
გუშინ და დღეს, 9 და 10 აგვისტოს, საქართველოს ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშება დაიწყო. ახალი სეზონიდან ქალთა ლიგაში მონაწილე გუნდების რიცხვი გაიზარდა და 10-ის ნაცვლად, ახლა 14 გუნდი შეცდება ქვეყნის უძლიერესის ტიტულის მოგებას. ტურნირს ოთხი დებიუტანტი ჰყავს. ესენი არიან „მცხეთა", „თუშეთი", „კვარტალი" და „დინამო სოხუმი".
„დინამო სოხუმი" - „თუშეთი" 8-0 (5-0)
დებიუტანტთაგან, წარმატებული სტარტი მხოლოდ სოხუმის კლუბისთვის აღმოჩნდა. საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა კლუბმა, ადვილად მოახერხა „თუშეთის" დამარცხება. ამ შეხვედრაში, უკვე პირველ ტაიმში, ანგარიში 5-0 იყო დინამოელთა სასარგებლოდ. თუმცა, ამაში წვლილი თუშელებსაც მიუძღვით, რომლებმაც ერთ ტაიმში 2 ავტოგოლის გატანა მოახერხეს.
„კვარტალი" - „ლანჩხუთი" 1-1 (0-0)
ტრადიციულად საინტერესო და დაძაბული გამოდგა მატჩი, მოქმედ ჩემპიონს „ლანჩხუთსა" და ახალ გუნდში გადაბარგებულ, თუმცა ტრადიციულ მოწინააღმდეგე გოგონათა გუნდს შორის, რომელიც ქალთა ლიგის 2020 გათამაშებაში „კვარტალის" სახელით იასპარეზებს. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
„ბათუმი" - „მცხეთა" 14-0 (8-0)
ასპარეზობის პირველ დღეს, ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა მატჩი, ბათუმში, სადაც მასპინძლებმა 14 უპასუხო გოლი გაიტანეს მცხეთის „დიდგორის" კარში. ამ დღეს, ბათუმელთაგან ყველზე შედეგიანი გვანცა დოლიძე იყო. ბათუმელმა ფეხბურთელმა 6 გოლის გატანა შესძლო. კიდევ ერთმა ბათუმელმა, ანა ხავთასმა კი ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.
„ივერია" - „ნიკე" 0-10 (0-6)
თითქმის ახალი შემადგენლობით თამაშობს, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, თბილისის „ნიკე". დედაქალაქელთა გუნდში, თითქმის ყველა მოთამაშე, ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია. შესაბამისად, ამ შემადგენლობის გუნდის მიერ გატანილი 10 გოლიც, ლოგიკურია. სხვათა შორის, დღეს, „ნიკეს" შემადგენლობაში, ტრავმის შემდეგ, პირველი მატჩი გამართა ეროვნული ნაკრების მეკარემ თამარ ნადირაშვილმა.
ამ დღეს, 10 გატანილი გოლიდან 9 ნიკეელებმა გაიტანეს. ერთი კი, ავტოგოლი იყო. „ნიკედან" გოლები ქალთა ეროვნული ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელმა გაიტანა, 7 წუთზე, ანგარიში ნათია სხირტლაძემ გახსნა. მე-9 წუთზე კი ანა პოღოსიანმა ის, ორამდე გაზარდა. დუბლი შეასრულეს ლელა ჭიჭინაძემ ( 23'/73'), თეონა ბაქრაძემ (53'/68') და ანი აკობიძემ (45'/48'). კიდევ ერთი გილი, ასევე ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელის მაიკო ბებიას ანგარიშზეა.
„ზარზმა" - „მართვე" 1-5 (0-2)
მარტივად გაიმარჯვა ახალციხეში ქუთაისის „მართვემაც". ამ გუნდშიც, ტრავმის შემდეგ ითამაშა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლანა გორგაძემ, რომელმაც დაბრუნების შემდეგ, სამი გოლის გატანა მოახერხა.
„კოლხეთი" - „სამეგრელო" 2-0 (1-0)
ხობში, მეგრული დაპირისპირება ადგილობრივ „კოლხეთსა" და „სამეგრელოს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
„გორი იუნაიტედი" - „ნორჩი დინამო" 2-2 (1-1)
გორში, ადგილობრივი „გორი იუნაიტედი" და „ნორჩი დინამო" დაზავდნენ. სხვათა შორის ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სალომე ხუბულურმა, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელის თანაშემწემ, რომელიც შვილის გაჩენის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა აქტიურ ფეხბურთს.
ასპარეზობის მომდევნო ტური 15 და 16 აგვისტოს არის დაგეგმილი.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგა ერთ წრედ გაიმართება. მატჩები მიმდინარე წლის 9 აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.





ჩვენ








