დღეს, დღის ბოლოს ნიკა ნინუა, ბერძნულ „პაოკთან“ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს
დღეს, დღის ბოლოს ნიკა ნინუა, ბერძნულ „პაოკთან“ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს
14.08.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უცხოურ საიტებზე დაყრდნობით ქართული მედიის მკითხაობა, როგორც იქნა დასრულდა. საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" კაპიტანი ნიკა ნინუა, ამიერიდან ბერძნული „პაოკის" ფეხბურთელია. დღეს, 14 აგვისტოს ფეხბურთელი ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ უკვე ოფიციალურად კონტრაქტიც გაფორმდება, რომელიც ამ ეტაპზე 4-წლიანია. სწორედ, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, „პაოკის" ოფიციალური გვერდი, ქართველის გადასვლის შესახებ, ინფორმაციას გამოაქვეყნებს.


ნიკას აგენტს, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ მიაჩნია, რომ ქართველის კარიერა „პაოკში" წარმატებული უნდა იყოს. ალბათ გახსოვთ, რომ ქართველის სატრანსფერო ღირებულება 2020 წლის 4 იანვრისთვის 1 მლნ ევროს შეადგენდა. თუმცა, პანდემიის პარალელურად, ამ თანხამ დაიკლო და ამ ეტაპზე, 6 აგვისტოს მონაცემებით 900 ათასს შეადგენდა.




კლუბებს შორის შეთანხმებაზე, ნინუას მენეჯერ არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ: „ბეშიქთაში", რა თქმა უნდა ძალიან დიდი გუნდია და ამ გუნდში, 21 წლის ფეხბურთელის საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ მოხვედრა, ძალიან დიდი ტრანსფერი იქნებოდა, თუმცა, ეს მოხდა ძალიან არაკომფორტულ დროს, გამომდინარე იმ არასტაბილური და ცოტა ქაოსური მდგომარეობისა, რაც თურქეთის ჩემპიონატში და კონკრეტულად, „ბეშიქთაშში" ამჟამად ხდება. შესაბამისად, ასეთი სიტუაციის გათვალისწინებით, დავიწყე მოლაპარაკება სხვა გუნდებთან და ძალიან მალე გამოჩნდა, ამ ეტაპზე, მე ვიტყოდი, „ბეშიქთაშზე" არანაკლებ საინტერესო, პრესტიჟული და ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა უკეთესი გუნდიც კი, რომელმაც მეტი მონდომება და ენთუზიაზმი გამოიჩინა და ნიკამ ამ გუნდში გადასვლა არჩია", - გვეუბნება ლევან გაბრიჩიძე, ნიკა ნინუას აგენტი.


საინტერესოა, რომ უეფა-ს 2020/ 2021 წლების სეზონზე, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკა ნინუას ახალი გუნდის მეტოქე, სწორედ „ბეშიქთაში" იქნება.




ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ გუნდი, რომელშიც ნიკა გადავიდა, სტამბოლიდან 1926 წელს გადასახლებული ბერძნების მიერ დაარსებული გუნდია. რაც შეეხება „ბეშიქთაშს, კლუბის ოფიციალურ და თურქული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნინუასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე თავის შეკავება, ორი ძირითადი მიზეზით იყო გამოწვეული. პირველი, ის რომ ნიკა ახალგაზრდა ფეხბურთელია, „ბეშიქთაშს" კი, ნიკას პოზიციაზე გამოცდილი, თანაც ევრო სარბიელზე გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდებოდათ. მეორე მიზეზი იყო ის, რომ ფინანსურად თურქულ კლუბს არ ჰქონდა ის ფუფუნება, რომ ეყიდა ფეხბურთელი და თუნდაც, ის მერე სადმე სხვა კლუბში გაენათხოვრებინა და ისე დაკვირვებოდა მის თამაშს. ფაქტია, რომ თურქებს, ნინუაზე საბოლოო უარი არ ჰქონდათ ნათქვამი და სამომავლოდ ამ თემას კიდევ დაუბრუნდებოდნენ, თუმცა, „პაოკში" წასვლის შემდეგ, ბუნებრივია, რომ ამ ეტაპზე, ნინუას თემა თაროზე შემოიდო.


საბერძნეთში გამგზავრებამდე, TSFF.GE, „დინამო თბილისის" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შევხდით ნიკა ნინუას და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოვართვით.


როდესაც იცი, რომ მალე ამ ბაზაზე და „დინამო თბილისში" აღარ ითამაშება, რა გრძნობა გეუფლება?


ძალიან მიჭირს, „დინამო თბილისის" დატოვება. პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ გავიზარდე. ჩემთვის აქ ძალიან კარგი გარემოა - ბიჭები, განწყობა, ატმოსფერო, ვარჯიშის თითოეული დღე ჩემთვის არის ძალიან  მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, გამიჭირდება ამ ყველაფრის დატოვება. ვიცი, რომ ახალ გუნდში, თავის დამკვიდრება რთული იქნება.




შენ ხარ აკადემიის გაზრდილი. როგორ გახსენდება აკადემიაში მისვლა, იმ დინამოს ლოგოთი მაისურის მორგება, იქ ვარჯიში, იმ მწვრთნელების გაცნობა. ბევრისთვის ეს არის ოცნება. როგორ იწყებდი დინამოში?


თავიდანვე დინამოელი ვიყავი. პატარაობაში „ნორჩ დინამოში" ვთამაშობდი. ჩემი მწვრთნელი თამაზ კოსტავა იყო. როდესაც აკადემიაში მომიხდა გადმოსვლა, მიხაროდა, რადგან ის იყო „ნორჩი დინამო", მე კიდევ მოვდიოდი „დინამო თბილისის" აკადემიის მთავარ გუნდში. მოვედი მოტივირებული, მინდოდა მოვხვედრილიყავი პირველ გუნდში და ამ მიზნისთვის U13-დან დაწყებული ყველა გზა გავიარე U19-მდე.




აკადემიის პერიოდში, „დინამოსთან" ერთად, ბევრ ტურნირზე მომიწია გამოსვლა სანქტ პეტერბურგში და უკრაინაში. თუმცა, ვთვლი, რომ  „ვიტალი დარასელიას ტურნირი", მონაწილე გუნდებიდან გამომდინარე, იყო ძალიან საინტერესო და ძლიერი. სამწუხაროდ, იმ ფინალი „ალკმაართან" წავაგეთ. თუმცა, საერთო ჯამში, კარგი გარემო იყო. ვიმედოვნებ, რომ „დარასელიას ტურნირი" სამომავლოდ ჩატარდება და კიდევ უფრო კარგი ტურნირი იქნება.


როდესაც აკადემიიდან ამოვედით დიდ გუნდში, სხვაობა ურთიერთობაში, ის, რომ ჩვენ პატარები ვიყავით და იქ გამოცდილები, არ  გვიგრძნია. პირიქით, მწვრთნელებიდან დაწყებული,  ბიჭებით, ყველა ცდილობდა, რომ თავი კომფორტულად გვეგრძნო.


აკადემიაში, როდესაც „მჭედლოსთან" ერთად იყავი სტუმრად, ბავშვებმა კითხვების კორიანტელი დაგაყარეს. დღეს, როცა ნიკა ნინუა, „დინამოდან" ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში მიდიხარ, რა რჩევებს მისცემდი ამ ბავშვებს?


მიზნად უნდა დაისახონ, რომ მოვიდნენ პირველ გუნდში და აქ მოახერხონ ჯერ ადგილის დამკვიდრება. ეს, არ არის ადვილი იმ კონკურენციის ფონზე, რაც „დინამო თბილისის" პირველ გუნდში გხვდება. აქ უნდა ითამაშონ, „დინამოს" დაეხმარონ, მოიგონ კლუბთან ერთად ტიტულები. შემდეგ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა, „დინამოს აკადემიაში" არიან ისეთი მწვრთნელები, რომლებიც ყველაფერს საუკეთესოს ურჩევენ და როგორც მე მომიყვანეს აქამდე, მათაც ასევე მოიყვანენ ამ გზამდე.


მთავარი გუნდში ყოფნიდან რომელი სეზონი გახსენდება. რით გამოარჩევდი ამ სეზონს?


ყველაზე მეტად, 2019 წლის სეზონი დამამახსოვრდა. იმიტომ არა, რომ ამ წელს, გუნდის კაპიტანი ვიყავი. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემპიონები გავხდით. კარგი სეზონი მქონდა მეც. მანამდეც არ იყო ურიგო სეზონი, როდესაც გუნდში „ჩაკვეტა" იყო, „ლობჟანა", „პაპუნა", ის სეზონიც კარგად მახსენდება. უბრალოდ, მაშინ დავიშალეთ და იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რაც ჩისკოს დროს გავაკეთეთ.




რა მოხდა როტერდამში?


ეს იყო გამოუცდელობის ბრალო. არ გაგვიმართლა, იქ პირველი ტაიმის ბოლოს გოლი გაგვიტანეს, მერე შულაია გაგვიგდეს, შემდგე ეგრევე კობოურმა თავის კარში გაიტანა და... ვფიქრობ, რომ არ გაგვიმართლა. თუ იქ ფრედ, ან თუნდაც მინიმალური ანგარიშით წავაგებდით, აქ ვფიქრობ, გავცდებოდით „ფეიენოორდს". თბილისში, ის ატმოსფერო შეიქმნებოდა, რომელიც ძალიან ბევრ ნიშნავს ჩვენთვის .


ნინუ, იქ გულშემატკივრის ფაქტორსაც ხომ არ ჰქონდა მნიშვნელობა?


არა, ამას არ ჰქონია პირადად ჩემთვის მნიშვნელობა. პირიქით, თამაშზე რაც უფრო მეტი ხალხი მოდის, განწყობა მით უფრო კარგი გაქვს და მოტივაცია. ვთვლი, რომ ეს დადებითი მომენტი იყო.

პირადად ჩემთვის დიდი მოტივაციაა, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ და ამდენი გულშემატკივარი გიყურებს. მითუმეტეს, როცა საქართველოში, ამ ფუფუნებას მოკლებული ხარ და სამწუხაროდ, ამდენი გულშემატკივარი არ დადის სტადიონებზე, არ გამხნევებს. გულშემატკივარი ჩემთვის მოტივაციაა. ჩემი თანაგუნდელებიდან გამომდინარეც, იგივე შემიძლია ვთქვა.



როდესაც ნაკრებში დაგიძახეს, ხომ არ ჩათვალე რომ ნაკრებში ხარ, იმ ეტაპზე მიაღწიე რაც გინდოდა და ცოტა მოდუნდი?


არა მგონია, რომ ამან მომადუნა. ძალიან გამიხარდა, გაფართოებულ სიაში ვიყავი. არც მქონდა ნაკრებთან ერთად ვარჯიში ჩატარებული და არც მერე მითამაშია და არანაირად არ მოუხდენია ზეგავლენა.


როდესაც გაჟონა ინფორმაცია, რომ ნინუ გადადის „ბეშიქთაშში", ქართულმა მედიამ ხომ აიტაცა და აიტაცა. თურქულმა მედიამ ეს აბსოლუტურად სხვა რაკურსით აიტაცა. ორი სიტყვით, გაგატარეს რენტგენში.


ვიცი, სოციალურ ქსელში, სულ ვკითხულობ და ვხედავ, რომ ცუდი არაფერი იწერება. ამ ეტაპზე დადებითად აფასებდნენ ამ ტრანსფერს, უნდოდათ, რომ ჩავსულიყავი და ენახათ. აინტერესებდათ, როგორ ვითამაშებ.




გულშემატკივარი იმავე სოციალურ ქსელში წერდა, რომ საქართველო იმ რეგიონის ქვეყნებს ეკუთვნის, სადაც გუნდებში დისციპლინა მოიკოჭლებს. მაგალითად ჰენრიხ მხითარიანი მოჰყავთ, რომელიც ეტყობა სადღაც, თურქ ქომაგებს „წასწრებული" ჰყავდათ. თურქებს, არც ბერძნები ჩამორჩებიან. ფანების სიტყვა ხშირ შემთხვევაში იქ ამინდს მაგრად ცვლის.


„დინამოში" დისციპლინის საკითხი სხვანაირად დგას, როგორც აკადემიაში, ასევე აქ, მთავარ გუნდში. არც მე მქონია ამასთან რაიმე პრობლემა. ყოველთვის ვიცავ რეჟიმს. როდესაც თავისუფალი დრო გაქვს,  შეგიძლია გამოიყენო როგორც გინდა, მაგრამ სეზონის პერიოდში არაა სწორი, რაიმე არასწორად გააკეთო. ეს, იქიდან გამოდინარე იძახდნენ, რომ შოთის და აჩის მერე, ქართველი ფეხბურთელი სერიოზულ თურქულ კლუბში არ წასულა. საბერძნეთში, ვეცდები დავანახო, რომ ქართველი ხალხი ღირსია ითამაშოს, ევროპის საუკეთესო გუნდებში.


ნიკა, ფეხბურთელები ერიდებიან ხოლმე თავის დადებით ანდა, გამოსასწორებელ მხარეებზე საუბარს. შენი აზრით, ნიკა ნინუამ, რომ გაიზარდოს, რა მიმართულებით უნდა იმუშაოს?


ჩემი დადებითი მხარე არის მოედნის ხედვა, პასი, დარტყმა, ჭკუა. უარყოფითი, არის ის, რომ მარჯვენა ფეხით თამაში ნაკლებად გამომდის. ალბათ, ახალ ჩემპიონატში მომიწევს  ფიზიკურად მუშაობა და გამძლეობა.




მოდი ისევ, „დინამოს" დავუბრუნდეთ. ხარ გუნდის წამყვანი ფეხბურთელი. ახლა, როდესაც მიდიხარ, იმ პოზიციაზე, სადაც „კიტეს" მერე, სიმართლე ვთქვათ და დიდხანს მოგვიხდა კაცის პოვნა, შენ ვინ წარმოგიდგენია, რომ სათანადოდ ჩაგანაცვლებს?


რა ვიცი ბევრი ახალგაზრდა არის გუნდში. მაგალითად, მექვაბიშვილი, კარგი დებიუტი ჰქონდა „საბურთალოსთან". ვთვლი, რომ კარგია, კუცია, რომელმაც პირველი საჯარიმო გაიტანა. გადავულოცე ჯარიმები კუციას პირველივე კარგი გამოუვიდა, ჩემს პოზიციაზეც შეუძლია თამაში და წინაც. რა თქმა უნდა პაპავა. თუმცა, მოდის ეს მექვაბიშვილი და მჯერა გაამართლებს და ჩამანაცვლებს ღირსეულად.


„დინამო თბილისიდან" ისეთ დროს გიხდება წასვლა, როდესაც გუნდს მალე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თამაში უწევს...


„დინამოს", ვუსურვებდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას, რასაც ძალიან დიდი ხანია ვოცნებობთ. კიდევ, ყოველ წელს ქვეყნის ჩემპიონობას. დიდი მადლობა მიდან გადავუხადო „დინამო თბილისის" ხელმძრვანელობას, მინდვრის მუშიდან დაწყებული, კლუბის პრეზიდენტით, რომან ფიფიათი დამთავრებული, რომელთა გარეშეც მე ფეხბურთელად გაზრდა გამიჭირდებოდა.

მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც გვერდში გვედგა ბათუმში, ქუთაისში, მარტვილშიც კი, თასის თამაშის დროს, ჩვენს გვერდით იყვნენ ბოლომდე. ამ საჩემპიონო სეზონში, მათ დიდი დამსახურება აქვთ. მაშინ, როდესაც, თამაშს ვაგებდით, გვხდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ მარცხის მიუხედავად ჩვენ, ეს შეგვეძლო.





***

 „პაოკის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდმა 13 აგვისტოს, 12 დღით ადრე, ოფიციალური თამაშების დაწყებამდე სრულფასოვანი შეკრება განაახლა. ნიკა ნინუა ამ ეტაპზე სავარჯიშო პროცესში, ჯერ არ ჩართულა.