დეჟავიუ, მხოლოდ თელავში
დეჟავიუ, მხოლოდ თელავში
12.08.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრის პირველი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპამდე მატჩი „დინამო თბილისმა" უღიმღამოდ ჩაატარა. თელავში, ადგილობრივი „თელავისა" და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „დინამო თბილისის" შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა განაცხადა, რომ თამაშმა კარგად დაანახა ის შეცდომები, რომელსაც გუნდს უახლოეს ხანში აქვს გამოსასწორებელი.


ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თელავში გამართულ შეხვედრაშიც, ბოლო 2 შეხვედრის მსგავსად მძიმედ მოქმედებდა. ამის ბრალი არც მინდვრის საფარი იყო, რომელიც თვალითაც კი, ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. არც, ის რომ მასპინძლები, „თელავის" ფეხბურთელები თავს არ ზოგავდნენ და ყველა მომენტში იბრძოდნენ მთელი მატჩის მანძილზე და არც ის, რომ კახა ჩხეტიანმა, „თელავის" წინააღმდეგ, წინა თამაშებისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა.




თამაშის დასრულების შემდეგ, თბილისელთა მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე, მას გუნდში ჰყავდა ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აკლდა. მაგალითად, აკაკი შულაიასა და გიორგი გებედავას. ფაქტია, რომ დინამოელები დარწმუნებული იყვნენ თამაშს არ წააგებდნენ, თუმცა, თამაშიდან გამომდინარე, არც სამი ქულის აღებაზე უზრუნიათ ბევრი. ყოველ შემთხვევაში, პირველი ტაიმი ამაზე მეტყველებს, რადგან თბილისელებმა, კარის ჩარჩოს მიმართულებით, რეალურად, მხოლოდ ერთხელ დაარტყეს. ნოდარ ქავთარაძის დარტყმული, ძელს მოხვდა.


თელაველთა საქებად უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმში, მათ კიდევ უფრო მოახერხეს დინამოელთა განეიტრალება და შეიძლება, ითქვას,  ბურთის ფლობის უპირატესობასაც დაეუფლნენ და თბილისელთა კარსაც უფრო თამამად უტევდნენ. რამდენიმე მომენტში, „დინამო" როინ კვასხვაძემ იხსნა. მოქმედ ჩემპიონის თამაშიდან კი, ამ ტაიმში აკაკი შულაიას რამდენიმე გასვლა ფლანგიდან და შეცვლაზე შემოსული გიორგი კუხიანიძის დარტყმა თუ დაგამახსოვრდებოდა.  




შეხვედრა ფრედ,  0-0 დასრულდა. „დინამო თბილისმა" მეორე წრის სტარტზე ისევე დაკარგა ქულები „თელავთან", როგორც ჩემპიონატის დასაწყისში. აღსანიშნავია, რომ ევროტურნირებამდე ეს, ეროვნული ლიგის ბოლო შეხვედრა იყო.


და ბოლოს, კიდევ ერთი დეტალი რაზეც შესაძლოა ბევრი თვლის, რომ არ ღირს ყურადღების გამახვილება, თუმცა, თუკი გვინდა, რომ საქართველოში სპორტული შეჯიბრები ჩატარდეს და მათზე, გულშემატკივარსაც მისცენ დასწრების საშუალება, მაშინ, მოგვწონს თუ არა, ყველა ის რეგულაცია დასაცავია, რასაც ე.წ. „სპორტული პროტოკოლი" კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე ითვალისწინებს.




თერმო-სქრინინგის მიუხედავად, შემდეგ, თელავში, კავკასიონი არენაზე ამ პროტოკოლიდან არანაირი წესი არ ყოფილა დაცული. მხოლოდ გამოცხადება, რომ დასაცავია 2 მეტრიანი დისტანცია, როდესაც სტადიონზე უკვე, ნებადართულ 33%-ზე მეტია შემოსული ცოტა გადაჭარბებულია. აქვე გეტყვით, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო, მე-8 ტურში ბათუმში და  მე-9 ტურის შეხვედრების დროს გორსა და ქუთაისში.