ეროვნულ ლიგას, პირველი წრის შემდეგ, „დინამო თბილისი“ ლიდერობს
ეროვნულ ლიგას, პირველი წრის შემდეგ, „დინამო თბილისი“ ლიდერობს
11.08.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის შემდეგ, სატურნირო ცხრილს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი" ლიდერობს. „დინამო თბილისისთვის" მიმდინარე გათამაშება არც თუ იოლად აეწყო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებს, პირველ წრეში, მხოლოდ ერთი წაგება აქვთ, და ასევე არ ჩავთვლით, იმ ორ შეხვედრას, რომელიც დინამოელებმა კორონა ვირუსის პანდემიის შემდეგ განახლებული ჩემპიონატის საწყის ეტაპზე ჩაატარეს, კახა ჩხეტიანის გუნდი, საკმაოდ მძიმედ მიიწევს წინ. თუმცა, ამ სიმძიმის მიუხედავადაც ჩემპიონი, კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია.


პირველი წრის ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამოელებმა, სტუმრად მერანი 1-2 დაამარცხეს, კახა ჩხეტიანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „მოსამზადებელი პერიოდი ხანმოკლე გამოვიდა. ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, გუნდს ფორმაში სრულფასოვნად შესასვლელად 8-9 მატჩის ჩატარება სჭირდება, ახლა კი, კარანტინმა არ მოგვცა ამის შესაძლებლობა.


პირველი წრე მეტნაკლებად სტაბილური გამოვიდა, ცუდად დავიწყეთ, შემდეგ ხარისხი გავაუმჯობესეთ. ჩემი ფეხბურთელები მაძლევენ იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს წარმატებული სერია გაგრძელდება. ვიცი, რომ მაქსიმალურად ვიშრომებთ და ბოლომდე დავიხარჯებით".


დინამოელებს „დახარჯვა" უკვე ხვალ, მეორე წრის პირველ ტურში, თელავში მოუწევთ, ადგილობრივი „თელავის" წინააღმდეგ. კახელები, დებიუტანტის კვალობაზე, ჩემპიონატს საკმაოდ სტაბილურად ატარებენ და პირველი წრის შემდეგ, 12 ქულით, მე-5 ადგილზე არიან. პირველი წრის ბოლო შეხვედრა, „თელავმა" ქუთაისში „ტორპედოსთან" ფრედ ითამაშა, 1-1.


არ გასჭირვებია გამარჯვება ბათუმის „დინამოს" თბილისში, „ჩიხურას" წინააღმდეგ. გია გეგუჩაძის გუნდმა, მატჩს ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. „ჩიხურა", რომელმაც მთელი ძალები მე-8 ტურის მატჩში, „დინამო თბილისის" წინააღმდეგ ჩადო, როგორ ჩანს, აღდგენა ვერ მოახერხა. გიორგი ბეგაშვილმა კი, რომელმაც ერთ ტურით ადრე, საკუთარი გუნდი, „დინამო არენაზე" რამდენჯერმე 100%-იანი გოლისგან იხსნა, ამჯერად აჭარლებს დანებდა და პირველ ტაიმში 3 გოლი გაუშვა. ამ სამიდან ერთი მას ყოფილმა თანაგუნდელმა, დედაქალაქურ „დინამოში", ჯაბა ჯიღაურმა გაუტანა. „ჯიღამ", მეორე რაიმში დუბლიც გაიფორმა, ბათუმის „დინამომ" კი, 0-4 მოიგო და ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილში, მეორე საფეხურზე.


პირველი წრის ბოლო ტურში დასრულდა გია ნემსაძის გორის „დილას" წაუგებელი მატჩების ციკლი. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს, მხოლოდ ერთი ტაიმი დასჭირდა იმისთვის, რომ დილელთა თამაშისთვის ალღო აეღო და რეალურად, მეორე ტაიმის საწყისი პერიოდიდან ნელ-ნელა სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. თუმცა, საქმე, კარში დარტყმამდე არ მიდიოდა.


„დიდი სხვაობა არ იყო გუნდების თამაშს შორის, თუმცა, ალბათ ჩვენ, ცოტა უკეთესები ვიყავით. იმ მომენტისგან, რომ ვთქვა, გუნდს რაიმე დავატყვე, ჯერ ძალიან შორს ვართ. დღეს, იყო მხოლოდ ის განსხვავება, რომ გავიმარჯვეთ. დანარჩენი, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და შესაცვლელი. ეიფორიაში არ ვვარდები, უბრალოდ, გასახარია, რომ გასვლაზე მოვიპოვეთ, კარგ გუნდთან ეს 3 ქულა", - ამბობს ჭიაბრიშვილი, რომელიც თვლის, რომ კარზე მომდგარი ევროტურნირების წინ ეს გამარჯვება გუნდს, თავდაჯერებას შემატებს.


გორში, გამართულ დაპირისპირებაში, „ლოკომ" მეორე ტაიმში გატანილი, თეიმურაზ შონიას  ერთადერთი გოლით მოიგო, 0-1 და პირველი წრის შემდეგ, სატურნირო ცხრილში,  მე-6 საფეხურზეა.


ამ ტურის და პირველი წრის ბოლო შეხვედრა კი, სამტრედიაში გაიმართა. კახა კაჭარავას გუნდმა, პირველ ტაიმში ანგარიშიც გახსნა და კარიც მშრალად შეინახა. თუმცა, „საბურთალო", რომელსაც რამდენიმე კვირაში, უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩის გამართვა უწევს, ცდილობს თამაშის დალაგებას. ანგარიში კი, ელვინ ტერამ, მეორე ტაიმში გაათანაბრა. თამაშის მიწურულს კი, ამავე ტერას გადაცემის შემდეგ, ცვლილებაზე შემოსულმა 18 წლის გიორგი გულიაშვილმა  „საბურთალო" წინაც გაიყვანა 1-2 და გუნდს, მნიშვნელობანი  სამი ქულა მოუპოვა. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ევროტურნირებისთვის, „საბურთალოს" ისევე, როგორც სხვა ქართულ გუნდებს სამუშაო ბევრი აქვთ.


სატურნირო ცხრილი

კალენდარი