ყველა ქართული გუნდის მეტოქე ცნობილია
ყველა ქართული გუნდის მეტოქე ცნობილია
10.08.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ნიონში, უეფა-ს შტაბ ბინაში, თბილისის დროით 14:00 და 15:00 უეფა-ს 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისა და ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.


თავდაპირველად, გაირკვა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის დინამო თბილისის" სავარაუდო მეტოქის ვინაობა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. იმ შემთხვევაში, თუკი დინამოელები, ალბანური „ტირანას" ბარიერს გადალახავენ, მომდევნო ეტაპზე, მათ ასევე თბილისში უწევთ მატჩის გამართვა. მათი მეტოქე კი, სერბული „ცრვენა ზვეზდასა" და გიბრალტარის „ევროპას" შორის გამარჯვებული იქნება.


რაც შეეხება ევროპა ლიგის გათამაშებას, მოგეხსენებთ, რომ ამ ტურნირზე წელს, 3 ქართული გუნდი იასპარეზებს - ბათუმის „დინამო", თბილისის „საბურთალო" და „ლოკომოტივი".




დღეს გამართული წილისყრის შემდეგ, გათამაშების ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისის „ლოკომოტივს" უწევს აგვისტოს ბოლოს თბილისში თამაში. დედაქალაქელები, სავარაუდოდ „დინამო არენაზე" რუმინულ „კრაიოვას" შეხვდებიან.


„დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ არ გვქონია რომელიმე კონკრეტული გუნდის მოლოდინი და ყველა პოტენციურ მეტოქეს ერთნაირად ვუდგებოდით. შეგვხვდა ის, ვინც შეგვხვდა. ჩვენი მეტოქის სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ რუმინეთის ჩემპიონატში ეს გუნდი მეორე ადგილზეა. მათ რიგებში თამაშობენ რუმინეთის, ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელები. ჰყავთ საკმაოდ კარგი მეკარე, რომელიც იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.


დღეს, გორის „დილასთან" სერიოზული თამაშისთვის ვემზადებით და ახლა მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებული. ამის შემდეგ, გველის „სამტრედიასთან" დაპირისპირება. ამ თამაშების მერე, ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, ვნახავთ „კრაიოვას" თამაშებს და მაქსიმალური მობილიზებით მოვემზადებით.


ამ მოცემულობაში, სახლში თამაში მე უპირატესობა არ მგონია, რადგან მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. თან, ჩვენს საშინაო არენაზე არ ვთამაშობთ და ჩვენთვისაც ისეთივე მატჩი იქნება ნეიტრალურ მოედანზე, როგორც ჩვენი მეტოქისთვის" - ამბობს ლოკომოტიველთა თავკაცი გია ჭიაბრიშვილმა.


გასვლითი შეხვედრები ექნებათ თბილისის „საბურთალოს" და ბათუმის „დინამოს".




თბილისელები, კვიპროსული ლიმასოლის „აპოლონს" დაუპირისპირდებიან. მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით და წილისყრის შედეგებზე, "საბურთალოს" მთავრმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „კვიპროსის "აპოლონი" ტრადიციული და გამოცდილი კლუბია, რომელიც სისტემატურად თამაშობს ევროტურნირებზე. ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მოვიძიე, არის ის, რომ მეტოქე კლუბში 16 ლეგიონერი ირიცხება. კვიპროსში სეზონი მიმდინარეობდა, თუმცა კორონავირუსის გამო შეწყდა. გუნდებიც იმ პოზიციით გავიდნენ ევროტურნირებზე, რა ადგილიც იმ დროისთვის ეკავათ. "აპოლონი" მეოთხეზე იყო.

 

მართალია, ახალი სეზონი კვიპროსში 22 აგვისტოს იწყება, თუმცა მოწინააღმდეგე სისტემატურად თამაშობს ამხანაგურ მატჩებს. თვალი რომ გადავავლოთ შეხვედრებს, ვნახავთ, რომ 6 მატჩიდან პირველი თამაში წააგეს, შემდეგ კი ყველა მატჩი გამარჯვებით დაასრულეს. რა თქმა უნდა, რთულ მეტოქესთან გვაქვს საქმე, ამავადროულად სტუმრად გვიწევს თამაში, თუმცა ჩემი ფეხბურთელების მეიმედება. ბოლომდე ვიბრძოლებთ, დანარჩენს კი თამაში დაგვანახებს. გადაულახავი ბარიერი არ არსებობს. ერთ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვინც უკეთ მოემზადება, ის გაიმარჯვებს. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.


თუმცა, ევროპა ლიგამდე ჩვენი მთავარი საზრუნავი ეროვნულ ჩემპიონატში ორი უახლოესი მატჩია. სამშაბათს "სამტრედიას" ვეთამაშებით, შემდეგ კი "ჩიხურას". ამ თამაშების შემდეგ, უკვე სრულად ევროტურნირებზე გადავერთვებით. ვისარგებლებ შემთხვევით და ქართულ გუნდებს ევროტურნირებზე წარმატებებს ვუსურვებ".




გასვლაზე ჩაატარებენ ევროტურნირების სასტარტო თამაშს ბათუმელებიც. „დინამო" ისრაელის თასის მფლობელ გუნდს, ბეერ-შევას „ჰაპოელს" დაუპირისპირდებიან.


ასლან ბალაძემ, ბათუმის „დინამოს" სპორტულმა დირექტორმა" უეფაში ჩატარებულ წილისყრასთან დაკავშირებით, შემდეგი კომენტარი გააკეთა:


„წილისყრამ საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგე გვარგუნა. ყველამ ვიცით, რომ ჰაპოელი ისრაელის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ცნობილია, რომ ისრაელის ნაკრებიც და კლუბებიც სწრაფ, ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა საკმაოდ ტექნიკური მოთამაშეებიც ჰყავთ. მეტოქის დეტალური შესწავლის პროცესი წინ გვაქვს. ჰაპოელის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას მოვიპოვებთ და მათ თამაშს გავაანალიზებთ.


რა თქმა უნდა, ჰაპოელს უპირატესობა აქვს, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ საკუთარ მოედანზე ითამაშებს. თანაც, შეცვლილი ფორმატი მხოლოდ ერთმატჩიან დაპირისპირებას გულისხმობს. ჩვენთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი არც ის პერიოდია, როდესაც თამაშის ჩატარება გვიწევს, მაგრამ დინამო ბათუმს ევროტურნირებზე ტრადიციულად რთულ მეტოქეებთან უწევდა თამაში და თავი არასდროს შეურცხვენია. იმედია ახლაც ასე იქნება".


შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის პანდემიის გამო, უეფას, როგორც მიმდინარე ევროტურნირების მსვლელობაში ცვლილებების გაკეთება მოუხდა, ასევე შეცვალა 2020-21 წლების გათამაშების მთელი რიგი საკითხები. უეფა-ს ევროტურნირების საკვალიფიკაციო მატჩები ერთმატჩიანი დაპირისპირებები იქნება და ისინი, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.