლიდერის კოვტალიუკი,ს წინ უმეთვალყურეოდ დატოვება არ შეიძლებოდა;
- ჯარიმები არ უნდა აეკიდებინათ...
მიუხედავადა ამისა, „დინამომ" ყველა ეს შეცდომა დაუშვა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გოლი გაუშვა - სტანდარტულის შემდეგ, მიკოლა კოვტალიუკმა ბურთს ფეხი წაკრა და როინ კვასხვაძის კარში გაიტანა. გორელებმა, სტუმრად 1-2 მოიგეს.
„12 თამაში გვაქვს წინ. გორის „დილამ" დამსახურებულად გაიმარჯვა. პირველი მარცხია ჩემპიონატში. შევეცდებით, ის შეცდომები, რომლებიც დაშვებული იყო პირველ რიგში ჩემი მხრიდან, გამოვასწოროთ და ყველა თამაშზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ", - იტყვის კახა ჩხეტიანი თამაშის შემდეგ და ძნელია არ დაეთანხმო, იმ ნაწილში, რომ „დილამ" დღეს მოგება დაიმსახურა. დარჩენილ 12 ტურშიც, რომ ბევრი რამ შეიცვლება, ესეც ფაქტია. უბრალოდ, პირველ წრეში დაკარგული ნებისმიერი ქულა, შესაძლოა „დინამო თბილისს", თუმცა ისე, როგორც სხვა ყველა გუნდს, ჩემპიონატის ბოლოსკენ წამოეწიოს.
***
ამ მხრივ, მე-6 ტურში, ჩვენი გვერდის აზრით, „საბურთალო" დაიჩაგრა, როდესაც "ლოკომოტივთან" მატჩში მათ, 77-ე წუთზე, კაკუბას აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში მონაწილეობა გიორგი კოხრეიძემაც მიიღო, რომელმაც ერთი თამაშით ადრე, წითელი ბარათი მიიღო და სადიციპლინომ დისკვალიფიკაციაც მისცა რამდენიმე თამაშით, თუმცა, კოხრეიძის „დასახსნელად", „საბურთალომ" სადიციპლინოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟოში გაასაჩივრა, მათ კი ახალ გადაწყვეტილებამდე, ძველი შეაჩერეს და გიორგიმაც, „ლოკომოტივთან" შეხვედრა ჩაატარა.
***
ტურის დანარჩენ შეხვედრებში, ბათუმში „დინამომ" 2-0 დაამარცხა ქუთაისის „ტორპედო", რომელმაც წინა ტურში, თბილისურ „დინამოს" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა, როგორც ჩანს ძალები ვერ გადაანაწილა. თუმცა, არ გაგვიკვირდება, თუ იგივე ბედი ელის გორის „დილასაც", რომელიც მომდევნო ტურში, სწორედ, ბათუმის „დინამოს" ხვდება.
„თელავმა" ამ ტურშიც დაამტკიცა, რომ ამ ჩემპიონატში, ხელწამოსაკრავი გუნდი არ იქნება. კახელებმა, ამჯერად „ჩიხურა" დაამარცხეს „კავკასიონი არენაზე", ანგარიშით 2-0 და ახლა, სატურნირო ცხრილში 9 ქულით, „დინამო თბილისის" შემდეგ, მეოთხე ადგილზე არიან.
ორი გოლის გატანა მოახერხა თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე კახა კაჭარავას სამტრედიამ. თუმცა, იმერლებს, მთელი 47 წუთი დასჭირდათ, ანგარიშის გასათანაბრებლად. თბილისის „მერანისა" და „სამტრედიის" შეხვედრა 1-2 დასრულდა.
სატურნირო ცხრილი
მომდევნო ტურის კალენდარი
და ბოლოს, ალბათ უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროტურნირებამდე, საკმაოდ მცირე დრო რჩება. გუნდებში კი, რომლებსაც ამ საკლუბო ტურნირებში, საქართველოს სახელის დაცვა მოუწევთ, არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა. შესაბამისად, ალბათ არ იქნება ურიგო, თუ ეროვნული ლიგის პარალელურად, „დინამო თბილისი", ბათუმის „დინამო", „საბურთალო" და „ლოკომოტივი" ამ მომავალ ასპარეზობისთვის შესაფერისი დასკვნების გამოტანას მოახერხებენ. სხვა შემთხვევაში, ყველა ქართულ კლუბს, ევროსარბიელზე კრახი ელის.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








