
ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშების სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვე, როგორც ჩანს, კიდევ რამდენიმე ტური შენარჩუნდება. მე-7 ტურის ბოლო შეხვედრაში გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე" „დილამ" ვერ მოახერხა ბათუმის „დინამოს" დამარცხება და შესაბამისად, კონკურენტებთან 5 და მეტი ქულით დაწინაურება.
როგორც მოსალოდნელი იყო და რაც ბოლო თამაშებიდანაც კარგად ჩანს, გია ნემსაძის (რომელიც მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს) გუნდმა, ამჯერადაც პრიორიტეტი კონტრშეტევებზე გააკეთა და ბათუმელებს ბურთის კონტროლის საშუალება მისცა. თუმცა, გუნდმა, რომელმაც სულ მალე უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩზე უნდა წარმოადგინოს საქართველო, ვერ ვეტყვით, რომ რაიმე ხეირიანი მომენტი შექმნა. ის გოლიც კი, რომელიც ბათუმელთა სათვალავში ჩაიწერა, გორელთა დაუდევრობას უფრო მოჰყვა, ვიდრე გეგუჩაძის გუნდის გააზრებულ თამაშს. შესაბამისად, ევრო-ტურნირებამდე მცირე დროით ადრე, სწორედ ბათუმელებს უფრო უნდა ადარდებდეთ ის გარემოება, რომ რეალურად კარის მიმართულებით არ დაურტყამთ, ვიდრე „დილას", რომელმაც თავის გოლი ამ მატჩში მაინც გაიტანა და სატურნირო ცხრილში პირველ საფეხურზე ადგილი შეინარჩუნა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
ამ ტურის შემდეგაც „დილა" და ბათუმის „დინამო" ის ორი გუნდია, რომელსაც ეროვნული ლიგის წლევანდელ გათამაშებაში, ჯერჯერობით მატჩი არ წაუგია.
***
ფრედ, 1-1 დასრულდა შეხვედრა თბილისში, „ლოკომოტივსა" და „თელავს" შორის, რომელიც „არ იმჩნევს", რომ ქვედა ლიგიდან ამოსულია და ძლიერთა ლიგის ლიდერებს, თავდაუზოგავად უწევს კონკურენციას. გიორგი ჭიაბრიშვილმა, ახალ გუნდთან ერთად მეორე ქულა აიღო, თუმცა, ისევე, როგორც ბათუმის „დინამოს" სეხნია მწვრთნელს მასაც სერიოზული სამუშაოს ჩატარება მოუხდება და საკადრო ფაქტორის სრული კონცენტრაცია, რათა ამ ეტაპზე უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სათანადოდ წარსდგეს. რაც შეეხება მე-7 ტურის შეხვედრას, აქ ანგარიში 61-ე წუთზე გაიხსნა და თბილისურ გუნდს, „მესხი 2"-ზე მხოლოდ 9 წუთი დააკლდა იმისთვის, რომ სატურნირო ცხრილში, 3 ქულა ჩაეწერა.
***
პირველი მატჩი მოიგო მიდინარე გათამაშებაში საჩხერის „ჩიხურამ". საჩხერელებმა, რომლებიც, ტრადიციას არც ამჯერად ღალატობენ და წელიწადის ამ დროისთვის დამახასიათებლად საშინაო მატჩებს თბილისში ატარებენ, დედაქალაქურ „მერანთან", მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხეს უპირატესობის თავის მხარეს გადაქაჩვა და სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და 3-0 გაიმარჯვეს.
***
დედაქალაქის ორმა გუნდმა, იმერეთში 4-4 გოლი გაიტანა და სახლში 3-3 ქულა წამოიღო.
ჯერ ქუთაისში, „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე" „საბურთალომ" პირველ ტაიმშივე უთხრა „ტორპედოს", რომ ამ დღეს, მათ ყველა შანსი დაკარგული ჰქონდათ. საბოლოოდ კი, 0-4 მოიგო. ალბათ, საინტერესოა, როგორ დაასრულებდა ამ მატჩს მიხეილ აშვეთიას გუნდი, თუმცა, ფაქტია, რომ თემურ შალამბერიძის „საბურთალომ" მე-11 წუთზე მიღებული რიცხობრივი უპირატესობა პირველივე ტაიმში გამოიყენა და საბოლოოდ, „ტორპედო" რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ქუთაისელები ინვესტორებთან და მერიასთან მოლაპარაკებებში უფრო მეტ რესურს ხარჯავენ ვიდრე გუნდის სპორტულ მხარეზე, რაც საბოლოოდ მათ ეროვნულ ლიგაში ადგილის ფასიც კი შეიძლება დაუჯდეთ.
***
რაც შეეხება, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „დინამო თბილისს", რომელმაც წინა ტურში გაუმართლებელი მარცხი იწვნია, სამტრედიაში, „ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე" გადახალისებული შემადგენლობით გავიდა. კახა ჩხეტიანმა, მე-6 ტურში, გორის „დილას" წინააღმდეგ გამოსული სასტარტო შემადგენლობიდან, „სამტრედიასთან" მატჩში 5 ფეხბურთელი შეცვალა. შესაბამისად ამ დღეს, ქარდავას, გაბედავას, კუციას, აზაროვისა და ტრუბოჩკინის ნაცვლად, საიმონ ბენიომ, თორნიკე კაპანაძემ, ირაკლი ბუღრიძე, ნოდარ იაშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა დაიწყეს თამაში. შესაბამისად, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩხეტიანმა, რამდენიმე მოთამაშეს პოზიციები შეუცვალა და აქედან გამომდინარე, გუნდს მცირედი დრო დასჭირდა შესათამაშებლად. შემდეგ, კი, ჩემპიონმა თამაში, ზუსტად 5 წუთში დაასრულა. დინამოელებმა გოლები 17', 20', 22' წუთებზე გაიტანეს და შეხვედრის ბოლომდე, თამაში აკონტროლეს. თუმცა, მატჩის დასრულებამდე, ანგარიშის გაზრდა, მხოლოდ 1 ბურთით მოახერხეს. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 0-4 დასრულდა.
ამ გამარჯვების მიუხედავად, კახა ჩხეტიანს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდამდე კიდევ, ბევრი სამუშაოს ჩატარება მოუწევს.
სატურნირო ცხრილი
თამაშების კალენდარი





ჩვენ








