
ლევან მჭედლიძის შემდეგ, „დინამო თბილისი" ესპანელმა მეკარემ ხოსე პერალესმა დატოვა.
„მინდა შეგატყობინოთ, რომ „დინამო თბილისთან" კონტრაქტი შევწყვიტე. იმ წამატების შემდეგ, რასაც ერთად მივაღწიეთ, რთულია ამ გზის დასრულება. მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, რომლებმაც წელიწადნახევრის მანძილზე მაგრძნობინა სიყვარული და პატივისცემა. ასევე მათ, ვინც განსაკუთრებით ამ ბოლო კვირების მანძილზე, ჩემი მდგომარეობით წუხდებოდა. ასეთი ბევრი იყო. დადგა დრო, მიმეღო გადაწყვეტილება და ახალი მომავლისკენ, ენთუზიაზმით, ენერგიითა და ოპტიმიზმით გამეხედა. ვიმედოვნებ, რომ მალე ჩემი წარმატების შესახებ, ახალ ამბებს გამცნობთ", - ამ სიტყვებით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2019 წლის საუკეთესო მეკარე, ხოსე პერალესი „დინამო თბილისის" გულშემატკივარს და არა მხოლოდ მათ დაემშვიდობა.
მოგვიანებით, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გასულ სეზონზე, გუნდის მთავარი მეკარის წასვლის შესახებ თავადაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ესპანელი გოლკიპერის ხოსე პერალესის თბილისში ჩამოსვლა დროში საკმაოდ გაიწელა. ამას თან დაერთო სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი, რომლის გავლაც მეკარეს მოუწევდა, რაც მის გუნდთან შეერთებას კიდევ უფრო გადაავადებდა. ამრიგად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბსა და გოლკიპერს შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა. დინამო თბილისი ხოსე პერალესს წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.
საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" დღესვე, გუნდში მომხდარი კიდევ, რამდენიმე ცვლილების შესახებ გააკეთა გაცხადება. კერძოდ, გუნდის ნახევარმცველები - გიორგი მოისწრაფიშვილი და არფან დაფე სეზონს იჯარის წესით, „თელავსა" და „სამტრედიაში" გააგრძელებენ.
თუმცა, არაა გამორიცხული, რომ დინამოელთა რიგებში კიდევ მოხდეს ცვლილებები. ჩვენი გვერდისთვის, ელიგაში მოასპარეზე რამდენიმე გუნდიდან, ცნობილი ხდება მზადყოფნა, იჯარის წესით რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატონ. თუმცა, იმავე გუნდების წარმომადგენლები, ამ ეტაპზე აცხადებენ, რომ „დინამო თბილისი" მოლაპარაკებების „მაგიდას" ჯერ არ მიჯდომია.





ჩვენ








