
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ინფორმაციით, ღია სტადიონებზე გულშემატკივართა დაშვება უახლოეს დღეებში მოხდება. ამის შესახებ კობიაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გულშემატკივრები სტადიონებზე თერმო-სკრინინგის გავლის შემდეგ დაიშვებიან.
„დღეს, საკოორდინაციო საბჭო შედგა და მეც ვიყავი მიწვეული კონკრეტულ საკითხთან დაკავშრებით. ეს საკითხი, ეხება სპორტს და კონკრეტულად ფეხბურთს. როგორც იცით, დაახლოებით თვეზე მეტია, რაც ფეხბურთის ჩვენი, შიდა ჩემპიონატი დაიწყო. ასევე, პარალელურად სპორტის სხვა სახეობებიც გააქტიურდნენ. თუმცა, ამ ეტაპისთვის, ეს ყველაფერი ხდება მაყურებლის გარეშე და გარკვეულ ეტაპზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, გარკვეული სირთულეები დადგა. როგორც იცით, ზოგადად ჩვენი ხელისუფლების და თითოეული ჩვენთაგანისთვის პრიორიტეტი არის ადამიანის უსაფრთხოება, მათი ჯანმრთელობა, ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამთ. თუმცა, მეორე საკითხია რასაც ასევე ხაზსს ვუსვამთ, რაღაც შეზღუდვების მოხსნა. დღევანდელ საკითხზე, ბატონ პრემიერ მინისტრს და ასევე საბჭოს წევრებს მოვახსენე, არსებული მდგომარეობა სტადიონებთან დაკავშირებით. ალბათ, თქვენც და ბევრმა ადამიანმა ნახა კადრები, როდესაც სტადიონების მიღმა გულშემატკივრები იკრიბებიან ვიწრო სივრცეში და ნამდვილად არ არის ეს დაცული მათი უსაფრთხოების კუთხით და თუნდაც, კოვიდთან მიმართებაში სასურველი მათი ასე ერთად, ამ მდგომარეობაში ნახვა. შესაბამისად, საკითხი დადგა გულშემატკივრის სტადიონზე დაშვებასთან დაკავშრებით და სასიხარულოა, პოზიტიური მხარდაჭერა არის ამ კუთხით. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, უკვე პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრის დაშვება, თუმცა, ხაზს გავუსვამ, რომ ეს არ მოხდება ქაოტურად. ეს იქნება, პირველ რიგში, რაც მნიშვნელოვანია ყველა იმ სტანდარტის დაცვით, შესაბამისად მოხდება, ყველა სტადიონზე, იმ რაოდენობის შესაბამისად, რა რაოდენობის გულშემატკივართა ტევადობა არის განსაზღვრული. ეს იქნება დისტანციურად", - ამბობს ლევან კობიაშვილი.
თუ რა რეგულაციები იქნება გულშემატკივრისთვის თერმო-სკრინინგის გარდა, ამის თაობაზე, სავარაუდოდ ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს რეგულაციებს. მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ მე-6 ტურიდან სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს უფლება მისცა, მატჩისშემდგომი კომენტარები ჩაეწერა. თუმცა, ამავდროულად ძალაში დატოვა, არენაზე, მატჩის დროს ფოტოგრაფების დაშვება.





ჩვენ








