„დინამო თბილისი" (საქართველო) - „ტირანა" (ალბანეთი)
„დინამო თბილისი" (საქართველო) - „ტირანა" (ალბანეთი)
09.08.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე წუთის წინ, უეფა-ს შტაბ-ბინაში  ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი", რომელიც ამ ეტაპზე ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართული კლუბებიდან ერთადერთი განთესილი კლუბია ალბანურ „ტირანას" შეხვდება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, თამაში თბილისში, „დინამო არენაზე" ჩატარდება, თუმცა, მატჩზე გულშემატკივარი არ დაიშვება.


თამაშები 18 და 19 აგვისტოს გაიმართება. გამიმდინარე იქიდან, რომ გათამაშების ფორმატი ერთმატჩიანია, საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი დრო და 11-მეტრიანების სერია. გამარჯვებული გუნდი, მექანიკურად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავა. დამარცხებული კი, ასპარეზობა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს.


ხვალ, გახდება ცნობილი "დინამო თბილისი" 18 აგვისტოს ითამაშებს თუ 19-ში. სავარაუდოდ, ხვალვე დაზუსტდება მასპინძელი ქალაქების საკითხიც. აქვე გეტყვით, რომ ალბანეთში, უცხოეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის 14-დღიანი საკარანტინო წესი მოქმედებს. "დინამო თბილისი" კი, სფფ-სთან და ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად, ყველა ღონეს ხმარობს, რომ ამ შეხვედრას საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლოს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ შესაძლოა თბილისს მასპინძლობის უფლება არ მისცენ, მინიმალურია.


წილისყრამდე ერთი დღით ადრე, უეფა-მ გათამაშების ამ ეტაპისთვის, ქართული კლუბის სავარაუდო მეტოქეთა წრე კიდევ უფრო შეამცირა და ის 4 გუნდამდე დაიყვანა.  მათ შორის იყვნენ ბელორუსული „დინამო ბრესტი", ლატვიური „რიგა", ალბანური „ტირანა" და ჩრდილოეთ მაკედონიის „სილექსი".


მოგეხსენებათ, რომ უეფა-ს ევროპული ტურნირების 2020-21 გათამაშებისას მოქმედებს, კორონა ვირუსის პანდემიის გამო შექმნილი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მასპინძლობის უფლება ენიჭება იმ ქვეყანას, რომელშიც, კონკრეტული მომენტისთვის სტაბილური COVID სიტუაციაა. მიუხედავად ამისა, თამაშების ორგანიზაციისთვის ყველა კლუბი ვალდებულია გაითვალისწინოს, უეფა-ს დანართი 1, რომლის მიხედვითაც, არა მხოლოდ გულშემატკივართა გარეშე არის მატჩების ჩატარება აუცილებელი (ამ ეტაპზე, მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპებზე), არამედ, გუნდის  და დელეგაციის ყველა წევრი, რომელიც თამაშში იქნება ჩართული ვალდებულია კორონა ვირუსზე რამდენიმე ტესტი ჩაიტაროს. მათ შორის უშუალოდ თამაშთან მიახლოებულ თარიღებში.


ანალოგიურ ტესტებს ჩაიტარებენ მსაჯებიც და იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე მათგანს დაუდასტურდა კორონა ვირუსი, მას იმ ქვეყნის მსაჯი ჩაანაცვლებს, სადაც უშუალოდ მატჩი ტარდება.


აქვე გეტყვით, რომ თამაშებზე მედიის დასწრება დაშვებულია შეზღუდული რაოდენობით. დამატებით ინფორმაციას კი, მედიის წარმომადგენლებს უშუალოდ ევრო ტურნირებზე მოასპარეზე კლუბების პრეს-სამსახურები მიაწვდიან.