პაპუნა სარაგოსაში დაბრუნდა
პაპუნა სარაგოსაში დაბრუნდა
21.07.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გიორგი პაპუნაშვილი, „რასინგს" დაემშვიდობა. ქართველმა ფეხბურთელმა, საკუთარ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის განცხადება გამოაქვეყნა:


„მოვიდა დრო დაგემშვიდობოთ. სამწუხაროდ, გუნდის დახმარება ვერ მოვახერხე, ძნელია გადმოცემა თქვენთვის და სიტყვების პოვნა რასაც ვგრძნობ. დიდი იმედებითა და ოცნებებით ჩამოვედი, მაგრამ ადამიანებმა სამწუხაროდ, ეს ვერ დაინახეს და არ დააფასეს. მათ საკუთარი მიზნები და შეხედულებები ჰქონდათ, როგორც აღმოჩნდა ამან არ გაამართლა და ჩვენ მარცხი განვიცადეთ. ეს დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო ჩემთვის.


მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, ისინი საუკეთესოები არიან და უკეთეს იმსახურებენ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პერიოდს ერთად გადალახავთ და დაბრუნდებით უფრო ძლიერები. წარმატებები!"


შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი ლა ლიგა 2-ში მოთამაშე „რასინგს" 6-თვიანი საიჯარო წესით შეუერთდა. იმ მომენტისთვის გუნდს 22 ტური ჰქონდა ჩატარებული და  19 ქულით, სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იყო. თუმცა, საბოლოოდ მას ლიგის დატოვება და დაქვეითება მოუხდა.


ამასობაში, ქართველის საიჯარო ვადაც ამოიწურა და ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ უკვე ხვალიდან გიორგი პაპუნაშვილი „რეალ სარაგოსას" შეუერთდება.


„ამ კლუბთან მაქვს ორწლიანი კონტრაქტი, რომელიც ჯერ არ ამოწურულა. ისევე, როგორც ესპანეთში ჩასვლისას, ახლაც ჩემი მიზნები „რეალ სარაგოსას" წარმატებას უკავშირდება. შესაბამისად, კონტრაქტის ამოწურვამდე, რაიმე სხვა გეგმებზე ლაპარაკი ნაადრევი მეჩვენება. მინდა სარაგოსაში, ჩემი ყველა შესაძლებლობა ამოვწურო და მიზნებს მივაღწიო. მოგეხსენებათ, ჩემი გუნდი ახლა პრიმერაში გადასასვლელ ფლეი-ოფშია და წარმატების შემთხვევაში, პრიმერაში ითამაშებს. ეს კი, ჩემთვის, უკვე სულ სხვა შესაძლებლობებია",  - ამბობს გიორგი პაპუნაშვილი TSFF.GE-სთან საუბარში.


გიორგი პაპუნაშვილმა უარყო ქართულ საფეხბურთო წრეებში მოარული ხმები, ვითომ ფეხბურთელს რამდენიმე კლუბიდან დაუკავშირდნენ და ის სავარაუდო კლუბებიც დაასახელეს, რომლებშიც ვითომდა პაპუნაშვილი ითამაშებდა.


„რეალობაა, რომ სარაგოსაში ვბრუნდები. ამ ერთი თვის მანძილზე, ხან „პანათინაიკოსში" გადამიყვანეს, ხან „პაოკში", „ლუცერნში". ისიც თქვეს, რომ ჩემს და თემურ ქეცბაიას შორის მოლაპარაკება შედგა და მე „ანორთოსისში" გადავდივარ. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩემი ფიქრი სარაგოსაში წარმატებას უკავშირდება. ბუნებრივია, თუკი, რაიმე შემოთავაზება იქნება, დავჯდები და განვიხილავ", - ამბობს პაპუნაშვილი.


ამასობაში, პაპუნაშვილის „სარაგოსა" ფლეი-ოფის მატჩებისთვის ემზადება. ალბათ, რომ არა გუნდის წაბორძიკება და მდევარ გუნდებთან 5-ქულიანი უპირატესობის დაკარგვა, პაპუნაშვილი პრიმერა-დივიზიონის ფეხბურთელი იქნებოდა უკვე. თუმცა, ახლა ქართველის გუნდს, კიდევ 2 ეტაპის გავლა უწევს ნანატრ ლიგამდე და მნიშვნელოვანი თამაშების გულშემატკივრის რანგში ყურება, რადგან კანონმდებლობით, სეზონის ბოლომდე, მას გუნდთან თამაშის უფლება არ აქვს.


„კი, ფლეი-ოფში ვერ მივიღებ მონაწილეობას. კორონა ვირუსით გამოწვეული შესვენების შემდეგ, თავს კარგად ვგრძნობ. თვითიზოლაციის მიუხედავად, რომლის დროსაც ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, ვთვლი, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ", - ამბობს პაპუნაშვილი.


ერთი საინტერესო დეტალი ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილიდან. „რეალ სარაგოსა", რომელიც ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში, მე-3 ადგილზეა, დიდი ალბათობით პლეო-ოფში „ელჩეს" შეხვდება. ამის მიზეზი, 20 ივლისამდე პაპუნას გუნდის, სავარაუდო მეტოქის, „ფუენლაბრადა"-ს რიგებში შექმნილი ვითარებაა. საქმე კი, ისაა, რომ „ფუენლაბრადას" 6 ფეხბურთელს და სამწვრთნელო შტაბს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ და თამაში, რომელიც 20 ივლისს უნდა გამართულიყო გადაიდო. შესაბამისად, თუ 23 ივლისსაც გუნდი ვერ ითამაშებს და შესაბამისად ბოლო ტურის მატჩი „დეპორტივოსთან" წაგებად ჩაეთვლება, პაპუნაშვილის გუნდი,  ½ ფლეი-ოფში „ელჩესთან", „ალმეირა" კი, „ჟირონასთან" დაწყვილდება.


აქვე, გეტყვით, იმასაც, რომ პოსტ-პანდემიურ ესპანეთში, ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე დაბრუნდა. გუნდები თამაშებზე, 2-2 ავტობუსით გადაადგილდებიან, ერთში მოთამაშეები სხედან, მეორეში სამწვრთნელო შტაბი, ტექნიკური სტაფი და პრეს-სამსახური. ავტობუსებში სოციალური დისტანციაა დაცული. სოციალურ დისტანციას იცავენ თვითმფრინავით მგზავრობისასაც და სასტუმროებშიც, სადაც ნომერში, მხოლოდ ერთი ფეხბურთელი შედის.