დიდება გმირებს
დიდება გმირებს
08.08.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ მუხათგვერდის სასაფლაოს გზა არ უჩივის გამვლელებს, არის დღე, როდესაც ამ გზაზე ყველა ამომსვლელი მოკრძალებულად და სინანულშერეული სიამაყით ამოდის, რათა პატივი მიაგოს იმ ბიჭებს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ სიცოცხლე გაწირეს.


გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა. დღესაც, ისეთივე სიცხე იყო, როგორც იმ ავბედითი 2008 წლის აგვისტოში. დღესაც, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ტრადიციულად ხალხმრავლობა იყო. მოდიოდნენ, სამხედროები, მთავრობის ხელმძღვანელები, დაღუპულ გმირთა ჭირისუფლები. მუშაობდნენ ჟურნალისტები. სადღაც, მემორიალის შემოსასვლელთან თამაშობდნენ პატარა ბიჭები. ერთი ცოტათი უფროსი იყო, სადღაც 12 წლამდე. თეთრი ხუჭუჭა თმა შუბლზე ჰქონდა ჩამოშლილი და თან მასთან შედარებით პატარებს თვალყურს ადევნებდა და თანაც, თავადაც უნდოდა თამაში. ძმათა სასაფლაოზე კი, ხალხი მიდიოდა და მოდიოდა.




ამ დროს, ერთ-ერთი ტელევიზიის ოპერატორმა დაიძახა, რომ „დინამო თბილისი" მოვიდა. თეთრმა ავტობუსმა, სადა ლურჯი წარწერით „დინამო თბილისი" მუხათგვერდის ეკლესიის პირდაპირ გააჩერა და ავტობუსიდან ერთი მეორეს მიყოლებით, ლურჯ ფორმებში გამოწყობილი დინამოელები ჩამოვიდნენ.


პატარა ბიჭებმა თამაში შეწყვიტეს. აი, უფრო დიდმა, ცოტა ხანი, თეთრ ავტობუსს უყურა და შემდეგ სადღაც გაუჩინარდა. ამასობაში, დინამოელებმა მემორიალი თაიგულით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნას.




ჟურნალისტებმა, „დინამო თბილისის" პრეზიდენტთან, რომან ფიფიასთან ინტერვიუ ჩაწერეს. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ პატივი მივაგოთ ეროვნული გმირების ხსოვნას. ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს ვაჟკაცები არასდროს, არავინ არ დაივიწყოს. მე ასევე მინდა მოვიხსენიო ის უხილავი გმირები, რომელთა სასაფლაოც კი არ არსებობს და საზოგადოებამ მათი სახელიც კი არ იცის. მათ ჩვენს ქვეყანას თავი შესწირეს. დიდება ჩვენს გმირებს, რომელთა გარეშეც ჩვენი ხვალინდელი მომავალი არ შედგებოდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სამშობლო გამთლიანდეს. ამ ადამიანებმა ამ მიზნისთვის ყველაფერი გაიღეს, ახლა კი ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. მადლობა მათ", - განაცხადა, კლუბის პრეზიდენტმა.


ვიდრე, დინამოელი ფეხბურთელები საფლავებს შორის დადიოდნენ, ერთ-ერთ საფლავთან ის ბიჭი, შევნიშნე, თეთრი მაისურით. იდგა საფლავთან და ამაყი სახით ელოდა ლურჯფორმიან სტუმრებს. უყურებდა და უღიმოდა. თეთრ მაისურზე ოქროსფრად ეწერა, მამაჩემი გმირია. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ის ბიჭი, უმცროსი სერჟანტის, რომელიც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის, შმაგი სოფრომაძის შვილი, ზაზა სოფრომაძე არის. იცის, რომ მამა იყო მაღალი და გმირი.




როგორც აგვისტოს ომის მონაწილეები ყვებიან, შმაგი სოფრომაძე, 6 თანამებრძოლთან ერთად ოკუპანტების ტყვეობაში აღმოჩნდა. უმცროს სერჟანტს ჯერ საფლავის გათხრა აყურებინეს, შემდეგ კი, აიძულეს საქართველოს დროშაზე ფეხით შემდგარიყო. უარის შემდეგ, რუსეთის არმიის მებრძოლებმა ის აწამეს და დახვრიტეს.





ეს არის, ერთ-ერთი ისტორია, იმ ომიდან. ზაზა კი, სამშობლოსათვის დაღუპული ერთ-ერთი მებრძოლის შვილი. ამ ომის შემდეგ, რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები 20%-მდე გაიზარდა.



#დიდებაგმირებს

#რუსეთიოკუპანტია