
განსხვავებულ, მაგრამ ისეთივე საინტერესო სეზონს პირდებიან ორგანიზატორები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებს, როგორც ეს უკვე ჩატარებულ 9 გათამაშებისას იყო. მანამდე კი მადლობას უხდიან, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ტურნირის განვითარებაში პატარა წვლილიც კი შეიტანა. მათ შორის ქართლოს ჭუმბურიძეს, რომელიც აღნიშნული გათამაშების სათავეებში ისევე იყო, როგორც 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში ყველა ახლადდაფუძნებულ მინი-საფეხბურთო ტურნირთან. ლიგის ისტორია 2008 წლიდან იღებს სათავეს. ამ წელს, სპორტული სააგენტო SBM-ს ორგანიზებით, პირველად ჩატარდა სამოყვარულო ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში, „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა", ღონისძიება, რომელიც მთელი თავისი არსით ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურება. ტურნირი, ყოველწლიურად პროგრესირებდა. იზრდებოდა, მასში მონაწილე ბიზნეს ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდების რაოდენობაც.
„მინდა ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს მივულოცო ეს იუბილე, ათი წელია ეს ტურნირი ტარდება ძალიან მაღალ დონეზე, ბუნებრივია ამ ჩემპიონატის მიმართ ინტერესი არის ძალიან დიდი. არაერთი ძალიან კარგი ფეხბურთელი მისცა ეროვნულ ნაკრებს ამ ლიგამ. მჯერა, რომ ეს სამჭედლო კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. ნაკრების წარმატების წინაპირობა კი არის მსაგვსი ჩემპიონატების ჩატარება. მინდა ხაზი გავუსვა სპორტული სააგენტო SBM- ის მენეჯმენტს და ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, რადგან ეს არის კარგად შეფუთული, მაყურებლამდე სწორად მიტანილი ტურნირი, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს", -აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების, რიგით მე-10 სეზონი სტარტს 29 ოქტომბერს აიღებს. პირველი ტურის შეხვედრებს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ, 5 ნოემბერს კი ჩემპიონატში ოქროს და ბრინჯაოს ლიგის მონაწილეები ჩაებმებიან. წლევანდელ გათამაშებაში 2 გუნდით იასპარეზებს სფფ-ც (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია), რომლის მთავარმა გუნდმაც, გასული სეზონის ფინალი პსპ-ს საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო. იქნება თუ არა სფფ-ს პირველი გუნდის შემადგენლობა, შარშანდელის ანალოგიური ჯერჯერობით უცნობია. გასულ სეზონზე კი გუნდის ღირსებას დავით მუჯირი, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, გივი კვარაცხელია, ალეკო ამისულაშვილი - მოკლედ, საქართველოს სხვადასხვა დროის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები იცავდნენ. ბიზნეს ლიგის ყველა მონაწილე აღიარებს, რომ სფფ-ს ამ გუნდთან სათამაშოდ, ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ და თამაშის დროსაც მაქსიმალურად იხარჯებოდნენ. ახალი სეზონის სასტრატო მატჩში, სფფ, „ნატახტარის" გუნდს შეხვდება.
„მსგავსი პროექტები ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს. ფეხბურთის ფედერაცია, კომპანია SBM-თან ერთად ფუტსალის ლიგის ორგანიზატორია, 2017-2018 წლის სეზონსაც ერთობლივად ჩავატარებთ. სასიხარულოა, რომ მათ სამაყვარულო ფეხბურთში უკვე წლებია დამკვიდრებულია. SBM-ის მიერ ჩატარებული ჩემპიონატები სამაგალითოა. კერძო სექტორი კი, რომლებიც ფეხბურთის განვითარების ხვალინდელი დღეა, ჩართულები არიან ისეთ ჩემპიონატში, როგორიც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაა", -ამბობს, დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი.
მე-10 საიუბილეო სეზონის წილისყრა დღეს, სასტუმრო „ბილტმორში", იმ დარბაზში გაიმართა, სადაც 1995 წელს, საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საიუბილეო გათამაშება, ექვსი სხვადასხვა ლიგის, სამოცამდე მონაწილეს გააერთიანებს. ერთ წრედ გამართული რეგულარული სეზონის შემდეგ, პლეი-ოფებში ასპარეზობას 8-8 გუნდი განაგრძობს, სადაც მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ორი მოგების შედეგად გაირკვევა.
განსხვავებული ფორმატით ჩატარდება მეათე სეზონის თასის გათამაშება - წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, სუპერლიგის, ოქროს და ვერცხლის ლიგის 30 მონაწილესთან ერთად, ბრმა წილისყრაში მონაწილეობას ბრინჯაოს ლიგის ორი საუკეთესო გუნდიც მიიღებს. პირველი ეტაპის, 1/16 ფინალური შეხვედრები გაზაფხულზე გაიმართება.
გაზაფხულიდან დაიწყება საკვალიფიკაციო ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს გათამაშებაც, სადაც პლეი-ოფს მიღმა დარჩენილ გუნდებთან ერთად, დებიუტანტები იასპარეზებენ. 2017/18 წ.წ სეზონის ჩემპიონატის თამაშებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.
„ეს მეათე საიუბილეო სეზონია, ჩვენს ჩემპიონატში უკვე 60 გუნდია ჩართული, ეს ყველაფერი კი არის ჩვენთვის ძვირფასი და განსაკუთრებული, რადგან კომპანიები აფასებენ ჩვენს შრომას. მეთე სეზონი განსხვავებული და განსაკუთრებული იქნება იმიტომ, რომ ბევრი გამოცდილი გუნდი თამაშობს, ბევრი დებიუტანტი და ეს შექმნის იმ დაძაბულობას რაც განსაკუთრებულ სილამაზეს და ელფერს მისცემს ჩემპიონატს", - ამბობს, ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ჩემპიონთა ლიგა სტარტს 29 ოქტომბერს აიღებს. ტურნირის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
იხილეთ კალენდარი





ჩვენ








